დონებრივი ზედაპირი
დონებრივი ზედაპირი – (level surface), მშვიდ მდგომარეობაში მყოფი მსოფლიო ოკეანის და მასთან დაკავშირებული ზღვების საშუალო დონის მქონე ზედაპირი, წარმოსახვით გაგრძელებული ხმელეთის ქვეშ.
ყოველი სახელმწიფო მისი ტერიტორიისთვის გამოსადეგ დონებრივ ზედაპირს მიიჩნევს გეოიდის ზედაპირად. აბსოლუტური სიმაღლეების ათვლა ხდება ხელსაწყო ფუტშტოკით, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში ადგილის გეოგრაფიული სახელწოდება აქვს. კრონშტადტის ფუტშტოკიდან (ბალტიის ზღვა, სანქტ-პეტერბურგი, 1703 წ.) სიმაღლე აითვლება დსთ-ს ქვეყნებსა და პოლონეთში; ამსტერდამის ფუტშტოკიდან (ატლანტის ოკეანე, ნიდერლანდები, 1879 წ.) − ევროპის ქვეყნებში; მარსელის დონიდან − ხმელთაშუა ზღვისპირა ქვეყნებში; კალიფორნიის დონიდან – ამერიკის ქვეყნებში.
დაკვირვებებით დასტურდება, რომ მსოფლიო ოკეანისა და მასთან დაკავშირებული ზღვების საშუალო დონე თითქმის ერთნაირია. ბალტიის და შავი ზღვების დონეების სხვაობა 25-40 სმ-ია. უახლესი დაკვირვებებით ოკეანის საშუალო მრავალწლიანი დონე სამხრეთიდან ჩრდილოეთი განედებისკენ უმნიშვნელოდ იზრდება. აბსოლუტური სიმაღლეების ათვლა საქართველოს ტერიტორიაზე ხდება ბალტიის ზღვის დონიდან.