სოპდუ
სოპდუ – (ეგვ. Śpd.), მეოცე ქვემოეგვიპტური ნომის ღვთაება. გამოისახებოდა მჯდომარე შევარდნის სახით ან ანთროპომორფულად, თავზე მაღალი ბუმბულებით. მისი იეროგლიფით გამოიწერებოდა ნომის სახელი, ნომის დედაქალაქს „Pr Śpdw“, „სოპდუს სახლი“ ერქვა. დღეს მის ადგილზე სოფელი ზაფტ ელ-ჰენე მდებარეობს.
პირამიდების ტექსტებში გაიგივებულია მეფის კბილებთან. იქვე მოხსენიებულია, როგორც „śpd ibhw“, - „ბასრ-კბილებიანი“. მისი სახელი დაკავშირებულია სიტყვასთან „śpd“, – „წვეტიანი, ბასრი“, ამიტომ, თუმცა მისი შევარდნის სახე ძალიან ძველია, სავარაუდოდ თავდაპირველად კბილების ან ნიანგის სახით ეთაყვანებოდნენ.
მისი ანთროპომორფული სახე აზიური ტიპისაა, რაც ნომის მდებარეობით (ეგვიპტის აღმოსავლეთ საზღვართან) იყო განპირობებული. ეძახდნენ „აღმოსავლეთის ბატონს“. ითვლებოდა აღმოსავლეთი საზღვრების და უცხო ქვეყნებისაკენ მიმავალი გზების დამცველად, რომელიც „აზიელებს ჟლეტდა“. მისი სახელი გვხვდება მრავალ ძეგლზე წითელი ზღვის სანაპიროს გასწვრივ და სინაის ნახევარკუნძულზე. როგორც შევარდნის სახის ღვთაება, ბუნებრივად შეერწყა ხორს. პირამიდების ტექსტების თანახმად, ფარაონის და სოთისის კავშირის შედეგად იბადება ასტრალური ღვთაება ხორ-სოპდუ.