ლა სკალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლა სკალა

„ლა სკალა“ – (La Scala, სრული სახელმწოდება – Teatro alla Scala), საოპერო თეატრი მილანში, მსოფლიო საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი.

შენობა აგებულია 1776-78 (არქიტექტორ ჯ. პიერმარინი), 2200 მაყურებელისათვის. შენობა აღიმართა იმ ადგილას, სადაც მანამდე იდგა ეკლესია „სანტა მარია დელა სკალა“ (აქედან მოდის თეატრის სახელწოდებაც).

XIX ს-ში თეატრი გახდა ერთ-ერთი გამორჩეული ცენტრი მსოფლიო საოპერო ხელოვნებაში. „ლა სკალაში“ მღეროდნენ გამოჩენილი მომღერლები: ჯ. რუბინი, ჯ. პასტა, მ. მალიბრანი, ა. პატი, ფ. ტამანიო, მ. ბატისტინი, ე. კარუზო, თ. შალიაპინი, ტ. რუფო, ტ. სკიპა, ბ. ჯილი, მ. დელ-მონაკო, მ. კალასი, რ. ტებალდი, ტ. გობი, ლ. პავაროტი, პ. დომინგო და სხვ. მოღვაწეობდნენ მსოფლიოს საუკეთესო დირიჟორები. 1898-1903 და 1921-29 მთ. დირიჟორი იყო ა. ტოსკანინი. თეატრთან შემოქმედებითი კავშირები ჰქონდათ კომპოზიტორებს: ბელინის, როსინის, დონიცეტის, ვერდის, პუჩინის და სხვ. საქართველოდან სტაჟიორად იყვნენ მივლინებულნი: ნ. ანდღულაძე, ზ. სოტკილავა, პ. ბურჭულაძე, ა. ხომერიკი და სხვ. 1955 გაიხსნა ლა სკალას ფილიალი, ე.წ. „პიკოლა სკალა“, სადაც იდგმება უპირატესად XVII-XVIII სს. აგრეთვე თანამედროვე კამერული ოპერები. ლა სკალას სპექტაკლებში სხვადასხვა დროს მონაწილეობა აქვთ მიღებული ქართველ მომღერლებს: ფ. ქორიძეს (1870-71), პ. ბურჭულაძეს, ვლ. ათანელიშვილს, ბ. მაისურაძეს, ი. ალიბეგაშვილს, ნ. სურგულაძეს, ა. რაჭველიშვილს, ნ. მაჩაიძეს, ს. მჭედლიშვილს, გ. გაგნიძეს და სხვ.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები