სკოპასი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სკოპასი – (ძვ. ბერძ. Σκόπας), ძვ.წ. IV ს-ის უდიდესი მოქანდაკე, წარმოშობით კუნძულ პაროსიდან იყო, მაგრამ ელადის მრავალ ქალაქში მოღვაწეობდა ძვ.წ. 380-330 წლებში.

სარჩევი

შემოქმედება

სკოპასის მიერ შექმნილი გმირები, მაღალი კლასიკის ძეგლების მსგავსად, აღსავსე არიან ღირსებით და კვლავ ადამიანის მშვენიერ იდეალს ამკვიდრებენ, ოღონდ მის შემოქმედებაში ჩნდება ამ იდეალის ახალი ხედვა, ახალი ნიშნები. თუ ძვ.წ. V ს-ის სკულპტურისათვის დამახასიათებელი იყო შინაგანი სიმშვიდე და წონასწორობა მაშინაც კი, როდესაც შინაარსობრივად. მძაფრი მომენტი გამოისახებოდა (ბრძოლა ან რაიმე აქტიური მოქმედება), სკოპასთან უკვე ვხვდებით აქტიურ მოძრაობას, აღსავსეს შინაგანი დაძაბულობითა და დრამატიზმით, რაც შესანიშნავად, ჩანს მის მიერ შექმნილ ჩვენამდე მოღწეულ საკმაოდ დაზიანებულ მარმარილოს რომაულ ასლში, სახელწოდებით „მენადა“.

მენადა
მენადა, რომაული ასლი

ეს არის დიონისეს მეგზური მოცეკვავე ქალი, რომელიც თავდავიწყებით მისცემია ცეკვას, მთელი მისი არსება თითქოს გრძნობამორეულ მოძრაობას მოუცავს. ფიგურა მკვეთრადაა გადახრილი უკან, თავიც უკან გადაუგდია, გრძელი თმები ტალღებად აყრია მხრებზე. იგი თითქოს საკუთარი ღერძის გარშემო სპირალურადაა დატრიალებული, რაც შმაგი მოძრაობის შთაბეჭდილებას გვიქმნის და თანაც გვაიძულებს, გარშემო შემოვუაროთ მას, რათა ცნობისწადილი დავიკმაყოფილოთ. ეს უკვე მნახველისაგან თავისი ფრონტალობით გამიჯნული ფიგურა როდია, იგი თითქოს წრეში ითრევს და საკუთარ შინაგან თუ გარეგნულ მღელვარებას გადასდებს მნახველს. მართლაც, ამ ფიგურის მშვიდად ცქერა შეუძლებელია. წერასატანილი იგი თავისი წრეგადასული ვნებით აფორიაქებს და სულს უმღვრევს ადამიანს. სადღაა ის თავშეკავებულობა, რომელიც ძვ.წ. V ს-ის მოქანდაკეების − მირონის, პოლიკლეტოსისა და ფიდიასის ქანდაკებებს ახასიათებდა. აქ, მენადას ფიგურაში, როგორც ვულკანიდან, ისე ამოიფრქვევა ადამიანის ვნებები, განცდები და ყოველივე ეს კვლავ სხეულის ენით გადმოიცემა, ყოველი ნაკვთი სხეულისა ამაზე მეტყველებს. მოკლე ქიტონის ნაოჭები ექოსავით იმეორებს, გამოკვეთს სხეულის ფორმებს, ფიგურის მოძრაობას, ხაზს უსვამს ახალგაზრდა ქალის მშვენიერსა და მკვრივ სხეულს. ავტორი თითქოს სხეულის საშუალებით გვესაუბრება ადამიანის გრძნობებზე. მოძრაობა ხდება გშირის შინაგანი მდგომარეობის გადმოცემისა და გამოხატვის საშუალება (მით უმეტეს, რომ მენადას სახე, ფაქტობრივად, არც აღიქმება). სამოსის ნაოჭებზე შუქჩრდილის მკვეთრი თამაში სულიერი მღელვარების შთაბეჭდილებას კიდევ უფრო აძლიერებს.

გავიხსენოთ მირონის „დისკობოლოსი“, სადაც ასევე საკმაოდ მკვეთრი მოძრაობა იყო გადმოცემული, მაგრამ ფიგურა მაინც შინაგანად თუ გარეგნულად სიმშვიდეს ასხივებდა. ეს იყო მშვენიერი ადამიანის იდეალური სახე, რომელშიც მძაფრი მოძრაობის მიუხედავად ყოველივე წონასწორობაში იყო მოყვანილი და ამის გამო ფიგურაც მშვიდი გვეჩვენებოდა. სკოპასი კი წარმოგვიდგენს ცეკვით ატაცებული, ექსტაზში მყოფი ქალის ბუნებრივ სახეს და მას უკვე სწორედ ამ ადამიანის გრძნობები და ვნებები აინტერესებს. ამაშია სწორედ მისი ნოვატორობა. სკოპასის შემოქმედებაში ანტიკური პლასტიკა უკვე კარგავს კრისტალურ სიმკაფიოვეს, სიმშვიდესა და სიმყარეს და, სამაგიეროდ, იძენს დინამიზმს, დრამატულობას, ძლიერ ემოციურობას.

სკოპასი. საფლავის ფილა მდინარე ილისოსიდან. დაახლ. ძვ.წ. 340 წ
მდინარე ილისოსიდან

ადამიანის გრძნობების გადმოცემას სკოპასის სხვა ნამუშევრებშიც ვხვდებით. ამის ნიმუშია ათენთან ახლოს, მდინარე ილისოსში ნაპოვნი საფლავის ფილა, შესრულებული დაახლებით ძვ.წ. 340 წელს. მასზე მარცხენა მხარეს გამოსახულია გარდაცვლილი ახალგაზრდა ჭაბუკის შიშველი ფიგურა, მხარზე გადაკიდებული უხვნაოჭიანი მოსასხამითა და მონადირის ჯოხით, მის ფეხებთან მდგარი ერთგული ძაღლით. ქვედა კუთხეში კი ჩამუხლული ბავშვის ფიგურაა წარმოდგენილი. სადღაც შორს, უსასრულობაში მიმართული ჭაბუკის მზერა აღსავსეა ლირიზმითა და სევდით. მისი მშვენიერი აღნაგობა, ლამაზი, პროპორციული, რბილი შუქ-ჩრდილით მოდელირებული სხეული ჰარმონიულობის შთაბეჭდილებას ბადებს მნახველში. სცენის მარჯვენა მხარეს კი გრძელ სამოსში გახვეული, ჯოხს დაყრდნობილი მოხუცი მამის ფიგურაა პროფილში გამოსახული. მას მზერა შვილისაკენ მიუმართავს, ჭაბუკი კი თითქოს ვერც გრძნობს მამის არსებობას, სრულიად გაუცხოებულია, თითქოს სხვა სამყაროსა და განზომილებაშია. მოხუცის ფიგურა გარინდებულია, მის მწუხარებას მხოლოდ ბაგეებთან მიტანილი ხელი და შვილისაკენ მიმართული სევდიანი მზერა გვამცნობს. მთელი მისი ფიგურა ნაღველნარევ ფიქრს განასახიერებს. იგი თითქოს ჩაძირულია შვილის დაკარგვით გამოწვეულ საკუთარ განცდაში. ზუსტი და გამომხატველი ჟესტები, ფიგურათა გამომეტყველებაც პოზები ყოველივე დრამატულ ჟღერადობას ანიჭებს რელიეფს.

ჰალიკარნასის მავზოლეუმის რელიეფი
სკოპასი. ჰალიკარნასოსის მავზოლეუმის ფრიზი. ფრაგმენტი. ძვ.წ. IV ს-ის შუა ხანა.

კოპასი, მართლაც, რელიეფის უზადო ოსტატი იყო და ამის დასტურია მის მიერ ჰალიკარნასოსის მავზოლეუმისათვის შესრულებული რელიეფები. რომელზეც ბერძნებისა და ამორძალების ბრძოლაა გამოსახული. თუ ამ ფრიზს ფიდიასის პართენონის ფრიზს შევადარებთ, მრავალ სიახლეს დავინახავთ. თუ ფიდიასის ფრიზზე ფიგურების მოძრაობით შექმნილი რიტმი თანდათან ვითარდება, აღწევს კულმინაციას და შემდეგ სრულდება, რაც მთელი კომპოზიციის დასრულებულობის შთაბეჭდილებას ქმნის, ჰალიკარნასოსის ფრიზი კონტრასტებზეა აგებული. ფიგურათა ჯგუფები ერთმანეთს უპირისპირდება, პაუზებიც მათ შორის მოულოდნელი და უეცარია, მკვეთრია კონტრასტი შუქსა და ჩრდილს შორის, თვით ფიგურების პოზები ძალზე აქტიური და დინამიკურია. ეს ყოველივე სცენის დრამატულობას ამძაფრებს. აქ უკვე მართლაც იგრძნობა ბრძოლის ქარცეცხლის რეალობა (ფიდიასის მეტოპების ბრძოლის სცენებისაგან განსხვავებით).

სკოპასი ერთ-ერთი პირველი ბერძენი მოქანდაკე იყო, რომელმაც უპირატესობა მარმარილოს მიანიჭა და უარი თქვა ბრინჯაოზე, რომელსაც ხშირად იყენებდნენ მაღალი კლასიკის ოსტატები, მაგ., პოლიკლეტოსი; როგორც ჩანს, მარმარილო, როგორც უფრო რბილი მასალა, შუქ-ჩრდილის რბილი თამაშითა და გადასვლებით, უფრო მისაღები და ახლობელი იყო სკოპასისათვის, ვიდრე ბრინჯაო, მისთვის დამახასიათებელი მკაცრი, მკვეთრი ფაქტურით.

სკოპასი მოღვაწეობდა როგორც ხუროთმოძღვარიც. ჩვენამდე მხოლოდ მის მიერ თებეში აგებულმა ათენას სახელობის ტაძრის ნანგრევებმა მოაღწია.

წყარო

ანტიკური საბერძნეთი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები