რომაული ფორუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რომაული ფორუმი

რომაული ფორუმი – (ლათ. Forum Romanum), ფორუმი ანტიკური რომის არქიტექტურული ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა. ასე ეწოდებოდა ქალაქის მოედანს, რომელსაც უკვე რომის რესპუბლიკის ხანაში არქიტექტურულად გაფორმებული მხატვრული სახე ჰქონდა. რომის ხუროთმოძღერების სხვა მონაპოვრებთან ერთად, ფორუმი ქალაქთმშენებლობის ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქმნილებაა.

სიტყვა „ფორუმი“ საბაზრო მოედანს აღნიშნავდა. რომში რამდენიმე მოედანი იყო, მათგან მთავარს ეწოდებოდა „ფორუმი“ ყოველგვარი ეპითეტის გარეშე. დროთა განმავლობაში მას ეწოდა „Forum Romanum" ანუ რომაული ფორუმი. იგი მდებარეობდა პალატინის ბორცვის გასწვრივ და ემიჯნებოდა კაპიტოლიუმის ბორცვს. თანდათან ამ ადგილიდან ბაზარი გადაიტანეს ქალაქის სხვა ნაწილში და ფორუმი გადაიქცა საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრად. აქ იგებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო, საკულტო და საერო დანიშნულების შენობები. ფორუმზე თავს იყრიდა დედაქალაქის საზოგადოებრივი ცხოვრება მთელი თავისი მრავალფეროვნებით, იგებოდა ქალაქის მფარველ ღვთაებათა ტაძრები, რომელთა წინ სრულდებოდა რელიგიური რიტუალები. ფორუმი ქალაქის პოლიტიკური ცენტრიც იყო. აქ იკრიბებოდა სახალხო კრება, ხალხის წინაშე გამოდიოდნენ ცნობილი სახელმწიფო მოღვაწეები და ორატორები. აქვე ინახებოდა სახელმწიფო ხაზინა, ჩქეფდა დედაქალაქის სავაჭრო ცხოვრება. ადრეულ ხანაში დღესასწაულების დროს ფორუმზე გლადიატორთა ბრძოლები ტარდებოდა. ასეთი მრავალმხრივი დანიშნულება ქმნიდა ფორუმის არქიტექტურული სახის თავისებურებას. ფორუმზე თავს იყრიდა სხვადასხვა სახისა და დანიშნულების ნაგებობები.

მაქსენციუსის ბაზილიკის ნაშთები

სარჩევი

არქიტექტურა
ვესტას ტაძარი

ფორუმის ნაგებობათა შორის პირველ რიგში უნდა დავასახელოთ ბაზილიკები. თავისი დანიშნულებით ეს იყო საერო ნაგებობები, განკუთვნილი სავაჭრო გარიგებებისა და მართლმსაჯულების წარმოებისათვის. ბაზილიკა თავისი არქიტექტურული ფორმებით – დაგრძელებული გეგმით, სვეტების მწკრივებით – ძველ ბერძნულ შენობებს ბაძავდა. არსებობს მოსაზრება, რომ რომაული ბაზილიკა საწყისს იღებს ძველი ათენის სამეფო სტოადან, სახელწოდებაც აქედან წარმოდგება (basileus ბერძნულად მეფეს ნიშნავს). ბაზილიკები გამოიყენებოდა მთავრობის დადგენილებათა საჯაროდ გამოსაცხადებლად. ეს იყო თავისებური ბირჟა, საქმიანი შეხვედრების ადგილი; აქ იკრიბებოდნენ რომაელები ახალი ამბების გასაგებად. ფორუმზე იგებოდა კურიები – სენატის სხდომებისათვის განკუთვნილი შენობები. აქვე იყო უამრავი პატარა სავაჭრო ტაბერნები. თანდათან შეიქმნა ფორუმის გარშემო სვეტებიანი პორტიკების აგების ტრადიცია.

რეგია

რომის ფორუმის არქიტექტურული სახე ყალიბდებოდა ხანგრძლივი დროის მანძილზე, ყოველ ეპოქას შეჰქონდა თავისი შესწორებები მის მხატვრულ-არქიტექტურულ სახეში. ამიტომაა, რომ ადრეული რომის ფორუმი საკმაოდ უსწორო გეგმარებისაა და რესპუბლიკურ ხანაში ჯერ კიდევ არ შეიძლება ლაპარაკი ფორუმის დასრულებულ მხატვრულ სახეზე.

კურია-იულია, რეკონსტრუქცია
რომის ფორუმის არსებობა ძვ. წ. VI საუკუნიდან არის დადასტურებული. უძველეს ტაძრებს შორის აღსანიშნავია ვესტას ტაძარი, რომლის წინ სრულდებოდა რელიგიური ცერემონიალი. აქვე იდგა მეფის სასახლე – რეგია (Regia – ლათინურად მეფეს ნიშნავს), შემდეგ აიგო კურია (სენატის სხდომათა დარბაზი). აქ აიგო კონკორდის ტაძარი, შემდეგ სატურნის ტაძარი, სადაც ინახებოდა რომის ხაზინა.
კონკორდის ტაძარი, რეკონსტრუქცია

დროთა განმავლობაში მთავარი ფორუმის სავაჭრო ფუნქცია სხვა, უფრო მცირე ზომის მოედნებმა გაინაწილეს. შეიქმნა საგანგებო სავაჭრო მოედნები: ბოსტნეულით (Forum Holitorium), ხარებით (Forum Boarium) და თევზით ვაჭრობისათვის (Forum Piscarium). დღესდღეობით ამ ფორუმთაგან ცოტა რამ შემორჩა: იონური სწორკუთხა ტაძარი, რომელიც ადრე ბედისწერის ქალღმერთის ფორტუნას ტაძრად იყო მიჩნეული, ახლა კი, ახალი მონაცემების საფუძველზე, ღვთაება პორტუნისის ტაძრად არის აღიარებული. ქალღმერთ ვესტას მრგვალი კორინთული ტაძარი, რომელიც ახლადაღმოჩენილი წარწერის მიხედვით მიჩნეულია ზეითუნის ზეთის ვაჭართა მფარველი ღვთაების ჰერაკლე ოლივარიუსის ტაძრად. ეს რომის ერთი უძველეს მარმარილოს ტაძართაგანია.

ტაბულარიუმი

ფორუმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაგებობა იყო კაპიტოლიუმის ბორცვის კალთაზე აღმართული სახელმწიფო არქივის შენობა – ტაბულარიუმი. ორსართულიანი ნაგებობის პირველი სართული ღია გალერეას წარმოადგენდა, მეორე სართულის ფასადი შემკული იყო თაღების სისტემით – ტაბულარიუმში პირველად გადაწყდა მრავალსართულიანი სახლის ფასადის პრობლემა.

იულიუს კეისირის ფორუმი

რომი განსაკუთრებით იზრდებოდა და მშვენდებოდა იულიუს კეისრის დროს (ძვ. წ. I ს.); მისი ზრუნვა ფორუმსაც შეეხო. კეისრის ბრძანებით ფორუმზე დაიწყო ბაზილიკისა და კურიის მშენებლობა. რომაული ბაზილიკა სწორკუთხა დაგრძელებული შენობაა ხის ნივნივებიანი გადახურვით. ბაზილიკის შიდა სივრცე სვეტების რიგებით იყო დანაწევრებული. იულიუსმა წამოიწყო ფორუმის დიდი რეკონსტრუქცია. მის დროს დაიწყო იულიუსის ბაზილიკის მშენებლობა, აიგო საგანგებო ტრიბუნები ორატორებისათვის – როსტრები, რომელთაც ამკობდნენ დამარცხებულ მტერთა გემების ქიმები. იულიუს კეისრის დროიდან იღებს სათავეს ფორუმზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო დაწესებულებების თავშეყრის ტრადიცია.

იზრდებოდა რომი და თანდათან ჩნდებოდა ფორუმის გაფართოების აუცილებლობა, რადგან ძველი ფორუმი თავისი მასშტაბებით შეუფერებელი ხდებოდა ახალი საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის. გვიანრესპუბლიკურ და ადრეული იმპერიის პერიოდში, ძველი და ახალი წელთაღრიცხვების შესაყარზე, რომი დიდი და მჭიდროდ დასახლებული ქალაქი იყო. აი, ასე აღწერდა რომს ახ. წ. I საუკუნის სახელგანთქმული საზოგადო მოღვაწე და ფილოსოფოსი სენეკა: „გახედე უამრავ მოსახლეობას, რომელიც ძლივს ეტევა ამ უზარმაზარი ქალაქის შენობებში; ამ ხალხის უმეტესობას არ გააჩნია სამშობლო, ისინი აქ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან არიან თავმოყრილნი. ერთნი აქ მოიყვანა პატივმოყვარეობამ, მეორენი – სახელმწიფო საქმეებმა, მესამენი – მათზე დაკისრებულმა დიპლომატიურმა დავალებებმა, მეოთხენი – ფუფუნებამ, რომელიც განსაკუთრებულად ხელსაყრელ ადგილს საჭიროებს, მეხუთენი – განათლების წყურვილმა, მეექვსენი – სანახაობებმა, მეშვიდენი – მეგობრობამ, მერვენი – თავაზიანობამ, რომელსაც ფართო სამოქმედო ასპარეზი სჭირდება. მთელი ეს ხალხი მოემართება ამ ქალაქისაკენ, სადაც კარგად ფასობს როგორც სათნოება, ისე ბიწიერება“. მიახლოებითი მონაცემებით ახ. წ. II საუკუნისათვის რომის მოსახლეობა ერთ მილიონს აღემატებოდა.

იულიუს კეისარმა დაიწყო ძველი ფორუმის გაფართოება (ძვ. წ. 54-46 წწ.) ამისთვის მან კვირინალის ბორცვის ძირას ბრძანა ახალი დიდი მოედნის გაშენება, რომელსაც კეისრის ფორუმი ეწოდა. ამ ფორუმზე აღიმართა ვენერას ტაძარი, მის აგებას პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან იულიუსთა დინასტია, რომლის წარმომადგენელი იყო გაიუს იულიუს კეისარი, თავის ერთ-ერთ წინაპრად მიიჩნევდა რომაელთა მთავარი ღმერთის იუპიტერის ქალიშვილს, ქალღმერთ ვენერას. ასეთი ღვთაებრივი ნათესაობა იულიუს კეისარს დასჭირდა იმისათვის, რათა ეჩვენებინა რომაელთათვის თავისი ღვთაებრივი წარმომავლობა და გაემართლებინა ძალაუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდება, რესპუბლიკური მმართველობის მოსპობა. ამ ტაძრისგან მხოლოდ სამი სვეტიღაა დარჩენილი. ფორუმის მრავალრიცხოვანი ფუნქციიდან ამიერიდან მხოლოდ ერთი დარჩა – მმართველის განდიდება. სახალხო თავშეყრის მოედნიდან ფორუმი საიმპერატორო ძალაუფლების დიდების განსახიერებად იქცა.

კეისრის ფორუმმა დასაბამი მისცა საიმპერატორო ფორუმების არქიტექტურული ანსამბლის ჩამოყალიბებას. აქ უკვე გამოჩნდა ის ძირითადი ნიშნები, რომლებიც საფუძვლად დაედება მომავალ ფორუმთა გეგმარებას – ზუსტად გააზრებული გეომეტრიული განაწილება და სიმეტრიის პრინციპი.

ძვ. წ. 44 წლის 15 მარტს იულიუს კეისარი მოკლეს შეთქმულებმა. მის ფორუმზე აგიზგიზდა სამგლოვიარო კოცონი. შემდგომში ამ ადგილას ოქტავიანე ავგუსტუსმა ააგო ღვთაებრივი იულიუსის ტაძარი. ამ ნაგებობისგანაც მხოლოდ კვარცხლბეკია შემორჩენილი.

იმპერატორ ოქტავიანე ავგუსტუსის ფორუმი

იმპერატორი ავგუსტუსი (ძე. წ. 31 წ. - ახ.წ. 14 წ.) აგრძელებს რომაული ფორუმის აღდგენა-მშენებლობას. იულიუსის ფორუმის ჩრდილოეთის მხრიდან დაიწყო ავგუსტუსის ფორუმის მშენებლობა. უნდა ითქვას, რომ ყოველი შემდგომი იმპერატორი ცდილობდა საკუთარი ფორუმი უფრო ბრწყინვალე და დიდებული აეგო, ვიდრე ეს მის წინამორბედს ჰქონდა. რომის იმპერატორების უსასრულო დამპყრობლური ომების შედეგად მოპოვებული ფანტასტიკური სიმდიდრე, პროვინციების ძარცვით მიღებული განძეულობა ხმარდებოდა დედაქალაქის გაზრდა-განაშენიანებას. მთავარი ყურადღება ფორუმზე იყო გადატანილი, როგორც საიმპერატორო ძალაუფლების ყველაზე ნათელ განსახიერებაზე. ისინი არ არღვევდნენ ტრადიციას და ამიტომ არის, რომ რომის საიმპერატორო ფორუმები ერთ ადგილას არის თავმოყრილი და ერთმანეთთან მჭიდროდ მიჯრილი. ძველი რომის შუაგულში განლაგებული ფორუმები ნათელ წარმოდგენას გვაძლევს რომაული არქიტექტურის ამ დამახასიათებელი ანსამბლების ისტორიულ ევოლუციაზე.

სრულიად შეიცვალა ფორუმის ხასიათი. რესპუბლიკური ფორუმის დინამიკური, ცხოველხატული გეგმარება შეცვალა კვადრატთან დაახლოებული მოედნის შენობათა მწყობრმა, სიმეტრიულმა განაწილებამ. მაღალი კედელი გამოყოფდა ფორუმს ქალაქისაგან. იგი გადაიქცა ქალაქის პარადულ ცენტრად. მასზე ვაჭრობა აიკრძალა. გაიზარდა მიდრეკილება შემკულობისაკენ. ფორუმის კედლები შიდა მხრიდან მოაპირკეთეს ნაირფერი მარმარილოს ფილებით. არქიტექტორები განიხილავდნენ ფორუმის დიდ სივრცეს, როგორც გრანდიოზულ ინტერიერს, რომელსაც საგანგებო შემკობა სჭირდება, ფორუმის კედელი იმკობოდა მასთან მიდგმული მარმარილოს ნახევარსვეტების მწკრივით, მათი ფერადოვნება აცოცხლებდა გარემოს და საზეიმო ხასიათს ანიჭებდა მოედანს. ფორუმს ამკობდა რომაული ისტორიის გამოჩენილ მოღვაწეთა ქანდაკებები, რომელთა შორის გამოირჩეოდა რომის ლეგენდარული დამაარსებლის რომულუსის ქანდაკება. აქვე იდგა ათენის ერეხთეიონის კარიატიდების ასლები. ნიშებში დადგმული პორტრეტული ქანდაკებების პოსტამენტებზე წარწერები იყო გაკეთებული. ფორუმზე იყო აგრეთვე ავგუსტუსის თოთხმეტმეტრიანი კოლოსალური ქანდაკება. იგი იმპერატორის სიკვდილის შემდეგ აღიმართა. ავგუსტუსის ფორუმი ხალხისთვის ძვ. წ. 2 წ. გაიხსნა, თუმცა მისი მშენებლობა წლების მანძილზე გრძელდებოდა და საბოლოო სახე უფრო მოგვიანებით მიიღო.

ავგუსტუსის ფორუმის ცენტრში იდგა მარს ულტორის (შურისმგებელი მარსის) თეთრი მარმარილოს ტაძარი. იგი აკურთხეს ახ. წ.2 წელს. ომის ღმერთის ეს ტაძარი რომის ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ შენობად ითვლებოდა. კორინთული სვეტებით შემკული მისი ფასადი 35 მეტრის სიმაღლეს აღწევდა. მარსის ტაძრიდან დარჩა მხოლოდ ფრაგმენტები: სამი მარმარილოს სვეტი არქიტრავის ნაწილით, კედლისა და კიბის ნაწილი. თუმცა ტაძარი დანგრეულია, მისი აღდგენა შესაძლებელია ანტიკური რელიეფის მიხედვით, რომელზეც გამოსახული იყო ტაძრის ფასადი. ეს რელიეფი ოდესღაც ამკობდა ავგუსტეს საკურთხეველს, შემდეგ კი ფრაგმენტი ჩააშენეს მედიჩების ვილის კედლის წყობაში. ამ რელიეფის მიხედვით შეიძლება აღვადგინოთ რომაული ტაძრის არქიტექტურული ფორმები. ტაძარი მაღალ კვარცხლბეკზე შედგმული სწორკუთხა ნაგებობა იყო, ფართო კიბით, რომლის ზედა ბაქანზე რვა კორინთული სვეტი იყო განლაგებული. ფრონტონებზე იდგა მარსის შუბოსანი ქანდაკება ვენერასა და ფორტუნას შორის და რომულის ქანდაკება რომასა და ტიბრის განსახიერებასთან ერთად. ტაძარში მდიდარი საგანძური ინახებოდა. საბერძნეთიდან ჩამოტანილი ხელოვნების ნაწარმოებებთან ერთად აქ ინახებოდა რომაელთა სამხედრო ტროფეები, სახელმწიფო რელიკვიები – საბრძოლო შტანდარტები (დროშები).

ავგუსტუსის ფორუმი უკვე ჩამოყალიბებულ ფორმას იღებს. ტაძარი აღმართულია მოედნის სიღრმეში, ფორუმის უკანა კედელთან. გვერდითი კედლები ქმნის სიმეტრიულ ნახევარწრეებს და მოედანს დასრულებულ სახეს აძლევს. ფორუმს გარს ერტყა მაღალი კედელი (36 მეტრი სიმაღლისა). გვერდითი კედლების ნიშებში იდგა გამოჩენილ რომაელ მხედართმთავართა და მოღვაწეთა ბრინჯაოსა და მარმარილოს ქანდაკებები. მოედანი ფერადი მარმარილოს ფილებით იყო მოკირწყლული.

ავგუსტუსი განაგრძობდა მშენებლობას „ფორუმ რომანუმზე“. მისი ბრძანებით აღდგენილ იქნა ტყუპი ღმერთების – კასტორისა და პოლიდევკეს ძველი ტაძარი. ამ ღმერთებს დიოსკურები ერქვათ და ტაძარსაც, შესაბამისად, დიოსკურების ტაძარი ეწოდებოდა. ტაძარში ინახებოდა მდიდარ რომაელთა ქონება; მის გვერდით მდებარეობდა საზომ-საწონთა პალატა. ტაძრის კვარცხლბეკი გამოიყენებოდა ტრიბუნად ორატორებისათვის. ამ ტაძრიდან დღეს მხოლოდ სამი დახვეწილი კორინთული სვეტი დარჩა (თითოეული 12,5 მ სიმაღლისა).

ავგუსტუსის სამშენებლო მოღვაწეობა საგანგებო ყურადღებას მოითხოვს, აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ რომის იმპერიის დამაარსებლის ეს საქმიანობა მისი მემკვიდრეებისთვის მისაბაძად იყო მიჩნეული და დედაქალაქის აღმშენებლობა, მის ხუროთმოძღვრულ სახეზე ზრუნვა იმპერატორთა ერთ-ერთ უმთავრეს დამსახურებად აღიარეს. რომი ავგუსტუსის დროს განსაკუთრებით იზრდება და მშვენდება. ერთ-ერთი ისტორიკოსი აღნიშნავდა, რომ ავგუსტუსმა შეიძლება ღირსეულად იამაყოს იმით, რომ მემკვიდრეობით მიიღო აგურის რომი და დატოვა მარმარილოს ქალაქი. ცნობილი რომაელი ისტორიკოსი სვეტონიუსი დაწვრილებით ჩამოთვლის ავგუსტუსის ზრუნვითა და მცდელობით შესრულებულ სამშენებლო სამუშაოებს, იძლევა იმპერატორის ბრძანებით აგებულ შენობათა გრძელ ნუსხას. მოვიტანთ სვეტონიუსის თხრობის იმ ნაწილს, სადაც საუბარია ფორუმთან დაკავშირებულ საქმიანობაზე: „… მან ააგო ბევრი საზოგადოებრივი შენობა; მათგან უმთავრესია – ფორუმი, შურისმგებელი მარსის ტაძრით, აპოლონის ტაძარი პალატინზე, მეხისმტყორცნელი იუპიტერის ტაძარი კაპიტოლიუმზე. ფორუმის აგება მან დაიწყო, როდესაც დაინახა, რომ ხალხის მასებისათვის და მრავალი სასამართლო საქმეებისათვის არ არის საკმარისი ორი მოედანი და აუცილებელია მესამე; ამიტომაც დააჩქარა მან ამ ფორუმის გახსნა ისე, რომ არ დაელოდა მარსის ტაძრის დასრულებას. ეს ადგილი მან მიუჩინა სისხლის სამართლის საქმეთა გარჩევას და მსაჯულთა ასარჩევ კენჭისყრას“. ამას გარდა, სვეტონიუსს მოჰყავს გრძელი სია იმ ნაგებობისა, რომელნიც აიგო ავგუსტუსის დროს და დაწვრილებით აღნიშნავს თითოეული მათგანის დანიშნულებასა და ღირსებებს. საინტერესოა, რომ ამ ნაგებობათა შორის მოხსენებულია პალატინზე აგებული აპოლონის ტაძარი, რომელსაც მიუშენეს პორტიკები ლათინური და ბერძნული ბიბლიოთეკებისათვის.

იმპერატორ ავგუსტუსის ეპოქა რომაული არქიტექტურის განსაკუთრებული აყვავების ხანაა. იმპერატორი იყო ინიციატორი და სულისჩამდგმელი გრანდიოზული სამშენებლო საქმიანობისა. ამ საქმეში მას პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებდა. კოლოსალური მშენებლობა რომის იმპერიის ძლიერების განსახიერებად უნდა ქცეულიყო.

რომაული ხუროთმოძღვრების მაღალ დონეზე მხოლოდ ძეგლები როდი მიანიშნებდა. რომში არსებობდა მაღალგანვითარებული არქიტექტურული აზროვნება, რომლის ბრწყინვალე წარმომადგენელია რომაელი არქიტექტორი და ინჟინერი ვიტრუვიუსი (ძვ.წ. I ს. II ნახ.). მისი თეორიული ტრაქტატი „ათი წიგნი არქიტექტურის შესახებ“ განაზოგადებს რომაულ ხუროთმოძღვრულ პრაქტიკას და ამომწურავად პასუხობს სამშენებლო ხელოვნების ყველა საკითხს. საუკუნეთა მანძილზე მივიწყებული უნიკალური თეორიული ნაშრომი თავიდან აღმოაჩინა რენესანისის ცნობილმა იტალიელმა მოღვაწემ, ჰუმანისტმა პოჯო ბრაჩოლინომ. იგი ვიტრუვიუსის ტრაქტატს წააწყდა სენ გალენის მონასტრის ბიბლიოთეკაში. მას მერე თაობები ეცნობიან ანტიკურ ხუროთმოძღვრებას დიდი თეორეტიკოსის ნაშრომით. „ათი წიგნის“ ერთ-ერთი თავში (V) განხილულია რომაული საზოგადოებრივი ნაგებობანი – ბაზილიკები, კურიები, თეატრები, აბანოები, პალესტრები, ნავსადგურები. განსაკუთრებული ადგილი ეთმობა მოედნების (ფორუმების) განხილვას. ქალაქთმშენებლობას ვიტრუვიუსის ტრაქტატში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ფორუმი განხილულია, როგორც ქალაქის მაორგანიზებელი ცენტრი, რომელშიც თავს იყრის მთავარი მაგისტრალები. საინტერესოა ვიტრუვიუსის მოსაზრებები ფორუმის მასშტაბების შესახებ, ქალაქთან მისი შეფარდების შესახებ: „ფორუმის ზომები უნდა შეეფარდებოდეს ხალხის რაოდენობას; მოედანი არ უნდა იყოს პატარა, პრაქტიკული მიზნებიდან გამომდინარე, მაგრამ არც უკაცრიელი არ უნდა ჩანდეს ხალხის სიმცირის გამო".

ფორუმები ქალაქ რომის ცენტრალური ნაწილის მნიშვნელოვან არქიტექტურულ ანსამბლს წარმოადგენდა. აქეთკენ მოემართებოდა მთავარი საქალაქო არტერიები, მთავარი ქუჩები: ვია ფლამინია, ვია ნომენტანა, ვია ტიბურტინა, ვია პრენესტინა, ოსტიისა და პორტის ქუჩები. ფორუმის მთავარი შესასვლელები სატრიუმფო თაღებით იყო აქცენტირებული, მათ ხაზი უნდა გაესვათ ფორუმის დიდებულებისათვის და მნიშვნელობისათვის. რომაელ მწერლებთან ვხვდებით იმპერატორთა ტრიუმფების ხატოვან აღწერებს. ლაშქრობიდან დაბრუნებული იმპერატორები დიდი ზეიმით შემოდიოდნენ ქალაქში, მდიდარი ნადავლი მოჰქონდათ ხალხის დასანახად, რათა ეჩვენებინათ იმპერატორის ყოვლისშემძლეობა. საზეიმო მსვლელობები ხანდახან რამდენიმე დღის განმავლობაში არ წყდებოდა. პლუტარქეს აღწერილი აქვს ერთი საიმპერატორო ტრიუმფი, რომელიც სამ დღეს გრძელდებოდა. სამი დღის განმავლობაში მოჰქონდათ სამეფო საგანძურში შორეულ ქვეყნებში ნაძარცვი ძვირფასეულობა. მწერალი ჩამოთვლის ნადავლის რაოდენობას: 750 ყუთი ვერცხლის მხატვრული ნაკეთობები, ოქროს ნივთებით სავსე 78 ყუთი, აღმოსავლური ქსოვილებითა და ძვირფასი ნივთებით სავსე მრავალი საპალნე და განძი, რომელიც რომაული ლაშქრობის ძლიერებას ადასტურებდა. ამ საზეიმო მსვლელობათა მარმარილოს თავისებურ დეკორაციას ქმნიდნენ რომის ფორუმები და დიდებული სატრიუმფო თაღები, რომელთა რელიეფურ დეკორში ხშირად ასახული იყო რომის არმიის ძლიერების მიმანიშნებელი ეპიზოდები. ამგვარად, რომაული ხუროთმოძღვრება აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ ცხოვრებაში და საკუთარი ხერხებით ემსახურებოდა იმპერატორის ძალაუფლების განმტკიცებას. არქიტექტურა, ქანდაკება – ხელოვნების ყველა დარგი ჩაყენებული იყო იმპერატორის სამსახურში.

იმპერატორ ვესპასიანეს ფორუმი

ფორუმების მშენებლობის შემდეგი ეტაპი დაკავშირებულია იმპერატორ ვესპასიანეს სახელთან (69-79 წწ.). ვესპასიანეს ფორუმს მშვიდობის ფორუმიც ეწოდებოდა; იგი აიგო იუდეველთა ომში გამარჯვების უკვდავსაყოფად (არქიტექტორ რაბირიუსის პროექტით), აგრეთვე იერუსალიმიდან ჩამოტანილი ტროფეებისა და საბერძნეთიდან გამოზიდული ხელოენების ნიმუშთა მოსათავსებლად.

ვესპასიანეს ფორუმი გეგმაში თითქმის კვადრატს წარმოადგენდა (115X125 მ.). მოედნის შუაგულში გაშენებული იყო ბაღი, რომლის სიმწვანეში ცხოველხატულად იყო განთავსებული მრავალრიცხოვანი ქანდაკებები. მოედნის სიღრმეში აღმართეს მშვიდობის ქალღმერთის ტაძარი, გვერდებზე – ბიბლიოთეკების შენობები. ამ დიდი და საზეიმო მოედნიდან აღარაფერი შემორჩა. იგი დარჩა მხოლოდ თანამედროვეთა აღწერებში: „სულ მოკლე დროში დასრულდა მშენებლობა, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ვესპასიანემ მასზე დახარჯა უამრავი სახსრები, რის შესაძლებლობასაც კი აძლევდა საკუთარი ხაზინა და თავის წინამორბედთა დანატოვარი. მან შეამკო მშვიდობის ქალღმერთის ტაძარი ფერწერისა და ქანდაკების ბრწყინვალე ნაწარმოებებით. ტაძარში შეკრებილი და დადგმულია ყველაფერი, თუკი არსებობს რაიმე, რისთვისაც ადამიანები მოგზაურობდნენ მთელს ქვეყანაზე, რათა ეხილათ ეს საოცრებანი. ვესპასიანემ ბრძანა მოეტანათ და დაეცვათ აქ იერუსალიმის ტაძრიდან წამოღებული ძვირფასეულობა და ჭურჭელი, რადგან ისინი მისთვის მეტად ძვირფასი იყო (საუბარია იუდეგელთა ომის დროს წამოღებული ტროფეების შესახებ). ვესპასიანეს ფორუმიდან გადარჩა მხოლოდ ერთერთი ბიბლიოთეკის ნაწილი, ჩაშენებული კოსმა და დამიანეს ადრექრისტიანული ტაძრის ნაგებობაში.

სიკვდილის შემდეგ სხვა იმპერატორთა მსგავსად გაღმერთებულ ვესპასიანეს, ფორუმზე აუგეს მარმარილოს ტაძარი, რომლის სამი კუთხის სვეტი და მდიდრული ორნამენტით შემკული ანტაბლემენტის ნაწილილა დარჩა ამ იმპერატორის ფორუმის მოგონებად.

იმპერატორ ტიტუს ფლავიუსის ფორუმი

ვესპასიანეს მემკვიდრე იმპერატორი ტიტუს ფლავიუსი (79-81წწ.), თავისი ხანმოკლე მმართველობის მიუხედავად, ერთ-ერთ საუკეთესო მმართველად იყო აღიარებული. გადმოცემით, მას დაკარგულად მიაჩნდა დღე, თუ კი ერთ კეთილ საქმეს მაინც არ გააკეთებდა. ისტორიაში დარჩა ლეგენდად ქცეული მისი სიტყვები: „მეგობრებო, მე დავკარგე დღე!“

ტიტუსის გარდაცვალების შემდეგ, 81 წ. პალატინის ბორცვის ძირას აღმართეს სატრიუმფო თალი იუდეველთა ომში მისი გამარჯვების აღსანიშნავად. თაღის ზედა დამაგვირგვინებელ ნაწილზე წარწერაა: „სენატი და რომაელი ხალხი ღვთაებრივ ტიტუს ვესპასიანეს, ღვთაებრივი ვესპასიანეს ძეს“.

ეს არის მძლავრ ბურჯებზე დაყრდნობილი ერთმალიანი თაღი, რომელიც არქიტექტურული ფორმების სისავსით და მასიურობით გამორჩევა. მისი პროპორციები კვადრატს უახლოვდება, რაც თაღს განსაკუთრებულ სიმყარესა და დიდებულებას ანიჭებს. შორიდან თაღი აღიქმებოდა, როგორც მძლავრი მონუმენტური კვარცხლბეკი საბრძოლო ეტლზე ამხედრებული იმპერატორის ქანდაკებისათვის. თაღის სიმაღლე ოცი მეტრია, მაგრამ იგი გაცილებით მონუმენტურ შთაბეჭდილებას ტოვებს, რადგან ზუსტად არის მიგნებული სრულყოფილი პროპორციები. ფართო და ძლიერია მზიდავი ბურჯები, რომლებიც კუთხეში კორინთული ნახევარსვეტებით არის შემკული. მაღალი ატიკი (4,5 მ. სიმაღლისა) – დამაგვირგვინებელი ვერტიკალური კედელი, რომელზეც წარწერაა მოთავსებული, პილასტრებით არის დანაწევრებული.

მარმარილოს სატრიუმფო თაღი ჭარბად არის შემკული პლასტიკური დეკორით. მრავალრიცხოვანი რელიეფური სამკაული დახვეწილობითა და მაღალი ოსტატობით გამოირჩევა. ყველაფერი ემსახურება საზეიმო განწყობილების შექმნას. თაღის კუთხეებში გამარჯვების ქალღმერთის ვიქტორიას ორი რელიეფური ფიგურაა. ორნამენტით მდიდრულად არის შემკული ჰორიზონტალური ფრიზი და კარნიზი, თაღის მალს ფასადზე ორნამენტული ზოლი დაუყვება (არქივოლტი).

განსაკუთრებულად არის შემკული თაღის შიდა ზედაპირი. კედლები შემოსაზღვრულია პილასტრებით, რომელთა შორისაც თაღის მალის ზედა ვერტიკალურ სიბრტყეზე ორი რელიეფური კომპოზიცია არის მოთავსებული. ეს რელიეფები ჩანს თაღში გავლის დროს და ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს რელიეფის შესრულების ოსტატობითა და გადმოცემულ სცენათა რეალისტური ძალით. ორივე რელიეფური სცენა ეძღვნება იმპერატორ ტიტუსის სატრიუმფო შესვლას რომში იურუსალიმის აღების შემდეგ. ჩრდილოეთის მხარეს გამოსახული იყო გამარჯვებული იმპერატორი, რომელიც ოთხცხენშებმული ეტლით (კვადრიგით), ამალის თანხლებით, საზეიმოდ შედის დედაქალაქში. საპირისპირო კედელზე გამოსახულია საომარი ნადავლის – იერუსალიმის ტაძრის საღვთისმსახურო ნივთების დედაქალაქში შეტანის სცენა. ამ რელიეფზე ვხედავთ ტყვეების წამოყვანას; ზუსტად არის გადმოცემული ტროფეები: საკურთხეველი, შეიდსანთლიანი წმინდა შანდალი.

კომპოზიციები საკმაოდ მაღალი რელიეფით არის შესრულებული. მოქანდაკე შესანიშნავად ფლობს პლასტიკური ფორმების დამუშავების ოსტატობას. მშვენივრად არის გადმოცემული ადამიანთა ფიგურები, ზუსტად არის ნაჩვენები ეპოქის დამახასიათებელი ჩაცმულობა, თმის ვარცხნილობა. მძლავრად და ოსტატურად ნაძერწი ცხენების ფიგურები თავისუფლად მოძრაობენ სივრცეში. ამ ფრიზულად გაშლილ სცენებში მიღწეულია არაჩვეულებრივი ერთიანობა და ბუნებრიობა. ტიტუსის თაღის რელიეფები რომაული ისტორიული რელიეფის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია.

რელიეფის ზემოთ მძლავრად გამოწეული კარნიზია, კომპოზიციის ღრმად ჩაჭრილ ფონთან ერთად, იგი ხელს უწყობს რეალური სივრცის ილუზიის შექმნას. თაღის შიდა ზედაპირი დაფარულია ჭარბად შემკული კასეტების წყობით, რაც თაღს ხაზგასმულად სადღესასწაულო, მდიდრულ იერს ანიჭებს. ტიტუსის თაღი, თავისი კლასიკური ფორმებით, არქიტექტურისა და ქანდაკების ჰარმონიული თანხმიანობით იქცა იმ ნიმუშად, რომელსაც დიდი ხნის მანძილზე ბაძავდნენ რომაელი ხუროთმოძღვრები.

იმპერატორ დომიციანეს ფორუმი

შემდეგში ფორუმს შეემატა იმპერატორ დომიციანეს (81-96წწ.) ფორუმი, რომელიც მისმა მემკვიდრემ ნერვამ დაასრულა. იგი უკანასკნელის სახელით არის ცნობილი. ნერვას ფორუმი შექმნა არქიტექტორმა რაბირიუსმა. ამ ფორუმმა გააერთიანა ავგუსტესა და ვესპასიანეს ფორუმები. ამის გამო, მას გასასვლელ ფორუმსაც უწოდებდნენ. ნერვას ფორუმი ზომით ჩამოუვარდებოდა სხვა იმპერატორთა ფორუმებს, მაგრამ გამოირჩეოდა სკულპტურული სამკაულის სიმდიდრით. ეს იყო სვეტებით შემოსაზღვრული დაგრძელებული მოედანი (I2X45 მ), რომლის სიღრმეში იდგა ქალღმერთ მინერვას ტაძარი. დღეისათვის შემონახულია ფორუმის გარშემო აღმართული კედლის ნაწილი, მის წინ მდგომი ორი სვეტი. ამჟამად ეს სვეტები ნახევარზე მეტად მიწით არის დაფარული (მათი თავდაპირველი სიმაღლე იყო 18 მ.), მაგრამ დარჩენილი ნაწილების მიხედვითაც კარგად შეიძლება წარმოვიდგინოთ, რა დიდი ყურადღება ექცეოდა არქიტექტურული ნაწილების რელიეფებით შემკობას: ფრიზი დაფარულია ფიგურული კომპოზიციებით, კედლის ზედა ნაწილში (ატიკი) მოთავსებულია მინერვას რელიეფური გამოსახულება.

იმპერატორ ტრაიანეს ფორუმი

ყველაზე სახელმგანთქმული და გრანდიოზული იყო იმპერატორ ტრაიანეს ფორუმი (97-1 17 წწ.). იგი იყო უკანასკნელი საიმპერატორო ფორუმთა შორის. ტრაიანეს მმართვლობა რომის იმპერიის განსაკუთრებული ავყვავებით აღინიშნა. მის დროს ბევრი რამ გაკეთდა ქვეყნის კეთილდღეობის განსამტკიცებლად. მან დიდი გულუხეობით გასცა დახმარებები ღარიბ მოქალაქეებისათვის, არ იშურებდა სახსრებს გართობა-ზეიმებისათვის. ცნობილია, რომ ერთ-ერთი გამარჯვების აღსანიშნავი დღესასწაული (123 დღეს გრძელდებოდა. ტრაიანე დიდი პოპულარობით სარგებლობდა მოსახლეობის თითქმის ყველა ფენაში, სენატორებმა იგი საუკეთესო იმპერატორად აღიარეს. მას სიცოცხლეშივე მიანიჭეს ტიტული „ოპტიმუს“ (საუკეთესო). შემუშავდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ახალი იმპერატორის არჩევის დროს სენატი მას უსურვებდა ყოფილიყო ავგუსტუსზე ბედნიერი და ტრაიანეზე უკეთესი.

ტრაიანემ მნიშვნელოვანი კვალი დააჩნია რომის არქიტექტურულ სახეს. მშენებლობის ფართოდ გაშლას ხელი შეუწყო იმ გარემოებამაც, რომ ტრაიანეს დროს რომში მოღვაწეობდა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ხუროთმოძღვარი აპოლოდორ დამასკელი – უნიჭიერესი შემოქმედი, რომელმაც პროფესიული განათლება აღმოსავლეთში მიიღო.

აპოლოდორ დამასკელის უდიდესი დამსახურებაა რომის ყველაზე დიდებული და ბრწყინვალე ფორუმის – ტრაიანეს ფორუმის აგება. მშენებლობა 107-113 წლებში მიმდინარეობდა. ფორუმის ტერიტორიის სიგრძე 200 მეტრს უდრიდა, შესასვლელში აღიმართა სატრიუმფო თაღი. მისი ფასადი შემკული იყო ექვსი სვეტით. კვადრატული მოედანი სამი მხრიდან კოლონადით იყო შემოფარგლული. მოედნის შუაგულში იდგა იმპერატორის მოოქრული ბრინჯაოს ცხენოსანი ქანდაკება. გვერდითი ორმაგი სვეტების უკან აგებული იყო ორსართულიანი ნახევარწრიული ნაგებობები (ექსედრები), ასევე სვეტებით შემოსაზღვრული. მოედნის სიღრმეში, მისი ღერძის პერპენდიკულარულად იდგა გრანდიოზული ულპიუსის ბაზილიკა. მის უკან იყო პატარა, მოედანი, რომლის ცენტრში აღიმართა ტრაიანეს გამარჯვების სვეტი. სვეტის გვერდებზე სიმეტრიულად განალგებული იყო ბერძნული და ლათინური ბიბლიოთეკების შენობები, ფორუმის სიღრმეში მდებარეობდა მოედანი, სადაც ტრაიანეს სიკვდილის შემდეგ ააგეს მისი ტაძარი. სამწუხაროდ, რომაული არქიტექტურის ეს დიდებული ანსამბლი ჩვენს დრომდე ძალზე დაზიანებული მოვიდა. დღეისათვის დგას მხოლოდ ტრაიანეს სვეტი და ულპიუსის ბაზილიკის ნაშთები. ამ ფორუმის ნაწილთა აღდგენა შეიძლება თანამედროვეთა აღწერებისა და სამონეტო გამოსახულებების მიხედვით. ერთ-ერთ რომაულ მონეტაზე გამოსახულია ტრაიანეს სატრიუმფო თაღი, რომელზეც კარგად მოჩანს ფასადის დამუშავების ხასიათი – ექვსი სვეტით დანაწევრებული სიბრტყეები და თაღის დამაგვირგვინებელი სკულპტურული ჯგუფი ტრიუმფატორის კვადრაგით ცენტრში. გარდა ამისა, რომის ერთ-ერთმა ანტიკურმა გემამ შემოგვინახა ულპიუსის ბაზილიკის გეგმა. მასზე შეიძლება გავარჩიოთ მოკლე გვერდებზე განლაგებული ნახევარწრიული აბსიდები და ორმაგი კოლონადით დაყოფილი შიდა სივრცე.

ტრაიანეს ფორუმი უკანასკნელი რომაული ფორუმია. იგი, ერთი მხრივ, აგრძელებს ფორუმების შემუშავებულ ტრადიციას, მეორე მხრივ, კი ავლენს სივრცის გადაწყვეტისადმი ახალ მიდგომას. ამ ფორუმის ნაწილთა ურთიერთკავშირი გაცილებით უფრო რთულად იყო გადაწყვეტილი, ვიდრე ყველა მის წინამორბედ ფორუმში, სადაც ხუროთმოძღვარი ფორუმის სივრცეს წყვეტდა როგორც ტაძრის წინ, ან მის გარშემო არსებულ მოედანს.

აპოლოდორ დამასკელისთვის ფორუმი წარმოადგენდა სხვადასხვა ხასიათისა და დანიშნულების შენობებისა და მოედნების მწყობრ სისტემას, რომელსაც საფუძვლად ედო სიმეტრიისა და პროპორციული შეფარდებების კანონი. სატრიუმფო თაღი, ბაზილიკა, ტაძარი, ექსედრები, ბიბლიოთეკები, მონუმენტური ქანდაკება და ბოლოს სატრიუმფო სვეტი. ასეთი იყო ხუროთმოძღვრის გენიალური ჩანაფიქრით გაერთიანებული არქიტექტურულ თემათა მარვალგვარობა. ყველა სხვა ფორუმზე მეტად აქ წინ იყო წამოწეული იმპერატორის ტრიუმფის იდეა. მას ეძღვნებოდა ყველაფერი სატრიუმფო თაღიდან მოყოლებული, ტრაიანეს სვეტით დამთავრებული. ასეთი ხასიათი ფორუმმა მიიღო იმპერატორის ძალაუფლების ზრდასთან ერთად. თუ ადრეულ ფორუმებზე არქიტექტურულ ანსამბლში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ტაძარი, დროთა განმავლობაში იგი ბაზილიკამ შეცვალა. იმპერატორის უსაზღვრო ძალაუფლება თითქოს მეტოქეობას უწევდა ღმერთებს, იმპერატორის კულტი თანდათან მეტოქეობას უწევდა ღვთაებათა კულტს.

საგანგებოდ უნდა გამოვყოთ აპოლოდორ დამასკელის მიერ პირველად შემოღებული და განხორციელებული არქიტექტურული თემა –– გამარჯვების მონუმენტური სვეტი. ეს იყო არქიტექტურულ-სკულპტურული ნაწარმოების სრულიად ახალი ტიპი, რომელიც შეიქმნა როგორც საიმპერატორო ძალაუფლების განდიდების ახალი ფორმა.

ტრაიანეს სვეტმა კარგად გაუძლო ჟამთა სიავეს და ჩვენს დრომდე თითქმის დაუზიანებლად მოაღწია. ოცდათხუთმეტ მეტრამდე სიმაღლის მარმარილოს სვეტი დგას ხუთი მეტრის სიმაღლის კვადრატულ კვარცხლბეკზე. პოსტამენტში გაჭრილი კარის თავზე წარწერაა: „სენატმა და რომაელმა ხალხმა (აღუმართა ეს სვეტი) იმპერატორ კეისარ ნერვა ტრაიანე ავგუსტუსს, ღვთაებრივი ნერვას ძეს… მამულის მამას…“. ტექსტში აღნიშნულია აგრეთვე, რომ სვეტის სიმაღლე მიანიშნებს, თუ რა სიმაღლის ბორცვი იყო გადათხრილი ამ ნაგებობებისთვის (ფორუმისათვის) ადგილის გამოსათავისუფლებლად. სვეტი აგებული იყო 1,5 მეტრის სიმაღლის მარმარილოს ცილინდრებისაგან. პოსტამენტის შესასვლელთან სვეტის შიგნით იწყებოდა ხვეული კიბე, რომლის 185 საფეხური მიემართებოდა სვეტის ზედა ნაწილში მოთავსებული ბაქნისაკენ.

სვეტი დასრულებული იყო დორიული კაპიტელით, რომელსაც ეყრდნობოდა პოსტამენტი არწივის ქანდაკებისათვის, რომელიც აგვირგვინებდა თავდაპირველად სვეტს. ტრაიანეს გარდაცვალების შემდეგ (117 წ) სვეტის კვარცხლბეკში დაასვენეს ოქროს ურნა მისი ფერფლით, და არწივის ქანდაკება იმპერატორის სკულპტურული ფიგურით შეცვალეს. გამარჯვების სვეტი იმპერატორის მავზოლიუმად იქცა. XVI საუკუნეში ტრაიანეს ქანდაკება წმ. პეტრეს ქანდაკებით შეცვალეს.

ტრაიანეს სვეტის მთავარი ღირსშესანიშნაობაა რელიეფური ზოლი, რომელიც სპირალურად ეხვევა მის ტანს და მთლიანად ფარავს სვეტს ბაზისიდან სვეტისთავამდე. მისი სიგრძე 200 მეტრია. სიუჟეტის შერჩევა შემთხვევითი როდი იყო. დაკების სამეფოს წინააღმდეგ ბრძოლა ტრაიანეს საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ეპიზოდია. დაკების ტომები მოსახლობდნენ დუნაის სანაპიროებზე (დღევანდელი რუმინეთის ტერიტორია). ტრაიანემ მათ წინააღმდეგ წარმატებით ჩაატარა ორი კამპანია (101-103 წწ. და 105-106 წწ.). ამ ომებში გამარჯვების აღსანიშნავად ტრაიანემ თავის ტიტულებს დაუმატა კიდევ ერთი – „დაკიელი“.

ტრაიანეს სვეტის რელიეფებზე, როგორც წიგნის ფურცლებზე იშლება დაკებთან ბრძოლის ეპიზოდები. უდიდესი კეთილსინდისიერებითა და გულმოდგინებით არის მოთხრობილი ამ დიდი სამხედრო კამპანიის ისტორია: ციხეების ალყა, ცხენოსანთა შეტაკებები (სარმატებთან ბრძოლის ეპიზოდები), სამხედრო ბანაკების ხედები, საფორტიფიკაციო ნაგებობები, დუნაის გადალახვა, ციხე-სიმაგრეთა აღება. უდიდესი სიზუსტით არის გადმოცემული ისტორიული რეალიები, ჩაცმულობა, იარაღი, სხვადასხვა ეთნიკური ტიპები, ნაგებობათა მრავალგვარობა, სადაც დაცულია ყოველი შენობის არქიტექტურული სახე. სწორედ აქ არის შემონახული აპოლოდორ დამასკელის დიდი ხიდის გამოსახულება, იგი ჩართულია ერთ-ერთ ეპიზოდში და ქმნის ფონს მრავალფიგურიანი ჯგუფისათვის, რელიეფზე შესანიშნავად არის გადმოცემული ხიდის ფორმა, მისი კონსტრუქცია (თუმცა არ არის ზუსტად გადმოცემული ბურჯების რაოდენობა, რადგან ეს კომპოზიციის მწყობრ აგებულებას დაარღვევდა. შთამბეჭდავია რომაელ ლეგიონერთა ჯგუფები. ყოველი რომაელი თითქმის პორტრეტული სიზუსტით არის დახასიათებული. გასაოცარია კოსტიუმთა, საომარი აღჭურვილობისა და სამხედრო ატრიბუტების (დროშაკები, შტანდარტები) გადმოცემის ოსტატობა. დიდებული და მეტყველია იმპერატორის ფიგურა, რომელიც ჩართულია ცალკეულ ეპიზოდში. საბრძოლო ეპიზოდების გადმოცემისას დაცულია ისტორიული სიმართლე. ამასთან, ხაზგასმულია რომაული სამხედრო ძალის უძლეველობა, იმპერატორის ყოვლისშემძლეობა. ტრაიანეს სვეტის რელიეფები რომაული ისტორიული რელიეფის ბრწყინვალე ნიმუშია. გასათვალისწინებელია ერთი გარემოებაც – სვეტის რელიეფები ერთნაირი გულმოდგინებითა და ვირტუოზული ოსტატობითაა შესრულებული სვეტის მთელ სიმაღლეზე, მიუხედავად იმისა, რომ მაღლა აზიდულ სვეტზე ზედა ნაწილებში განლაგებული რელიეფები თვალისთვის პრაქტიკულად მიუწვდომელია. რომაული მოქანდაკისათვის იმდენად მნიშვნელოვანი იყო ისტორიული სიმართლე, რეალისტური პრინციპი გამოსახულებისა, რომ ნებისმიერ დონეზე იგი თავისი პრინციპების ერთგული რჩებოდა.

ცნობილია, რომ ფორუმი მოქმედებდა V საუკუნემდე. ამის დადგენა მოხერხდა იქ აღმოჩენილი წარწერების საშუალებით.

რომაული ფორუმების დიდებულ ნაშთებს არაერთი ადამიანის აღტაცება გამოუწვევია. მათ შორის, ვინც აღფრთოვანებული სტრიქონები უძღვნა ტრაიანეს სვეტს, იყო დიდი ფრანგი მწერალი სტენდალი: „ტრაიანეს სვეტის ბარელიეფები მე მიმაჩნია ისტორიული სტილის სრულყოფილ ნიმუშად; აქ არაფერია დახვეწილი, მაგრამ ვერ ნახავთ დაუმთავრებელს. სხეულის ნაკვთები აქ თითქმის ისევე გრანდიოზულად არის გადმოცემული, როგორც ფიდიასთან; ეს არის რომაელთა მიერ დატოვებული ყველაზე დასრულებული ავტოპორტრეტი. ადრე თუ გვიან რომის ყველა ისტორიაში დაბეჭდავენ ამ სამხედრო გმირობათა გრავიურებს.“

III საუკუნისთვის თანდათან მცირდება რომაულ ფორუმთა მნიშვნელობა დედაქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები