ყურებიანი ბუ (ოლოლი)
ყურებიანი ბუ (ოლოლი) (ლათ. Asio otus Linnaeus, 1758) − ფრინველი ბუსნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბუსნაირნი (Strigiformes)
- ოჯახი − ბუსებრნი (Strigidae)
- გვარი − ოლოლი (Asio)
ყურებიანი ბუ საშუალო ზომის ფრინველია, ფრთა 280-300 მმ-ია, ნისკარტი – 13-14 მმ, წონა – 285-330 გ. დედალი ოდნავ დიდია მამალზე; შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება უმნიშვნელოა (დედალი უფრო ღია ფერისაა, ვიდრე მამალი). ზრდასრული ფრინველი ზემოდან მკრთალი ან მოქარცისფრო-ცვილისფერია, მაგრამ ძლიერ დაწინწკლულია მუქი მურა ღერძულა ხაზებით და წვრილი მოწაბლისფრო წინწკლებით. მხრებისა და ფრთის შუა და ქვემო მფარავების გარეთა მარაოებზე თეთრი ლაქებია. პირველი რიგის მომქნევები მკრთალი ჟანგმიწისფერია. მათ გარეთა მარაოებზე სამ-სამი მოშავო-მურა ლაქებია, ხოლო ფართო მურა შიგნითა მარაოებზე განივი ზოლები. საჭის ბუმბულები ძირულ მკრთალი ჟანგმიწისფერია, ხოლო წვეროში – რუხი, მკრთალი მურა განივი ზოლებით. სახის დისკო ოქროსფერ-ცვილისფერია; თვალებთან შავი ლაქებია; ნიკაპი და ყელი თეთრია, მკერდი და მუცელი მოთეთრო ან მოყვითალო-ცვილისფერი, მსხვილი მურა ღერძულა ზოლებით. ფეხები თითებამდეა შემოსილი, ბრჭყალები და ნისკარტი შავია ან მუქი რქისფერი.
აღწერილია 4 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი ოლოლი – A. o. otus Linn., 1758.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობბის არეალი მოიცავს ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთი ამერიკის ტყის ზონებს. მოიპოვება აფრიკაშიც (ალჟირი, ტუნისი, მაროკო, ეთიოპია) ევრაზიაში ჩრდილოეთით ვრცელდება ტყე-ტუნდრის ზოლამდე, ხოლო სამხრეთით მოიპოვება ხმელთაშუა ზღვამდე, ჩრდილოეთ ირანში, თურქესტანში, ჰიმალაიზე, ალტაიზე, ცენტრალურ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში, კორეასა და იაპონიაში. კამჩატკისა და სახალინის ტყეებში არ არის. იზამთრებს აღმოსავლეთ და ცენტრლურ ჩინეთში, ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში, პაკისტანში, აფრიკაში ნილოსის ხეობაში. საქართველოში ცნობილია როგორც მობუდარი ფრინველი.
ბიოტოპი
ბინადრობს ტყეში, უპირატესად – წიწვიანებში, სადაც ამავე დროს არის ღია ადგილები; ხშირად – პარკებსა და ბაღებშიც. კავკასიაში მოიპოვება 2750 მ-მდე ზ. დ.
გამრავლება
ჩვეულებრივად ბუდობს სხვა ფრინველების – ყვავის, კაჭკაჭის, ჭილყვავის, კაკაჩას, ძერას მიერ მიტოვებულ ძველ ბუდეში, იშვიათად – ფუღუროში, ზოგჯერ მიწაზეც. მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში დებს 4-5 კვერცხს. თაგვისებური მღრღნელების სიმრავლის პირობებში კვერცხების რაოდენობა 7-8, ზოგჯერ 10-საც აღწევს. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 27-28 დღემდე გრძელდება.
კვება
ძირითად საკვებს შეადგენენ თაგვისებური მღრღნელები. იჭერს ზოგჯერ პატარა ზომის ფრინველებსაც, მაგრამ თაგვისებური მღრღნელების სიმცირის დროს, ფრინველებით ვერ იკმაყოფილებს მოთხოვნილებას, რის შედეგადაც შეიძლება არც კი გამრავლდეს.
მნიშვნელობა
თაგვისებური მღრღნელების განადგურებით დიდი სარგებლობა მოაქვს სოფლის მეურნეობისათვის.