ჰერცინული ევროპა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:17, 14 მაისი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰერცინული ევროპა – ჰერცინული ევროპა მოიცავს შუა ევროპის კონტინენტურ ნაწილს, რომელსაც საფუძვლად უდევს ჰერცინული ნაოჭა სტრუქტურები. რეგიონი ერთი მთლიანია არა მარტო ტექტონიკური აგებულებისა და მორფოსტრუქტურების საერთო ნიშნებით, არამედ ლანდშაფტურადაც. ტექტონიკური აგებულების გარდა, რეგიონის ბუნების საერთო ნიშნებს განსაზღვრავს მისი გეოგრაფიული მდებარეობა ზომიერი სარტყლის შუა განედებში და უმეტესად ოკეანურ სექტორში. მას ჩრდილოეთიდან აკრავს შუა ევროპის ვაკე, ხოლო სამხრეთიდანალპური ევროპა.

რეგიონის ტერიტორია ხასიათდება მრავალფეროვანი რელიეფით, რომლებშიც შერწყმულია დაბალი და საშუალო მთიანი ლოდა-ნაოჭა, მეტწილად ჰორსტული მასივები (საფრანგეთის ცენტრალური მასივი, რაინის ფიქლიანი მთები, ვოგეზები, შვარცვალდები, ჩეხეთის მასივის პერიფერიული ქედები და სხვა) და აკუმულაციური და გრაბენული მთათა შუა და მთისწინა ვაკეები – ზემო რაინი, აქვიტანიის, ანუ გარონას, პარიზის (ჩრდილო საფრანგეთის), ლაბისპირა და სხვა.

ჰავა ზღვიური და ზომიერად კონტინენტურია, შუა ევროპის ვაკესთან შედარებით გაცილებით უფრო თბილი, მდინარეთა ქსელი ხშირი და უმეტეს ნაწილში უხვწყლიანია. თითქმის მთლიანად ფართოფოთლოვანი ტყეების ზონაშია, მაგრამ ადამიანის სამეურნეო საქმიანობისთვის ხელსაყრელმა რელიეფმა და აგროკლიმატურმა პირობებმა განსაზღვრა ტერიტორიის მჭიდრო დასახლება და ველური ბუნების ძლიერი ანთროპოგენური ტრანსფორმაცია.

რეგიონის ტერიტორიის ფარგლებში გვხვდება ევროპის მთელი რიგი ქვეყნების –– საფრანგეთის, გერმანიის, ჩეხეთის, ბელგიის, აგრეთვე პოლონეთის მნიშვნელოვანი ნაწილი.

ჰერცინული ევროპის ტერიტორია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ დიდ მანძილზეა გადაჭიმული (ატლანტის ოკეანის სანაპიროდან შუა პოლონეთის მაღლობამდე), რასთან დაკავშირებითაც აღმოსავლეთის მიმართულებით საგრძნობი ხდება ბუნებრივ ლანდშაფტებში კონტინენტურობის მატება. ამის (აგრეთვე გეომორფოლოგიური ნიშნების) საფუძველზე გამოიყოფა ორი ფიზიკურ-გეოგრაფიულად განსხვავებული რეგიონი: ატლანტიისპირა ოლქი (ჰერცინული საფრანგეთი) და ჰერცინული ცენტრალური ევროპის საშუალომთიანი ოლქი.

სარჩევი

ატლანტიისპირა ოლქი

ატლანტისპირა ოლქი მოიცავს ჰერცინული ევროპის უმეტეს ნაწილს, რომელიც მდებარეობს მდინარე რაინის შუა და ქვემო ხეობიდან დასავლეთით და უკავია საფრანგეთისა და ბელგიის დიდი ნაწილი, რომლის ფარგლებში გამოიყოფა შემდეგი ძირითადი მორფოსტრუქტურული და ოროგრაფიული ერთეულები: პარიზის აუზი (ჩრდილო საფრანგეთის დაბლობი), გარონის, ანუ აქვიტანიის დაბლობი, არმორიკის მაღლობის და ცენტრალური საფრანგეთის მასივი.

ცენტრალური ევროპის საშუალომთიანი ოლქისაგან განსხვავებით, ტერიტორიის ძირითადი ნაწილი უკავია ბორცვიან ვაკედაბლობებს. არმორიკის მაღლობი (ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი) სიმაღლით მცირედ აღემატება 400 მ., მხოლოდ სამხრეთ-დასავლეთი ნაწილია მთიანი. იგი უკავია საფრანგეთის ცენტრალურ მასივს, რომელიც ჰერცინული ევროპის მთიან მასივებს შორის ყველაზე ვრცელი და მაღალმთიანია, გუმბათისმაგვარი ფორმის. მესამეულის დამლევს მისი ცენტრალური ნაწილი სხვადასხვა მიმართულებით გადაკვეთა ტექტონიკურმა ნაპრალებმა, რომელთა გასწვრივაც ადგილი ჰქონდა ინტენსიურ ვულკანურ პროცესებს, რამაც წარმოშვა ცალკეული ვულკანური მთაგრეხილები, მასივები და კონუსები, რომელთაგან ყველაზე მაღალია მოდორი (1895 მ). მასივიდან სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს კოსოს კარსტული ჰლატო, რომლის ფარგლებშიც კრისტალურ ქანებს გადახურავს კირქვების წყება. პლატოს კარსტული ლანდშაფტი ატარებს უდაბნოს იერს.

არმორიკის მაღლობი-მასივი ნეოტექტონიკური აზევების ტემპში მნიშვნელოვნად ჩამორჩა საფრანგეთის ცენტრალურ ნაწილს. იგი დანაწევრებულია ცალკეულ ბორცვიან მაღლობებად (ნორმანდიის, კოტანტენის ბრეტანის ნახევარკუნძულზე) და მცირე სიმაღლის კრისტალურ ჭიუხებად, რომლებიც ერთიმეორისაგან გამოყოფილია ვრცელი ღრმულებით და მდინარეთა ხეობებით.

გარონას დაბლობი, ანუ აქვიტანიის აუზი მდებარეობს ცენტრალურ მასივს, ბისკაის ყურის სანაპიროს, პირენეს ჩრდილოეთ მთისძირების და არმორიკანულ მაღლობს შორის. მისი ზედაპირი აგებულია კაინოზოური ასაკის ფხვიერი დანალექი ქანებით, რომლებიც წარმოადგენს პირენეს მთებისა და ცენტრალური მასივის ნგრევის მასალას. მისი სიმაღლე ჩრდილოეთისაკენ კლებულობს და ზედაპირი უფრო და უფრო ბრტყელი ხდება. ბისკაის ყურის მიმდებარე ქვიშიან ვაკეზე დიუნური ლანდშაფტია.

გარონას დაბლობიდან ჩრდილოეთით მდებარეობს ლუარას შუა და ქვემო დინების დაბლობი, რომლის ზედაპირი (საშუალო სიმაღლე 100 მ) უმეტესად აგებულია კირქვებითა და ძველი ალუვიური წყებებით. მის ფარგლებში არმორიკის მაღლობის კრისტალური ქანები შედარებით მცირე სიღრმეზეა განლაგებული და ცალკეულ უბნებში გაშიშვლებულია.

ჩრდილოეთით ლუარას დაბლობი ერწყმის ჩრდილოეთ საფრანგეთის ბორცვიან ვაკეს, რომელიც წარმოიქმნა პარიზის აუზის ადგილას. ვაკე რელიეფის ფონზე იგი ხასიათდება ნაირგვარი რელიეფით.

პარიზის აუზს აღმოსავლეთით, საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში აგრძელებს ლოთარინგიის კუესტური პლატო, რომლის ზედაპირი დანაწევრებულია რაინის მარცხენა შემდინარეთა ღრმა ხეობებით.

მთლიანობაში ჰერცინული საფრანგეთის ძირითადი ნაწილისათვის დამახაიათებელია ზომიერი ზღვიური ჰავა, გაცილებით უფრო თბილი, ვიდრე შუა ევროპის ვაკის ოკეანურ ოლქში. სახრეთ-დასავლეთ პერიფერიაზე ჰავა სუბტროპიკულ-ხმელთაშუა ზღვიურია.

რეგიონის ველური ფაუნა შუა ევროპის მეზობელი რაიონების ფაუნის ანალოგიური იყო, მაგრამ ტყეების გაჩეხვამ ძლიერ უარყოფითად იმოქმედა მასზე. ბევრი ტყის ბინადარი გაქრა ან შემორჩა მხოლოდ დაცულ ტერიტორიაზე (ეროვნულ პარკებში და ნაკრძალებში). იშვიათობა გახდა მგელი, ფოცხვერი, ტყის კატა. დაცულ ტერიტორიებში შემოგვრჩა ირემლაღი (ფურირემი), შველი, კეთილშობილი ირემი. საკმაოდ მრავლადაა მაჩვი, მელა. ტყეების გაჩეხვამ და სამიწათმოქმედო სავარგულების გაფართოებამ გამოიწვია მღრღნელების მომრავლება.

ცენტრალური ევროპის საშუალო მთიანი ოლქი

ცენტრალური ევროპის საშუალო მთიანი ოლქი ვრცელდება რაინის ხეობიდან აღმოსავლეთით მცირე პოლონეთის მაღლობამდე (ვისლა-ოდერის წყალგამყოფი). რელიეფი დანარჩენ ჰერცინულ საფრანგეთთან შედარებით ბევრად უფრო მრავალფეროვანი და მთიანია. მასში შერწყმულია საშუალო მთიანი ჰორსტული მასივები – რაინის ფიქლიანი მთები, შვარცვალდები, ვოგეზები, ჩეხეთის მასივის შემომფარგვლელი ქედები – მადნიანი მთები, სუდეტები, შუმავას, თიურინგიის ტყის და სხვა მასივები და მათი გამყოფი გრაბენული (ზემო რაინის ხეობა) და ბორცვიანი აკუმულაციური ვაკეები (ლაბისპირა და სხვა). შუა ევროპის ჰერცინული სტრუქტურები აღმოსავლეთით მთავრდება მცირე პოლონეთის მაღლობით.

რაინის ხეობიდან აღმოსავლეთისაკენ ჰერცინული ევროპის ზედაპირის დანაწევრება და მასთან რელიეფის ნაირგვარობა მატულობს. ამ მხრივ პირველ რიგში გამოირჩევა რაინის მიმდებარე ტერიტორია. ზემო რაინის განიერ გრაბენში (რიფტში), რომელიც გეოლოგიურ წარსულში ყურეს ეკავა, წარმოიქმნა ზემო რაინის ვაკე, რომლის ზედაპირი აგებულია ლიოსისმაგვარი და ალუვიური წყებებით. მის ორივე მხარეს აღმართულია ვოგეზების (რაინის მარცხენა მხარეს) და შვარცვალდების უმეტესად დაბალმთიანი ასიმეტრიული მასივები.

შუა დინებაზე რაინი კვეთს რაინის დაბალმთიან ფიქლიან მთებს, რომლის შემადგენელი გუმბათისებური მაღლობები და ბორცვები წარმოადგენენ ძველი ერთი მთლიანი პენეპლენის ფრაგმენტებს.

შვარცვალდებიდან (რაინის მარჯვენა მხარე) აღმოსავლეთით ჩეხეთის მასივამდე პალეოზოური (ჰერცინული) სტრუქტურები დაძი- რულია მეზოზოური წყებების ქვეშ. მის ფარგლებში ოროგრაფიულად ნათლად გამოიყოფა შვაბია-ფრანკონის კუესტური ვაკე, ხოლო მისგან ჩრდილოეთით – ორი დაბალმთიანი ჰორსტული მასივი – თიურინგიის ტყის (982 მ) და ჰარცის (1142 მ).

ჩეხეთის მასივი საფრანგეთის ცენტრალური მასივის შემდეგ გამოირჩევა ყველაზე მთიანი მრავალფეროვანი რელიეფით. მისი ძირითადი ნაწილი ძველი კრისტალური ქანებით, ხოლო აღმოსავლეთი ნაწილი კირქვებით არის აგებული. კირქვებზე განვითარებულია კარსტელი რელიეფის კლასიკური ფორმები. მორავიის კარსტი მსოფლიოში ცნობილია. მისი სამხრეთი ნაწილი უკავია ჩეხეთ-მორავიის მაღლობს (500-600 მ) ბორცვიან-ჭიუხებიანი რელიეფით. მასივის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ, დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ მხარეზე აღმართულია საშუალო მთიანი ჰორსტული მასივები – სუდეტები (რეგიონის უმაღლესი მწვერვალია სნეუკა –1602 მ.), მადნიანი მთები, შუმავას, ჩეხეთის ტყის, ბავარიის ტყის და სხვა მასივები. ჩეხეთის მასივის ზედაპირის აბსოლუტური სიმაღლე შიდა ნაწილში, ლაბისპირა ვაკეზე 200 მ-მდე კლებულობს.

ჩეხეთის მასივიდან ჩრდილოეთით მადნიან მთებს, ტიურინგის ტყის და ჰარცის მასივებს შორის, ოროგრაფიულად ნათლად არის გამოყოფილი თიურინგიის აუზი კუესტური ვაკე რელიეფით. ჰერცინული შუა ევროპის აღმოსავლეთ დაბოლოებას ქმნის მცირე, ანუ შუა პოლონეთის მაღლობის თაღისმაგვარი ამაღლება (ლისიცა –– 611 მ), რომლის ზედაპირი დანაწევრებულია ჰერცინული ნაოჭა სტრუქტურების გაშიშვლებით წარმოქმნილი კრისტალური ჭიუხებით და ბორცვებით.

ჰავა

ჰავის ხასიათში გამოხატულია კონტინენტურობის მატება, თანაც რელიეფის ფორმათა ნაირგვარობა ხელს უწყობს სითბოს და ტენის უთანაბრო განაწილებას და მთლიანობაში ნაირგვარი კლიმატების ჩამოყალიბებას.

რელიეფი და ჰავა რეგიონის ტერიტორიაზე ხელსაყრელია უხვწყლიან მდინარეთა ქსელის განვითარებისათვის. სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ არც ერთი მნიშვნელოვანი მდინარის სისტემა მთლიანად მის ფარგლებში არ "თავსდება", სამაგიეროდ ცენტრალური ევროპის მთიანი მასივებიდან იღებს სათავეს შუა ევროპის ვაკის თითქმის ყველა დიდი მდინარე და მათი ბევრი შენაკადი (ლაბა), მისი ყველაზე დიდი შენაკადი ვლტავა, რაინის მარჯვენა შენაკადები, ზემო დუნაის რიგი შენაკადები, ვეზერი, ოდერი და სხვა, რომელთა საზრდოობაში დიდ როლს ასრულებს რეგიონის ტერიტორიაზე მოსული ნალექები, უმთავრესად წვიმის, გარკვეულწილად თოვლის სახით. მაქსიმალური დონეები გაზაფხულს ემთხვევა. მდინარეები შეიცავენ მნიშვნელოვანი სიმძლავრის ჰიდროენერგორესურსებს.

ფლორა და ფაუნა

ბუნებრივ პირობებში რეგიონის ტერიტორია თითქმის მთლიანად დაფარული იყო ფართოფოთლოვანი ტყეებით, მხოლოდ საშუალომთიან ზონაში, 800-1000მ-დან მას ცვლის შერეული და წიწვიანი ტყეები. უტყეო იყო მხოლოდ დაბალი ჩაკეტილი ქვაბულები (ლაბისპირა და სხვ.) ყველაზე კონტინენტური და მცირე ნალექიანი ჰავით, რომელიც სტეპებს ეკავა. ვაკეები და დაბალმთიანი ზონა მჭიდროდ არის დასახლებული და ტყეების ადგილი უკავია სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, დასახლებულ უბნებს, სატრანსპორტო კომუნიკაციებს და სხვ. ტყეები შემოგვრჩა მხოლოდ ძნელად მისადგომი მთიანი რელიეფის პირობებში. თანამედროვე ტყეების მნიშვნელოვანი ნაწილი ხელოვნურია. ტყეების გავრცელების ზედა საზღვარი საშუალოდ 1200-1300 მ-ზე გადის და იგი მნიშვნელოვანწილად ანთროპოგენურია. უფრო მაღლა გავრცელებულია სუბალპური ტყე-ბუჩქნარ-მდელოს მცენარეულობა მთის ტყე-მდელოს ნიადაგებზე.

ტყეების გაჩეხვამ ძლიერ გააღარიბა ცხოველთა სამყარო და შეავიწროვა ცხოველთა ბინადრობის არეალი. მათგან ბევრი მხოლოდ ბუნების დაცულ ტერიტორიაზეა შემორჩენილი.

ბუნებრივი რესურსები

ბუნებრივი რესურსები ჰერცინულ ევროპაში მდიდარი და მრავალ- ფეროვანია, როგორც სათბობ-ენერგეტიკული, ისე მადნეულით. რურის ქვანახშირის აუზი (რაინის ფიქლიანი მთები) რუსეთსგარე ევროპაში უდიდესია. მეორე ადგილზეა სილეზიის ქვანახშირის აუზი პოლონეთის და ჩეხეთის ტერიტორიაზე. გარონის დაბლობი შეიცავს ნავთობისა და ბუნებრივი აირის მნიშვნელოვან მარაგს. ლოთარინგიის დანალექი წარმოშობის რკინის მადანი ხარისხით არ არის მაღალი (35%-მდე), მაგრამ მარაგი დიდია. ფერადი და იშვიათი ლითონების დიდი მარაგია მადნიან მთებში, სუდეტებში, შუა პოლონეთის მაღლობზე. რაინის დელტის რაიონში, ადგილ ბოს მიდამოში პირველად იქნა აღმოჩენილი ბოქსიტები და სახელწოდებაც აქედან მიიღო. რეგიონის ტერიტორიაზე მოიპოვება გრაფიტის და კალიუმის მარილის სამრეწველო მარაგი. ძველი ვულკანიზმის რაიონებთან და რღვევებთან (ცენტრალური და ჩეხეთის მასივები) დაკავშირებულია მრავალრიცხოვანი თერმული და მინერალური წყაროები.

წყარო

ევროპის ფიზიკური გეოგრაფია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები