ალპანა
ალპანა – (ინგლ. Alpana, რუს. Алпана), კლიმატო-ბალნეოლოგიური საკურორტო ადგილი საქართველოში, ცაგერის მუნიციპალიტეტში, ქ. ცაგერიდან 23 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე, მდინარე ლაჯანურის შესართავთან, ზღვის დონიდან 560 მ-ის სიმაღლეზე. რელიეფი – ბორცვიან-მთაგორიანი.
დამტკიცებულია, როგორც საკურორტო ადგილი, საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ივლისის №655 ბრძანებულებით.
ჰავა – სუბტროპიკულია, ტენიანი, დაბალი მთის. ზამთარი რბილია, თოვლის საფარი არამდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 0°C. ზაფხული თბილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 20,4°C. ჰაერის წლიური ფარდობითი ტენიანობა შეადგენს 78%-ს, ხოლო ნალექების წლიური რაოდენობა – 1235 მმ-ს, მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში – 1750-1850 საათს.
საკურორტო ადგილის ტერიტორია დაფარულია ხეხილის ბაღებითა (ვაშლი, მსხალი, ხურმა და სხვ.) და ვენახებით, ხოლო მის მიდამოებში არის კოლხური ტიპის ტყე, რომლის ქვეტყეში გვხვდება ფოთლოვანი (კუნელი, გვიდო, თხილი, ჯონჯოლი, ზღმარტლი, იელი და სხვ.) და მარადმწვანე (ბზა, შკერი, თაგვისარა, ბაძგი) მცენარეულობა გვხვდება წაბლნარიც.
ალპანის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორებია: დაბალი მთის სუბტროპიკული ჰავა და სუსტი მინერალიზაციის (M-1 გ/დმ3) აზოტიანი, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატულ-სულფატური, ნატრიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყალი.
ალპანის ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია პასიური კლიმატოთერაპია და მინერალური წყლის აბაზანები.
ჩვენებები ალპანაში წასასვლელად: დასვენება; გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ფილტვების ქრონიკული, არასპეციფიკური დაავადებები; ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები; შარდ-სასქესო ორგანოების, საყრდენ-სამოძრაო აპარატისა და პერიფერიული ნერვული სისტემის პათოლოგიები.
ტურისტული ობიექტები:
ალპანასა და მის მიდამოებში (თაბორისა და ლაბეჭინის დიდმოწამისა, ძლევაშემოსილისა და საკვირველთმოქმედისა წმიდა გიორგის სახელობის მართლმადიდებლური ეკლესიები (შუა საუკუნეები); ზუბის, გვესოსა და ზოგიშის ციხეები (შუა საუკუნეები) და სხვ.).