ფიდიასი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფიდიასი – (ბერძ. Φειδίας), ძველი ბერძენი მოქანდაკე, მხატვარი და არქიტექტორი. დაიბადა ათენში, ძვ.წ. 500-480 წლებს შორის. მისი პირველი მასწავლებელი მოქანდაკე ეგესიასი იყო, შემდეგ კი იგი აგელადესის მოწაფე ხდება (ბერძნული ტრადიციის მიხედვით, ასევე მისი მოწაფეები იყვნენ მირონიცა და პოლიკლეტოსიც). აგელადესის სახელოსნოში ფიდიასი თანაბრად ეუფლებოდა როგორც ბრინჯაოს ჩამოსხმის, ისე მარმარილოს გამოთლის ტექნიკას.
ათენის აკროპოლისის გეგმა

სარჩევი

შემოქმედება

ფიდიანის უამრავ ნამუშევართაგან ჩვენამდე მხოლოდ უძნიშვნელო ნაწილმა მოაღწია, მაგრამ ეს მცირედიც კი საკმარისია მისი გენიალურობის შესაგრძნობად.

ათენის აკროპოლისი

როგორც ცნობილია, იგი უშუალოდ ხელმძღვანელობდა ათენის აკროპოლისის მშენებლობას, მაგრამ მისი მისია მხოლოდ ამით როდი შემოიფარგლებოდა. ამ დიდ მოქანდაკეს ეკუთვნოდა ათენის აკროპოლისის მხატვრული გაფორმებაც: აქ იდგა ფიდიასის მიერ შექმნილი რამდენიმე ქანდაკება და, რაც მთავარია, მის ხელს ეკუთვნის პართენონის სკულპტურები და რელიეფები.

ფიდიასი, პართენონის მეტოპა, ძვ.წ. 447-443 წ

რა თქმა უნდა, მარტო ფიდიასი ვერ შეძლებდა ამ დიდი სამუშაოს შესრულებას. მეცნიერებმა დეტალურად შეისწავლეს და გააანალიზეს ფრონტონების, მეტოპებისა და ფრიზის გამოსახულებანი და მივიდნენ დასკვნამდე, რომ პართენონის სკულპტურულ შემკულობაზე ფიდიასთან ერთად მუშაობდნენ სხვა ოსტატებიც, მისი მოწაფეები, რომელთაც საკუთარი, ინდივიდუალური ხელწერა ჰქონდათ. ზოგი მათგანის სახელიც ცნობილია: ალკამენესი, აგორაკრიტოსი, კალიმაქოსი. მეცნიერთა აზრით, ფიდიასს ეკუთვნის პართენონის სკულპტურული ანსამბლის საერთო კომპოზიციის ჩანაფიქრი. გარდა ამისა, გამოთქმულია მოსაზრება, რომ იგი წინასწარ ქმნიდა სამუშაო ნახატებს, ასევე, თიხისაგან აკეთებდა მოდელებს, რომლის მიხედვითაც ქვაზე უკვე დანარჩენი ოსტატები მუშაობდნენ. რაღა თქმა უნდა, მარმარილოსაგან გამოკვეთილ ფიგურათა გარკვეული ნაწილი უშუალოდ ამ დიდი მოქანდაკის ხელს ეკუთვნოდა. როგორც უნდა იყოს, პართენონის სკულპტურა ფიდიასის გენიალური ნამუშევარია, რომელიც დაახლოებით 16 წლის განმავლობაში იქმნებოდა. ჯერ კიდევ ტაძრის მშენებლობისას ძვ.წ. 447-443 წლებში შეიქმნა მეტოპები, ძვ.წ. 442-438 წლებში − ფრიზის გამოსახულებანი, ხოლო სულ ბოლოს, ძვ.წ. 432 წლისათვის დასრულდა ფრონტონთა კომპოზიციები.

ფიდიასი. პართენონის მეტოპა. ძვ.წ. 447-443 წწ

პართენონის ყოველი სკულპტურული კომპოზიცია თემატურად ატიკის მფარველ ქალღმერთთან, ათენასთან იყო დაკავშირებული. ფრონტონებზე გამოსახული იყო ორი სცენა ქალღმერთის ცხოვრებიდან: ათენას დაბადება მეხთამტყორცნელი ზევსის თავიდან ოლიმპოს მთაზე (აღმოსავლეთ ფრონტონი) და ათენასა და პოსეიდონის დავა ატიკისათვის (დასავლეთ ფრონტონი). ტაძრის ფრიზზე წარმოდგენილი იყო ქალღმერთისადმი მიძღვნილი ათენელთა ყველაზე დიდი დღესასწაული „პანათენაია“; და ბოლოს, ასევე ათენასთან, როგორც ომის ქალღმერთთან, იყო დაკავშირებული მეტოპებზე გამოსახული ბრძოლის სცენები, ტაძრის ოთხივე მხარეს სხვადასხვა შინაარსისა: აღმოსავლეთით - ღმერთებისა და გიგანტების ბრძოლა, ჩრდილოეთით – აქაველთა და ტროელთა ბრძოლა, დასავლეთით - ათენელთა და ამაძონელ ქალთა ბრძოლა, სამხრეთით – კენტავრებისა და ლაპითების ბრძოლა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველაზე ადრე (ძვ.წ. 447-443 წწ.) მეტოპების რელიეფები შეიქმნა.

ფიდიასი. პართენონის მეტოპა. ძვ.წ. 447-443 წწ

პართენონის მეტოპები, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ჯერ კიდევ ტაძრის მშენებლობის პერიოდში სახელოსნოში იქმნებოდა და შემდეგ ჩაიდგა თავის ადგილზე, ტრიგლიფებს შორის. ჩვენამდე სამხრეთის ფასადის სულ 17-მა მეტოპამ მოაღწია, რომლებზეც კენტავრებისა და ლაპითების ბრძოლაა ასახული.

მეტოპები ერთი გარკვეული პრინციპითაა შექმნილი: კვადრატულ ფილაზე, სადა ფონზე მაღალი რელიეფით წარმოდგენილია ორფიგურიანი ბრძოლის სცენები. ეს პრინციპი განუხრელადაა დაცული და მით უფრო გასაოცარია, როშ ამგვარი შეზღუდვის მიუხედავად, ოსტატი ახერხებს თავი დააღწიოს ერთფეროვნებას და ყოველი სცენა კომპოზიციურად თავისებური გახადოს. ამას იგი ორფიგურიან კომპოზიციებში მოტივებისა და ფიგურათა მოძრაობის მრავალფეროვნების ხარჯე აღწევს: ერთგან ძლიერ ჭაბუკს კენტავრისათვის ყელში უტაცია ხელი და სადაცაა გაგუდავს, მეორეგან გამარჯეემელი კენტავრი შმაგად როკავს დამარცხებულის ცხედართან, მესამეგან ორთაბრძოლისას ფიგურები მჭიდროდ გადაჭდობიან ერთიმეორეს და ა.შ. არც ერთი მოძრაობა არ მეორდება, მაგრამ კომპოზიციის აგების პრინციპი ყველგან ერთია: ფონი სადაა და მასზე არ გამოისახება გარემო, ფილის ზედაპირიდან მაღლა ამოზიდული ორი ფიგურა ისეა განლაგებული თითქმის კვადრატულ არეზე, რომ ფონის საკმაოდ დიდი ნაწილი თავისუფალი რჩება, რის გამოც თითოეული ფიგურა მკაფიოდ იკითხება. გარდა ამისა, ფიგურათა განლაგება მეტოპას კვადრატულ ფორმაში უზადოდ ეწერება, ზუსტად შეესაბამება მას და საბოლოოდ შეკრული, დასრულებული კომპოზიცია იქმნება.

ფიდიასი. პართენონის ფრიზი. ფრაგმენტი. ძვ. წ. 442-438 წწ

ფიდიასის ერთ-ერთი შედევრი, პართენონის ფრიზი გარს უვლის მთელ შენობას 160 მ-ის სიგრძეზე. ის ყველაზე უკეთაა შემორჩენილი. თუ მეტოპების ძირითადი თემა ბრძოლა იყო, ფრიზზე მშვიდობის მოტივია ასახული, თუმცა ისიც, რაღა თქმა უნდა, შინაარსობრივად ათენასთანაა დაკავშირებული.

ტრადიციისამებრ ათენში ოთხ წელიწადში ერთხელ, შუა ზაფხულში ეწყობოდა ქალღმერთ ათენასადმი მიძღვნილი დღესასწაული ე.წ. „პანათენაია“. სპორტული და მუსიკალური შეჯიბრებებისა და თეატრალური წარმოდგენების შემდგომ ქალაქის ცენტრიდან აკროპოლისისაკენ დიდი სადღესასწაულო პროცესია მიემართებოდა, რომელშიც ქალაქის მთელი მოსახლეობა იღებდა მონაწილეობას და რომლის დროსაც ათენელ ქალწულებს ქალღმერთისათვის ძღვნად მიჰქონდათ საკუთარი ხელით მოქსოვილი ულამაზესი მოსასხამი – პეპლოსი. იგი თავდაპირველად იმ გემის მოდელის ანძაზე ეკიდა აფრასავით, რომელიც სადღესასწაულო პროცესიის თავში იყო მოქცეული, შემდგომ კი, როდესაც პროცესია აკროპოლისის შესასვლელს მიუახლოვდებოდა, პეპლოსს ანძიდან ხსნიდნენ და დიდი პატივის ნიშნად უკვე ხელით მიჰქონდათ. ზეიმი აკროპოლისზე დიდი ნადიმით სრულდებოდა. სწორედ „პანათენაიას“ ეს დიდი სადღესასწაულო მსვლელობაა ასახული პართენონის ფრიზის რელიეფებზე.

ფიდიასი. პართენონის ფრიზი. ფრაგმენტი. ძვ. წ. 442-438 წწ

კომპოზიცია ტაძრის სამხრეთ-დასავლეთ კუთხიდან იწყება, ერთი ნაკადი მიემართება დასავლეთის ფასადის გასწვრივ და შემდეგ. ჩრდილოეთით გადადის, მეორე კი სამხრეთის კედელს მიუყვება. აღმოსავლეთის ფასადზე ორივე ნაკადი ერთმანეთს ხვდება და წრეც იკვრება. სწორედ აქ, აღმოსავლეთის ფასადზეა წარმოდგენილი დღესასწაულის მთავარი მომენტი - ათენას ტაძრის მთავარი ქურუმისათვის პეპლოსის გადაცემის სცენა, რომელსაც ღმერთებიც ესწრებიან. თუ აქ ჩვენ მსვლელობის უკანასკნელ მომენტს ვხედავთ, საპირისპირო, დასავლეთის ფასადზე. პროცესიისათვის მზადებაა ასახული, სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადებზე კი – თავად პროცესია.

ფრიზის დათვალიერებისას ცხადი ხდება, თუ რა დაუშრეტელი ფანტაზიის პატრონი ქმნიდა მას. 160 მ-ის სიგრძეზე არ მეორდება არც ერთი ფიგურა, პოზა და მოძრაობა, არადა ფრიზზე 365 ადამიანისა და 227 ცხოველის გამოსახულებაა აღნუსხული.

ფიდიასი. პართენონის აღმოსავლეთი ფრონტონი. დიონისე (ან კეფალოსი). დაახლ. ძვ.წ. 432 წ.

პართენონის სკულპტურულ ანსამბლს აგვირგვინებდა ფრონტონების კომპოზიციები. თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ აქ წარმოდგენილი ფიგურები, ფაქტობრივად მრგვალი ქანდაკების ნიმუშებია, რომლებიც ფრონტონის შეღრმავებულ არეებში იდგა და მათ სიმყარისათვის უკანა კედელზე საგანგებოდ ამაგრებდნენ. გარდა ამისა, ისინი ოდნავ წინ იყო გადმოხრილი, რათა: სიმაღლეზე მოთავსებულნი მნახველისათვის კარგად აღსაქმელი ყოფილიყო. თითქმის 2500 წლის განმავლობაში მათი უმეტესობა განადგურდა. თავის დროზე პართენონის ფრონტონებზე დაახლოებით 50-მდე ფიგურა უნდა ყოფილიყო, ჩვენამდე მხოლოდ 11–მა მოაღწია და ისინიც ძლიერაა დაზიანებული, მაგრამ ამ მდგომარეობაშიც კი ნათლად ჩანს მათი მშვენიერება და მათი შემქმნელის გენიალურობა. ფრონტონების პირვანდელი სახის აღსადგენად მეცნიერებმა დიდი შრომა გასწიეს: შეაჯერეს ძველ ავტორთა აღწერილობანი, მოიძიეს ჩანახატები, გააანალიზეს შემორჩენილი ფიგურები და ამის საფუძველზე მოახდინეს ფრონტონთა კომპოზიციების რეკონსტრუქცია.

ფიდიასი. პართენონის აღმოსავლეთი ფრონტონი. დაახლ. ძვ.წ. 432 წ.

დასავლეთ ფრონტონი თითქმის აღარ არსებობს. აქ, წარმოდგენილი იყო ათენასა და პოსეიდონის დავა ატიკისათვის. აღმოსავლეთ ფრონტონის ცალკეული ფიგურები უკეთ შემოგვრჩა და მისი კომპოზიციური წყობის აღდგენა, ასე თუ ისე, ხერხდება. მასზე გამოსახული იყო ათენას დაბადება მეხთამტყორცნელი ზევსის თავიდან ოლიმპოს მთაზე. ფრონტონის ცენტრალური არე სწორედ ამ ეპიზოდს ეთმობოდა, მის ორივე მხარეს კი ამ ფაქტის დამსწრე ღმერთებისა და ქალღმერთების გამოსახულებები იყო განთავსებული.

პართენონის ფრონტონთა კომპოზიციები უკვე სრულიად ახალი პრინციპითაა აგებული. არც ერთ ფრონტონს არ გააჩნია სიმეტრიის ღერძი, როგორც ეს ოლიმპიის ზევსის ტაძრის შემკულობის შემთხვევაში იყო, აქ ფიგურები თავისუფლად არიან განლაგებულნი და გარკვეულ რიტმს ექვემდებარებიან.

თავისუფალი და ლაღია როგორც კომპოზიციის აგების პრინციპი, ისე ფიგურათა მოძრაობები და პოზები.

პართენონის ამ კომპოზიციების შესახებ კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ერთი რამ უდავოა − პართენონის ფრონტონთა კომპოზიციები მაღალი კლასიკის მწვერვალია. ამ ფიგურების ხილვისას მნახველი რწმუნდება, რომ ის მართლაც რაღაც ღვთაებრივს უცქერს. სოკრატე ამბობდა, რომ ხელოვნება (და ამ შემთხვევაში იგი სწორედ ქანდაკებას გულისხმობდა) გამოსახავს არა მარტო სხეულებს, არამედ სულსაც. ბერძენთა ამ წარმოდგენის უზუსტესი გამოხატულებაა სწორედ ფიდიასის ეს ქმნილებანი.

მრგვალი ქანდაკებები

გარდა პართენონის სკულპტურებისა, ფიდიასმა აკროპოლისისათვის ათენას რამდენიმე მრგვალი ქანდაკებაც შექმნა. ძვ.წ. 480-479 წლებში ათენი სპარსელებმა აიღეს, გააცამტვერეს და დაანგრიეს, მისი აკროპოლისიც მიწასთან გაასწორეს. ამ ნანგრევებს, როგორც მტრის შემოსევის მწარე მოგონებას, დიდხანს არ აღადგენდნენ ათენელები.

ათენა პრომაქოსი
ათენის აკროპოლისის რეკონსტრუქცია. ლეო ფონ კლენცეს ნახატი. 1846 წელი.

პირველი, რაც პერიკლესის მიერ ათენის აკროპოლისის აღდგენისას გაკეთდა, ამ ნანგრევებში, აკროპოლისის მთავარ მოედანზე ფიდიასის მიერ შექმნილი ათენა პრომაქოსის, ანუ ათენა მეომრის ბრინჯაოს შვიდმეტრიანი ქანდაკება დაიდგა (ზოგი წყაროს ცნობით, ის ცხრამეტრიანი იყო), რომელსაც ბერძნები ათენის აღორძინებისა და გამარჯვებისაკენ მათი დაუოკებელი ლტოლვის, მათი შეუდრეკელი ნების სიმბოლოდ აღიქვამდნენ. პროპილეებიდან მოედანზე გამოსული მნახველის მზერას სწორედ ათენას ეს ქანდაკება ეგებებოდა მკაცრი და გოროზი, ნაოჭებიანი, გრძელი სამოსით შემოსილი და მოოქრული საომარი მუზარადით თავდაბურული ათენა მარჯვენა ხელით მაღალ შუბს ეყრდნობოდა, მარცხენაში კი ფარი ეჭირა. ეს მონუმენტური ქანდაკება კარგად ჩანდა არა მარტო ათენის სხვადასხვა კუთხიდან, არამედ ზღვიდანაც. მეზღვაურთათვის მისი მზისა და მთვარის შუქზე მბრწყინავი შუბის მოოქრვლი წვერი შუქურის როლს ასრულებდა ხოლმე. ათენა პრომაქოსის შემდგომი ბედი უცნობია. ვარაუდობენ, რომ ახ. წ. VI ს-ში ის კონსტანტინოპოლში გადაიტანეს, ხოლო XIII ს-ის დასაწყისში გაანადგურეს (ალბათ, გადაადნეს). მეცნიერები თავს იკავებენ რომელიმე რომაულ ასლთან მისი იდენტიფიცირებისაგან. ამ ქანდაკების შესახებ მცირეოდენ წარმოდგენას მხოლოდ მონეტებზე დატანილი გამოსახულება თუ გვიქმნის.

ათენა ლემნია
ათენა ლემნია. რომაული ასლი. დრეზდენის მუზეუმი

აკროპოლისზე ფიდიასის მიერ შექმნილი კიდევ რამდენიმე ქანდაკება იდგა: ერთი იყო ძვ.წ. 460-450 წლებში შექმნილი აპოლონის ბრინჯაოს ფიგურა, რომელიც ქალაქის კალიებისაგან გადარჩენისათვის ამ ღვთაებისადმი მადლიერების გამოსახატავად დაიდგა. მეორე გახლდათ ძვ.წ. დაახლოებით 450 წელს შექმნილი ათენას კიდევ ერთი ბრინჯაოს ქანდაკება ათენა ლემნია, რომელიც ათენიდან კუნძულ ლემნოსზე გადასახლებულმა ათენელებმა დაუკვეთეს მოქანდაკეს და ძღვნად მიართვეს მშობლიურ ქალაქს.

არც ერთ ამ ქანდაკებას ჩვენამდე არ მოუღწევია საბედნიეროდ, შემოგვრჩა მხოლოდ ათენა ლემნიას ორი რომაული ასლი − ქანდაკება (ინახება დრეზდენის მუზეუმში) და თავი (ბოლონიაში). როგორც ასლებიდან ჩანს, ფიდიასმა ათენას თავზე მუზარადი არ დაახურა, რაც საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ მოქანდაკემ ამ ქმნილებაში ხაზი გაუსვა ათენას, როგორც მშვიდობის დამცველს და არა როგორც ომის ქალღმერთს, როგორც ეს ათენა პრომაქოსის შემთხვევაში იყო ანუ ფიდიასმა ათენა ლეშნიაში ათენელთა ამ სათაყვენებელი ღვთაების განსხვავებული ასპექტი წამოსწია წინ. ცნობილია, რომ ათენა ლემნიას ქანდაკება ძალზე მაღალ პოსტამენტზე მდგარა და ფიდიასს გაუთვალისწინებია ის ცდომილებები, რომლებიც ქანდაკების ზემოთ აწევის შემთხვევაში გაჩნდებოდა.

გადმოცემით ცნობილია, რომ ფიდიასსა და მის ერთ-ერთ თანამედროვე მოქანდაკეს, ალკამენესს შორის გაიმართა ერთგვარი შეჯიბრება, ვინ უკეთ მოახერხებდა მაღალ პოსტამენტზე მდგარი ქანდაკების შექმნას. სანამ ქანდაკებები ძირს იდგა, ალკამენესის ფიგურა აშკარა მოწონებას იმსახურებდა, ფიდიასის საგანგებოდ დაშვებული ცდომილებანი კი თვალში ყველას ხინჯად ხვდებოდა, მაგრამ როდესაც ფიგურები თავის კუთვნილ ადგილზე − მაღალ პოსტამენტებზე შეაყენეს. ყველასათვის მოულოდნელად, ფიდიასის ფიგურა სრულყოფილი და უნაკლო აღმოჩნდა, ალკამენესის ფიგურაში კი, პირიქით, დაირღვა პროპორციები და ქანდაკება დისჰარმონიული გახდა.

ათენა პართენოსი
ათენა პართენოსი, რომაული ასლი, II საუკუნე ათენის ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი

ფიდიასის კიდევ ერთი შედევრი, რომელიც, საბედნიეროდ, რომაული ასლის სახით მაინც შემოგვრჩა, ათენა პართენოსის (ქალწულის) ქანდაკებაა. ის პართენონის ცელაში იდგა. პართენოსის რომაულ ასლს ათენა ბარბაკიონს უწოდებენ, იმ ადგილის სახელის მიხედვით, სადაც ის აღმოჩნდა. ძვ.წ. 447-438 წლებში ფიდიასის მიერ შექმნილი ათენა პართენოსის თორმეტმეტრიანი ქანდაკება ე.წ. ქრისოელეფანტური ტექნიკით ანუ ოქროსა და სპილოს ძვლისაგან იყო შესრულებული. ფეხზე მდგომი ათენას. გამოსახულება რელიეფებით შემკულ დაბალ პოსტამენტზე იდგა.

ათენას ტანთ გრძელი, უხვნაოჭიანი საპარადო სამოსელი ეცვა, მხრებზე მოგდებული თხის ტყავი - ეგისი მკერდზე მედუზა გორგონას გამოსახულებით შემკული გულსაბნევით იკვრებოდა, თავი მდიდრული მუზარადით ჰქონდა დაბურული, რომელსაც სფინქსისა და ფრთოსანი რაშების გამოსახულებანი ამკობდა. მარჯვენა წინგაწვდილი ხელი სვეტზე ედო, ხელისგულზე კი გამარჯვების ფრთოსანი ქალღმერთის, ნიკეს მცირე ზომის ფიგურა იყო წარმოდგენილი, მარცხენა ხელით იგი პოსტამენტზე დაბჯენილ ფარს ეყრდნობოდა, მის ფეხებთან კი უზარმაზარი ღვთაებრივი გველის – ერიხთონიოსის გამოსახულება იყო მოთავსებული.

ათენას სახე, შიშველი მკლავები და მედუზა გორგონას გამოსახულება მის მკერდზე ფიდიასმა სპილოს ძვლისაგან შექმნა, ფიგურის დანარჩენი ნაწილები კი ხის საფუძველზე დამაგრებული თხელი ოქროს ფირფიტებით იყო დაფარული. ამ ფირფიტებს ღვთისმსახურნი დროდადრო ხსნიდნენ, წმენდნენ, წონიდნენ და კვლავ ადგილზე აბრუნებდნენ. ძველი ავტორების ცნობებით, ამ ქანდაკებაზე 1200 კგ-მდე ოქრო დაიხარჯა. ათენას თვალებიც ძვირფასი ქვებით, საფირონებით იყო ინკრუსტირებული. ქანდაკება უხვად იყო შემკული რელიეფებით: ათენას სანდლებზე გამოსახული იყო კენტავრებისა და ლაპითების ბრძოლა, ხუთმეტრიანი დიამეტრის მქონე ფარის გარეთა მხარეს – ბერძნებისა და ამაძონელ ქალთა ბრძოლა, შიდა მხარეს – ღმერთებისა და გიგანტების ბრძოლა.

ფიგურის ზომები კარგად უნდა ყოფილიყო შეთანხმებული პართენონის შიდა სივრცესთან, ხოლო სპილოს ძვლისა და ოქროს თბილი ტონალობა კი - პენტელიკონის მარმარილოს ასევე თბილ მოყვითალო ტონთან.

ახ.წ. V ს-ში ბიზანტიის ერთ-ერთმა იმპერატორმა ათენა პართენოსის ქანდაკება კონსტანტინოპოლში გადაიტანა, 100 წლის შემდეგ ეს ქანდაკება ხანძარმა იმსხვერპლა. მისი რომაული ასლი, ათენა ბარბაკიონი, რაღა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ გვიქმნის სრულ წარმოდგენას ფიდიასის ამ გენიალური ქმნილების შესახებ, ათენა ბარბაკიონი ორიგინალის შორეული გამოძახილი და აჩრდილი თუა, რადგან იგი ზომითაც ბევრად მცირეა, მხოლოდ 2 მ-ია და მასალაც განსხვავებულია - მთლიანად მარმარილოსგანაა გამოქანდაკებული.

ზევსის ქანდაკება
ზევსის ქანდაკება

ფიდიასის მიერ შექნილ ქანდაკებათა შორის საბერძნეთში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ძვ.წ. 448 წელს შექმნილი ოლიმპიელი ზევსის ქანდაკება, რომელიც მსოფლიოს 7 საოცრებათა რიცხვში შედიოდა. ეს იყო კედრის ხისაგან გამოთლილ. ტახზე მჯდომი ზევსის ცამეტმეტრიანი ქრისოელეფანტური ტექნიკით შესრულებული ფიგურა. სახე, ხელები და სხეულის შიშველი ნაწილები სპილოს ძვლისა იყო, მოსასხამი, სამოსი და სანდლები – ოქროსი, თვალები კი ძვირფასი თვლებით იყო ინკრუსტირებული. თავზე ზევსს ზეთისხილის ფოთლების ოქროს გვირგვინი ედგა. ოქროსავე წვერი და თმა კლასიკურად მწყობრსა და ლამაზ სახეს გამოყოფდა. მარჯვენა ხელში ზევსს ნიკეს ფრთოსანი ქანდაკება ეჭირა, მარცხენაში კი – კვერთხი, რომელზეც არწივი იჯდა. მეხთამტყორცნელი ზევსის ეს მშვენიერი, შთამბეჭდავი, მონუმენტური ფიგურა, ალბათ, საოცარ ძალასა და კეთილშობილებას ასხივებდა და, როგორც ჩანს, ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენდა. ელინები ამ ქანდაკებას უდიდეს თაყვანს სცემდნენ და ბერძნული ხელოვნების ყველა ქმნილებაზე მაღლა აყენებდნენ. სამწუხაროდ, ფიდიასის არც ამ ქანდაკებას მოუღწევია ჩვენამდე. მის შესახებ წარმოდგენას გვიქმნის ანტიკურ ავტორთა აღწერილობანი და იმდროინდელ მონეტებზე შემონახული ამ ქანდაკების გამოსახულება.

ათენელები და ფიდიასის სიკვდილი

ფიდიასის თითქმის მთელი მოღვაწობა ათენთან იყო დაკავშირებული, მთელი თავისი შემოქმედებითo ენერგია მან ამ ქალაქს, მის განახლებასა და განდიდებას მოახმარა, მაგრამ სწორედ ათენმავე გამოუტანა მას საშინელი განაჩენი. პერიკლესის პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა იგი ათენა პართენოსის ქანდაკებაზე მუშაობისას ოქროს ქურდობაში დაადანაშაულეს. ამის გარდა, მას მკრეხელობაც დასწამეს იმის გამო, რომ ამავე ქანდაკების ფარზე გმირი თესევსი მან პერიკლესის სახით გამოსახა, ხოლო საკუთარი თავი კი ლეგენდარული მოქანდაკისა და ხუროთმოძღვრის დედალოსის სახით წარმოადგინა. ამის გამო იგი ციხეში ჩასვეს და იქვე აღესრულა ძვ.წ. 431 წელს, ისე, რომ ვერც კი მოესწრო ათენის აკროპოლისის საბოლოოდ დასრულებას (მისი სიკვდილის შემდეგ აიგო ერეხთეიონის ტაძარი).

ფიდიასი მაღალი კლასიკის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელია, რომლის შემოქმედებაშიც ლოგიკურად დასრულდა მირონისა და პოლიკლეტოსის ძიებანი. მირონმა დასძლია არქაული შებოჭილობა, სქემატურობა და ფიგურის მოძრაობას ბუნებრიობა შესძინა; პოლიკლეტოსმა ეს ყოველივე ადამიანის პროპორციების შესახებ თავისი კანონით განამტკიცა, ხოლო ფიდიასმა მის წინამორბედთა მიღწევები საბოლოოდ უმაღლეს მწვერვალზე აიყვანა. ფიგურამ მის ხელში საბოლოოდ მოიპოვა ბუნებრივი მოძრაობა, თავისუფალი დგომა (იგი ხშირად იყენებს კონტრაპოსტს), ანატომიურად სწორი აგებულება, ჰარმონიული პროპორციები, ფორმათა სრულყოფილება და ლოგიკური ურთიერთკავშირი, შინაგანი სიმშვიდე და საოცარი ღირსების გრძნობა, სულიერი ამაღლებულობა, სახის იდეალური, განზოგადებული ტიპი, მოკლებული ყოველგვარ დეტალიზაციასა და ინდივიდუალობას. ეს არის ადამიანი – სამყაროს ფოკუსი, ღვთაებრივი ნაპერწკლით სულსა და სხეულში, ღმერთთან წილნაყარი ადამიანი. ამიტომა არიან მის მიერ გამოქანდაკებული ფიგურები, ერთი მხრივ ადამიანურნი და საოცრად ცოცხალნი, ბუნებრივნი, მეორე მხრივ კი – მშვენიერნი, ამაღლებულნი და განღმრთობილნი და ამიტომაც უწოდებდნენ ფიდიასს ელინები „ღვთაებათა შემოქმედს“.


წყარო

ანტიკური საბერძნეთი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები