ორერა
„ორერა“ – ვოკალურ-საკრავიერი ანსამბლი. სოპოტის საერთაშორისო ფესტივალის („სოპოტი- 72“) ლაურეატი. შექიმნა 1958 თბილისის უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტში (როგორც ვოკალური კვარტეტი) შემდეგი შემადგენლობით: რ. ბარძიმაშვილი (ხელმძღვანელი 1958-75), ზ. იაშვილი (ხელმძღვანელი 1981-87), თ. დავითაია და თ. ფანჩვიძე. 1961 კვარტეტი სახელმწიფო ფილარმონიის უწყებაში შევიდა. ანსამბლში დაიწყეს მოღვაწეობა ცნობილმა მომღერლებმა ნ. ბრეგვაძემ, ვ. კიკაბიძემ (1975-81 სამხატვრო ხელმძღვანელი) გ. ნადირაშვილმა (სამხატვრო ხელმძღვანელი 1987-იდან), თ. მეღვინეთუხუცესმა, ა. მანჯგალაძემ; მოგვიანებით ვ. ლომსაძემ, დ. სხირტლაძემ. 1965 „ორერა“ ჩამოყალიბდა პირველ პროფესიულ ვოკალურ-საკრავიერ ანსამბლად საქარტველოში. ანსამბლთან აქტიურად თანამშრომლობდნენ კომპოზიტორები: გ. ცაბაძე, ბ. კვერნაძე, ჯ. კახიძე, ს. მირიანაშვილი, შ. მილორავა, ო. თევდორაძე, გ. ყანჩელი. „ორერა“ ჟანრობრივად მრავალფეროვანი კოლექტივია. მის პროგრამაშია კამერული სიმღერები, ჯაზური სტილის ნაწარმოებები, კლასიკური და ხალხური რეპერტუარი. ანსამბლს წარმატება მოუტანა ქართულმა პოლიფონიურმა მელოდიებმა, აგრეთვე საზღვარგარეთის ესტრადის საუკეთესო ნიმუშებმა. „ორერა“-ს მოღვაწეობაზე გადაღებულია სრულმეტრაჟიანი მუსიკალური ფილმი „ორერა სრული სვლით“ (1970 რეჟ. ზ. კაკაბაძე). 1999 აღიარებულ იქნა XX საუკუნის ქართული ესტრადის საუკეთესო კოლექტივად და დაჯილდოვდა ოქროს ფირფიტით. გამოცემული აქვს აუდიო და ვიდეოკასეტები. დიდ საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგებულია ვარსკვლავური ფილა წარწერით „ორერა-2001“.