ნიკოლოზ დამასკელი
ნიკოლოზ დამასკელი – ძველბერძენი ისტორიკოსი.
სარჩევი |
ბიოგრაფია
ნიკოლოზ დამასკელი დაიბადა ძვ. წ. 64 წელს, სირიის ქალაქ დამასკოში. იუდეის მეფის იროდის გარდაცვალების დროს (ძვ. წ. 4) იგი ცოცხალი ჩანს. გარდაცვლილი უნდა იყოს (დაახლოებით) ახ. წ. საუკუნის დასაწყისში. ამასთან, მისი ეროვნებაც გაურკვეველია. ზოდი მას მაკედონელად თვლის, ზოგიც არამეელად. მისი მამა ანტიპატრე ქალაქ დამასკოს შეძლებული და წარჩინებული მოქალაქე ყოფილა. მას ნიკოლოზისათვის კარგი განათლება მიუცია. სვიდა წერს, ნიკოლოზმა ისწავლა ყველა მეცნიერება, ამაზე განსაკუთრებით ზრუნავდა მამამისი, რომელიც სიმდიდრესაც და სახელსაც თავის განათლებას უმადლოდაო. ნიკოლოზი წერდა ტრაგედიებსა და კომედიებს, მეცადინეობდა რიტორიკაში, მუსიკასა და მათემატიკაში, შეისწავლა ფილოსოფიური მოძღვრებანიც. დიდად განათლებულ ნიკოლოზს ერთხანს იუდეველთა მეფის – იროდის მრჩევლად და მდივნადაც უმუშავია. იგი ყოფილა ეგვიპტის დედოფლის კლეოპატრას ბავშვების აღმზრდელიც.
შემოქმედება
ჩვენთვის ცნობილია ნიკოლოზ დამასკელის ოთხი ნაშრომი:
1. „ჩემი ცხოვრებისა და აღზრდის შესახებ“;
2. „ისტორია“;
3. „ცეზარის ცხოვრება“;
4. „შესანიშნავი თავშესაქცევ ჩვეულებათა კრებული“.
ყველა ეს ნაშრომი ჩვენამდე მოღწეულია მხოლოდ ფრაგმენტების სახით, რომელნიც შემოუნახავთ სხვადასხვა ავტორებს, კერძოდ, უკანასკნელი თხზულების ფრაგმენტები შემოუნახავს მაკედონიის ქალაქ სტობეის მცხოვრებ იოანეს (ცხოვრობდა დაახლ. 450–500 წლებში), თავის „ყვავილთა კრებულში“ ანუ „ანთოლოგიაში.
ჩემი ცხოვრებისა და აღზრდის შესახებ
პირველ ნაწარმოებში – „ჩემი ცხოვრებისა და აღზრდის შესახებ“ ნიკოლოზ დამასკელი გადმოგვცემს ავტობიოგრაფიულ ცნობებს, აგრეთვე მოგვითხრობს იმაზე, თუ იუდეველთა მეფე იროდთან რას აკეთებდა და რა დავალებებს ასრულებდა. იროდის უფროსი შვილი ანტიპატრე, წერს ნიკოლოზ დამასკელი, რომელიც იროდს უბრალო ქალისაგან ჰყავდა, ეჭვობდა რომ მამა უპირატესობას უმცროს ვაჟიშვილებს მისცემდა, რომელიც მას წარჩინებულთა წრიდან გამოსული ცოლისაგან შეეძინა, ამის გამო, ანტიპატრემ უმცროსი ძმები იროდთან დაასმინა, თითქოს მათ საკუთარი მამის მოკვლა ჰქონდათ განზრახული. ნიკოლოზ დამასკელის რჩევა, რომ იროდს ეს ეჭვმიტანილი შვილები სადმე ციხეში ჰყოლოდა დაპატიმრებული და საქმის გულდასმით აწონ-დაწონვის შემდეგ მიეღო ზომები მათ წინააღმდეგ, იროდმა არ მიიღო და ისინი სიკვდილით დასაჯა.
ამის შემდეგ ანტიპატრემ გადაწყვიტა მზაკვრულად მოეკლა თვითონ იროდი, დანარჩენი ძმები და ძმისშვილები, რათა ცოცხლებს შორის აღარავინ დარჩენილიყო ტახტის მოცილედ. ამ მიზნით, ეგვიპტეში ფარულად იყიდა საწამლავი, მაგრამ შეთქმულების ერთ-ერთმა მონაწილემ გასცა იგი. იროდმა ანტიპატრეს მონების წამებით ყველაფერი შეიტყო. მან მოიწვია სინედრიონი წარადგინა იქ საწამლავი, აგრეთვე, მონების ჩვენებანი და რომიდან ანტიპატრეს მიერ მიღებული წერილი. მეფემ მოსამართლეობა ნიკოლოზს დაავალა. იგი ბრალს სდებდა, ანტიპატრე კი თავს იცავდა… ანტიპატრე დამნაშავედ ცნეს და სიკვდილი მიესაჯა. ნიკოლოზ დამასკელი იროდის ცხოვრებიდან და რომის იმპერატორ ავგუსტუსთან მისი ურთიერთობის შესახებ ბევრ სხვა საინტერესო ცნობებსაც გადმოგვცემს.
ისტორია
მეორე და ძირითადი ნაწარმოები ყოფილა 144 წიგნად დაწერილი „ისტორია“, რომლიდანაც, როგორც აღნიშნული იყო, მოღწეულია მხოლოდ ფრაგმენტები. ამ ნაწარმოების შესახებ თვითონ ნიკოლოზი წერდა, მისმა შექმნამ იმდენი შრომა და ჯაფა მოითხოვა, რომ მისი შესრულება ევრისთევსს ჰერკულესისთვის რომ დაევალებინა, ალბათ „მასაც კი ქანცს გაუწყვეტდაო, მართლაც, სვიდას სიტყვით, ეს ნაწარმოები, არსებითად „მსოფლიო ისტორია“ იყო, რომელიც მოიცავდა ძველი აღმოსავლეთისა და ანტიკური ქვეყნების დიდ ნაწილს და მოდიოდა ძველი წელთაღრიცხვის უკანასკნელ ათეულ წლამდე. მისი ფრაგმენტები შემოგვინახეს კონსტანტინე პორფიროგენეტმა, იოსებ ფლავიუსმა, სტეფანე ბიზანტიელმა, სტრაბონმა და სხვა.
ნიკოლოზ დამასკელის „ისტორიიდან“ ჩვენამდე მოღწეული ფრაგმენტები პირველი და მეორე წიგნი ეხება ასირიისა და მიდიის ისტორიას, მესამე – ტროას ომს, მეოთხე და მეხუთე – ლიდიის ისტორიას, მეექვსე – თესალიის და სპარტის ისტორიას, მეშვიდე – ტირანიას კორინთოსა და სიკიონში, მეთვრამეტე – თრაკიას, ოთხმოცდამეთექვსმეტე – ნოეს კიდობანს ბორის (ალბათ არარატის) მთაზე, ასმესამე და ასმეოთხე – პონტოს მეფე მითრიდატეს, ასმეშვიდე – სულას მიერ მიწების დარიგებას, ასმერვე – ტბებსა და სურნელოვან მცენარეებს ალპების მთებზე, ასმეათე – გლადიატორთა ბრძოლას რომში და ეტრუსკებისაგან მის გადმოღებას, ასმეთოთხმეტე – კრასუსის ბრძოლებს პართელებთან, ასმეთექვსმეტე – კელტური მოდგმის ტომის სოტიატების ზნე-ჩვეულებას, ასოცდამესამე წიგნიდან მოღწეული ფრაგმენტები კი ეხება იმას, თუ როგორ დაეხმარა თვითონ ნიკოლოზ დამასკელი იუდეველებს შეენარჩუნებინათ თავიანთი წეს-ჩვეულებანი.
ცეზარის ცხორება
მესამე ნაშრომი, „ცეზარის ცხოვრება“ მიძღვნილია მის თანამედროვე რომის იმპერატორ ოქტავიანე ავგუსტუსისადმი. ნიკოლოზი აღნიშნავს, რომ ოქტავიანეს ავგუსტუსი შეარქვეს „…ნიშნად მისი ღირსებისა. ხმელეთზე და კუნძულებზე, აგრეთვე ქალაქებში. სხვადასხვა ხალხები მას ტაძრებს უგებენ და ჯილდოს სახით მსხვერპლს სწირავენ ნიშნად მისი გამოჩენილი სიმამაცისა და მადლიერებისა მათთვის აღმოჩენილი სიკეთისათვის“.
შესანიშნავ თავშესაქცევ ჩვეულებათა კრებული
ნიკოლოზ დამასკელის მეოთხე ნაშრომი – „შესანიშნავ თავშესაქცევ ჩვეულებათა კრებული“ წარმოადგენს ეთნოგრაფიული ხასიათის ნაწარმოებს. ამ. ნაშრომიდან მოღწეული ფრაგმენტები საინტერესო ცნობებს შეიცავს სხვადასხვა ხალხის ტრადიციისა და ზნე-ჩვეულებათა შესახებ. ლუკანელები და ათენელები, აღნიშნულია იქ, სჯიან ადამიანებს უსაქმურობისთვისო. ლიბერნების შესახებ კი აღნიშნულია, რომ მათ საერთო ცოლები ჰყავთ და ბავშვებს ხუთი წლის ზევით იმ მამაკაცებს აკუთვნებენ რომელთაც ისინი ჰგვანანო.