ალპური ევროპა
ალპური ევროპა – მოიცავს ცენტრალური და სამხრეთ ევროპის მრავალფეროვანი ბუნების მქონე ვრცელი ტერიტორიის, იმ ნაწილს, სადაც ალპების მთათა სისტემაა გადაჭიმული. მისი ტერიტორია განაწილებულია რუსეთსგარე ევროპის მეტწილ ქვეყნებზე –– იტალიის, საფრანგეთის, შვეიცარიის, ავსტრიის, გერმანიის, რუმინეთის, უნგრეთის, სლოვენია, ლიხტენშტაინი და მონაკო.
ალპური ევროპის ბუნების ძირითად ნიშნებს განსაზღვრავს გეოგრაფიული მდებარეობა ზომიერი სარტყლის სამხრეთ პერიფერიაზე, ატლანტის ოკეანისა და ხმელთაშუა ზღვის გავლენის სფეროში და ბუნების პალეოგეოგრაფიული განვითარების პირობები. მნიშვნელოვანი ფაქტორია ტერიტორიის დიდი განფენილობა დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ.
სარჩევი |
ალპების მთიანი ოლქი
ოლქის ფარგლებში, საკუთრივ ალპების გარდა, განიხილება შვეიცარიის და ბავარიის მთისწინა პლატოები, ალპებიდან ჩრდილოეთით მდებარე იურის მთები და პადანის დაბლობი.
რეგიონის ბუნების განსხვავებულობას, ალპური ევროპის ლანდშაფტების საერთო ნიშნების ფონზე, განსაზღვრავს ატლანტის ოკეანის და ხმელთაშუა ზღვის გავლენასთან ყველაზე უფრო სიახლოვე და ყველაზე მაღალმთიანი და ძლიერ დანაწევრებული რელიეფი.
ალპები პლანეტის მთიან რეგიონებს შორის გამოირჩევა ყველაზე სრული ფიზიკურ-გეოგრაფიული შესწავლილობით, დაწყებული მისი გეოლოგიური განვითარების ისტორიით (მათ შორის ძველი გამყინვარების) და გეოტექტონიკური აგებულებით და დამთავრებული გეობოტანიკური და ზოოგეოგრაფიული შესწავლილობით. მისი ველური ბუნება მაღალმთიან რეგიონებს შორის ანთროპოგენური ტრანსფორმაციისა და ტურისტულ-რეკრეაციული დატვირთვის ყველაზე მაღალი ხარისხითაც გამოირჩევა.
საკუთრივ ალპები წარმოქმნის გიგანტურ რკალს, რომელიც დასავლეთით იწყება ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ზღვისპირა ალპების სახელწოდებით (აქ იგი ესაზღვრება აპენინებს) და მთავრდება ბალკანეთში სლოვენიის ალპების სახელწოდებით. იგი გადაჭიმულია 1200 კმ-ზე, 160კმ-მდე სიგანით. რეგიონი ხასიათდება (განსაკუთრებით და- სავლეთი ალპები) ძლიერ დანაწევრებული ალპური რელიეფით, რომლის ჩამოყალიბებაში დიდი როლი შეასრულა აქტიურმა ნეოტექტონიკურმა ვერტიკალურმა მოძრაობამ, მასთან დაკავშირებულმა მდინარეთა გაძლიერებულმა ეროზიამ და ძველმა გამყინვარებამ. იგი წარმოქმნის მაღალმთიანი ქედების, მასივებისა და მათი გამყოფი დიდი სიღრმის ეროზიულ-ტექტონიკური ხეობების რთულ სისტემას. მნიშვნელოვანი რელიეფწარმომქმნელი ფაქტორია ლითოლოგიური აგებულების ნაირგვარობა. ყველაზე მაღალმთიანი ღერძული ზონა, ტიპური ალპური რელიეფით, აგებულია კრისტალური და მეტამორფული ქანებით. იგი დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით გადადის უფრო დაბალ (საშუალომთიან) წინაალპებში, რომლის შემქმნელი ქედები აგებულია შედარებით ახალგაზრდა (მეზოზოური) კირქვებითა და დოლომიტებით.
დასავლეთ მერიდიანულ მონაკვეთს იტალიისა და საფრანგეთის საზღვარზე ქმნის კოტის და გრაის ალპები, რომელიც მაქსიმალურ სიმაღლეს აღწევს საფრანგეთის, იტალიისა და შვეიცარიის საზღვარზე, სადაც აღიმართება ალპების და რუსეთსგარე ევროპის უმაღლესი მწვერვალი მონბლანი (480 მ). მონბლანის მასივიდან ალპები მკვეთრად უხვევს აღმოსავლეთისაკენ და შვეიცარიის ალპებში აღწევს მაქსიმალურ საშუალო სიმაღლეს. განედური მონაკვეთის შემადგენელ ურთიერთპარალელურ მაღალმთიან ქედებს შორის ყველაზე გრანდიოზულია ბერნის და პენინის ალპები, რომელთაც ჰყოფს ზემო რაინის ხეობა. ალპების ამ მონაკვეთზე აღიმართებიან მთელი რიგი თოვლ- ყინულიანი მასივები, რომელთაგან ყველაზე მაღალია (4634 მ) მონტე-როზა (სიმაღლით მეორე – მონბლანის შემდეგ). გოტარდის მძლავრი მასივი წარმოქმნის შვეიცარიის ალპების მთიან კვანძს და წყალგამყოფს. მისგან ჩრდილოეთით მიედინება რაინი, ხოლო სამხრეთისაკენ – რონა. მთავარ ალპებს ჩრდილოეთით და სამხრეთით. გაუყვება კირქვებით და ფლიშური ქანებით აგებული გვერდითი ქედები – წინაალპები.
ღრმა ტექტონიკური ხეობით (ბოდენის და კომოს ტბებს შორის) ალპები იყოფა ორ ნაწილად− დასავლეთ და აღმოსავლეთ ალპებად. აღმოსავლეთი ალპების შემადგენელი ქედები აღმოსავლეთისაკენ მარაოსებურად იშლებიან და მათი სიმაღლე კლებულობს.
ალპები, მიუხედავად მნიშვნელოვანი სიმაღლისა, ძლიერი დანაწევრების წყლობით შედარებით ადვილად გადასალახია და მოხერხებულია საუღელტეხილო მიმოსვლისათვის, რომელსაც ამ რეგიონში უძველესი ისტორია აქვს. ამჟამად ალპებს კვეთს მრავალრიცხოვანი საუღელტეხილო სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები, რომლებიც შუა ევროპას აკავშირებენ სამხრეთ ევროპასთან. ყველაზე მნიშვნელოვანი უღელტეხილებიდან აღსანიშნავია: ფრეჟიუსი, სენ-ბერნარი, სენ-გოტარდი და სხვ. საუღელტეხილო მაგისტრალების გაყვანამ მოითხოვა დიდი რაოდენობით გვირაბების გაჭრა, რომელთაგან უგრძესია (16 კმ მეტი) საავტომობილო გვირაბი მონბლანს ქვეშ. მარტო შვეიცარიაში 1000-მდე გვირაბია, რომელთა ჯამური სიგრძე დაახლოებით 700 კმ-ს შეადგენს.
ალპების ჩრდილოეთ მთისძირებში იურის მთებს, ალპებს და ზემო დუნაის ხეობას შორის გერმანიისა და შვეიცარიის ტერიტორიაზე ოროგრაფიულად ნათლად გამოიყოფა 400-600 მ სიმაღლის მთისწინა პლატო, რომლის ზედაპირის ამგებ ქანებს შორის დიდი ადგილი უკავია მყინვარულ (ალპების) ნაფენებს მორენების და ზანდრული ქვიშების სახით. პლატოს დასავლეთი ნაწილი ცნობილია შვეიცარიის, ხოლო აღმოსავლეთი ნაწილი − ბავარიის ზეგნის სახელწოდებით.
შვეიცარიის ზეგანს ჩრდილოეთიდან აკრავს საშუალო სიმაღლის იურის მთები, რომელიც იურული კირქვებით არის აგებული და მასთან დაკავშირებულია კარსტული რელიეფი. იგი განეკუთვნება ალპების სისტემას. მისი შემქმნელი ურთიერთპარალელური ანტიკლინური ქედები ერთმანეთისაგან გამოყოფილია ფართო სინკლინური ხეობებით. ქედები დანაწევრებულია მდინარეთა ვიწრო და ღრმა გამკვეთი ეროზიული ხეობებით.
ალპების სამხრეთი კალთები პადანის დაბლობის მონაკვეთზე მთისწინებს მოკლებულია (დაძირულია დაბლობის ამგებ წყებებს ქვეშ), რის გამოც მთები სამხრეთიდან განსაკუთრებით გრანდიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს. პადანის დაბლობი კაინოზოურის დასაწყისში ეკავა ადრიატიკის ზღვის ყურეს, რომელიც თანდათან ამოივსო ალპებიდან და აპენინებიდან ჩამორეცხილი ნაშალი მასალით და მესამეულის დამლევიდან ხმელეთად იქცა, რომლის უმეტესი ნაწილი 100 მ- ზე დაბლა მდებარეობს.
ჰავა
ჰავა ალპებში მთის, ზომიერი ზღვიურია, მაგრამ ძლიერ დანაწევრებული მთიანი რელიეფის პირობებში დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით წარმოქმნილია მიკროკლიმატების ფართო სპექტრი. ფერდობების ექსპოზიციის, განიერი გასწვრივი და გამკვეთი ვიწრო ხეობების, ჩაკეტილი ქვაბულების და სხვ. მიხედვით, ტენი და სითბო უთანაბროდ არის განაწილებული. ალპების ფერდობებზე ნათლად არის გამოხატული ჰავის ვერტიკალური სარტყლები.
დასავლეთის ტენიანი ჰაერის მიმართ განსაკუთრებით ხელსაყრელი მდებარეობა უკავია დასავლეთ ალპებს, რომლის დასავლეთი და ჩრდილო-დასავლეთი კალთები ყველაზე უხვნალექიანია (1500-3000 მმ). ქარზურგა კალთებზე და შიდა, ჩაკეტილ ხეობებსა და ქვაბულებში წლიური ნალექები 1000 მმ-ზე ნაკლებია. ყველაზე უხვნალექიანია მაქსიმალური მოღრუბლულობის სიმაღლითი ზონა 1500-2000 მ-მდე. უფ- რო მაღლა მოწმენდილი ამინდების სიხშირე მატულობს და ნალექები კლებულობს. ალპების კალთებზე გამოხატულია ჰავის სიმაღლითი ტიპები, დაწყებული სუბტროპიკულ-ხმელთაშუაზლვიურით და მთისწინეთების ზომიერი, ტენიანი თბილი ჰავით და დამთავრებული მაღალმთის მუდმივი თოვლისა და ყინულების (ნივალური) ჰავით, რომელიც ნამდვილ ზაფხულს მოკლებულია. ზღვისპირა (სუბტროპიკული) ალპების მთისწინეთებში ზამთარი რბილია (პლუს 2, მინუს 1°), ზაფხული ცხელი (საშუალოდ პლუს 22-24°). ერთი და იმავე სიმაღლეზე სამხრეთ ექსპოზიციის კალთებზე მეტი სითბოა, ვიდრე ჩრდილოეთ მხარეზე. ნულგრადუსიანი წლიური იზოთერმი ჩრდილოეთ წინაალპებში გადის დაახლოებით 2000 მ სიმაღლეზე, ხოლო ზღვისპირა ალპებში — 2600- 2700 მ-ზე. ჰავის ზღვიურობა - კონტინენტურობის ხარისხთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ფარგლებში (2500-3000-3500 მ) იცვლება თოვლის ხაზის სიმაღლითი მდებარეობა.
ალპებისათვის დამახასიათებელი ადგილობრივი ქარებიდან ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ფიონები, განსაკუთრებით გარდამავალ სეზონებში. მასთან დაკავშირებულია თბილი და მოწმენდილი ამინდები. გაზაფხულზე ფიონი აჩქარებს თოვლის დნობას, რაც ზოგჯერ კატასტროფული ხასიათისაა, ხოლო შემოდგომით ხელს უწყობს მოსავლის დამწიფებას.
ზამთარში ალპებში წარმოიქმნება თოვლის მძლავრი საბურველი, რაც მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის საუღელტეხილო ტრანსპორტის ფუნქციონირებას.
შიდა წყლები
ტენიანი ჰავა და დანაწევრებული მთიანი რელიეფი ხელსაყრელია ხშირი და უხვწყლიანი ჰიდროგრაფიული ქსელის განვითარებისათვის. ალპებში წარმოქმნილია დასავლეთ ევროპის მძლავრი და უმნიშვნელოვანესი ჰიდროგრაფიული კვანძი, საიდანაც სათავეებს იღებენ ჩრდილოეთის, შავი და ხმელთაშუა ზღვების აუზების დიდი მდინარეები — რაინი, დუნაის მარჯვენა შენაკადები, რონა, პო და სხვა, რომელთა საზრდოობაში დიდ როლს ასრულებს ალპებში მოსული ნალექები. მდინარეები მთის ტიპისაა, უხვწყლიანი, ბობოქარი დინებით, ხშირი ჩანჩქერებით, რაც განსაზღვრავს მათ მძლავრ ჰიდროენერგეტიკულ პოტენციალს. საზრდოობის მთავარი წყარო ყინულის და თოვლის ნადნობი წყალია, რასთანაც დაკავშირებულია გაზაფხულის და ზაფხულის ძლიერი წყალდიდობა.
ალპების შიდა წყლების და მთლიანად ლანდშაფტის მნიშვნელოვა-ნი ელემენტია მრავალრიცხოვანი თვალწარმტაცი ტბები, წარმოშობით სხვადასხვა ტიპის — ტექტონიკური, მყინვარული, ტექტონიკურ-მყინვარული, მდინარეული და სხვ. სიდიდით გამოირჩევიან: ჟენევის, ბოდენის, კომოს, ლაგო-მაჯორეს და სხვ.
ფაუნა
ალპები მეზობელი რეგიონებისაგან განსხვავებით გამოირჩევა მდიდარი ველური ფაუნით. ეს პირველ რიგში ეხება საშუალო და მაღალ- მთიან ზონებს, რომელსაც თავი შეაფარა მეზობელი ვაკეებიდან და დაბალმთიანი ზონიდან ადამიანის მიერ შევიწროებულმა ცხოველებმა.
მთის მდინარეები მდიდარია თევზით, მათ შორის კალმახით.
ბუნებრივი რესურსები
ბუნებრივი რესურსებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია რეკრეაცილი რესურსები. საერთაშორისო ტურისტების ნაკადით ალპებს მსოფლიოს ვერც ერთი რეგიონი ვერ შეედრება. ინტენსიურმა ტურისტულმა დატვირთვამ წარმოშვა ეკოლოგიური მდგომარეობის გამწვავება. ალპების ველური ბუნების გადარჩენა მისი ქვეყნების ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.
რეგიონს გააჩნია მძლავრი ჰიდროენერგეტიკული რესურსები. მინერალური რესურსებით არ არის მდიდარი. აღმოსავლეთ ალპებში ღერძული ზონის კრისტალურ ქანებთან დაკავშირებულია ადგილობრივი მნიშვნელობის შავი და ფერადი ლითონების მადნები — რკინის, მაგნეზიტის, სპილენძის, ქვაბულებში არის მურა ნახშირის მცირე მარაგი.