ძერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ძერა

ძერა (ლათ. Milvis korschun Gelin, 1770) – ფრინველთა გვარი ქორისებრთა ოჯახისა შავარდნისნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში გვხვდება 2 სახეობა – ბორა და ძერა.

ძერა საშუალო სიდიდის ფრინველია, ფრთა 420-540 მმ-ია, კუდი — 250-330 მმ, ნისკარტი (ცვილანიდან) — 25-30 მმ, წონა — 800-900 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში არაა გამოხატული. ზრდასრული ფრინველი ზემოდან მუქი მურაა, ზურგის ბუმბულებზე მუქი ღერძულა ზოლებია. თავი ჩვეულებრივად ღია ფერის, ზოგჯერ მოთეთროა, შავი გასწვრივი ხაზებით. ყელი მოთეთროა, მკერდი — მურა. სხეულის ქვემო მხარე მურაა, მაგრამ ზურგთან შედარებით უფრო ღიაა ან მოქარცისფროა, განსაკუთრებით სხეულის უკანა ნახევარში. მომქნევები თითქმის შავია, ხოლო მურა ფერის საჭის ბუმბულებზე კარგად ჩანს მუქი განივი ზოლები. ფრთები გრძელი და მახვილია. საჭის კიდურა ბუმბულები შუა ბუმბულებზე გრძელია, ე. ი. კუდი ამოკვეთილია ნესტოები ნისკარტის ირიბადაა განლაგებული. გალო მოკლეა და თითქმის ნახევრამდე შემოსილია, წინიდან კი განივი ფარებითაა დაფარული. ბრჭყალები ყოველთვის შავია. ნისკარტისა და ფეხების ფერი იცვლება ასაკისა და ქვესახეობების მიხედვით.

აღწერილია 8 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ევროპული ძერა — M. k. korschun Gmel., 1770.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მეტად ვრცელია. იგი მოიცავს თითქმის მთელ ევროპასა და აზიას ბრიტანეთის, სკანდინავიისა და უკიდურესი ტაიგისა და ტუნდრის გამოკლებით. ბუდობს თითქმის მთელ აფრიკაში (გარდა უდაბნოებისა) და მადაგასკარზე, ინდო-ავსტრალიის არქიპელაგზე და ავსტრალიაში. პალეარქტიკის დიდ ნაწილში გადამფრენია, ხოლო სხვაგან — მობინადრე. ზამთრობს შუა აფრიკაში და სამხრეთ აზიაში (ირანი, ინდოეთი, ინდოჩინეთი, ჩინეთი). საქართველოში ცნობილია, როგორც მობინადრე ფრინველი.

ბიოტოპი

ბინადრობს მაღალტანიან ტყეებში, ჩვეულებრივად წყალსატევების მახლობლად. ტყეში ბუდობს, ხოლო წყალსატევებში (ტბებში, მდინარეებში) მოიპოვებს საკვებს მართვეებისათვის. უპირატესად დაბლობებში გვხვდება, თუმცა კავკასიაში ბუდობს ტყის ზემო ნაწილშიც.

გამრავლება

ბუდეს იკეთებს ხეზე, ტყისპირებთან ან მდინარის მახლობლად ჭალაში. ბუდე ამოფენილია ჩვრებით, ქაღალდით, ბალნით, ნაირგვარი ნარჩენებით. ძერას ბუდის კედელში ზოგჯერ ბუდობს მინდვრის ბეღურა. აპრილის ბოლო დეკადაში ან მაისის დასაწყისში დებს 2-4 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 30 დღემდე გრძელდება.

კვება

პოლიფაგი ფრინველია. იკვებება ნაირგვარი ნარჩენებით, ძუძუმწოვართა და ფრინველთა ლეშით, მკვდარი თევზებით, იჭერს პატარა ზომის მღრღნელებს, ფრინველებს, ქვეწარმავლებს, ამფიბიებს, ლიგულით დაავადებულ თევზებს, მწერებს და ა. შ.

მნიშვნელობა

მეფრინველეობის ფერმისათვის შეუძლია გარკვეული ზიანის მოტანა, მაგრამ სხვაგან სასარგებლოა, რადგან მრავლად ანადგურებს მავნე თაგვისებურ მღრღნელებსა და მწერებს.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები