ქაშაკაშვილი ვალერიან
ვალერიან ქაშაკაშვილი – (3 მასისი 1898, სოფ. ბაღდათი — 17.VII.1954, თბილისი), ქართველი მომღერალი (ბარიტონი).
1923 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფ. ა. ჯაყელის კლასი). 1920-25 იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი.
პარტიები: ამონასრო (ვერდის „აიდა“), ტონიო (ლეონკავალოს „ჯამბაზები“), აბდულ-არაბი (დ. არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“), კიაზო (ზ. ფალიაშვილის „დაისი“). 1925 ოსტატობას სრულყოფდა მილანის თეატრ „ლა სკალაში“ (მარიო სამარკოსთან). იტალიაში ყოფნის პერიოდში (1925-28) ქაშაკაშვილმა (ქაშელისა და თორელის ფსევდონიმით) რომისა და გენუის საოპერო თეატრებში შეასრულა რიგოლეტოს, ჟერმონის, ამონასროს (ვერდის „რიგოლეტო“, „ტრავიატა“, „აიდა“), სკარპიას (პუჩინის „ტოსკა“), ტორეადორის (ბიზეს „კარმენი“), ტონიოს (ლეონკავალოს „ჯამბაზები“), ალფონსოს (დონიცეტის „ფავორიტი ქალი“) პარტიები. 1928-48 მღეროდა თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე.
1932-38 მღეროდა ტენორის პარტიებს. ქაშაკაშვილს ჰქონდა ძლიერი, ხავერდოვანი ხმა. შეასრულა 30-მდე პარტია. 1928-იდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას (1937-იდან თბ. კონს-ში) მოწაფეები: გ. გრიგორაშვილი, თ. მუშკუდიანი, ლ. ჭყონია და სხვ.
ლ. კაკულია