შავჩიჩახვა ღორიხვა
აღწერილია 4 ქვესახეობა. საქართველოში გვხვდება ევროპული შავჩიჩახვა ღორიხვა − G. a. arctica Linn., 1758.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთი ამერიკის არქტიკულ, სუბარქტიკულ და ბორეალურ ზონებს. ევროპაში სამხრეთით სსრკ შუა ზოლამდე, აზიაში − ბალხაშამდე, ჩრდილო-დასავლეთ მონგოლეთამდე და სახალინამდე. ჩრდილოეთით მოიპოვება კონტინენტის ფარგლებში და ყინულოვანი ოკეანის კუნძულებზე. ამერიკაში − გრენლანდია, ბრიტანეთის კოლუმბია და ჩრდილო-დასავლეთი ალასკა. ზამთრობით არარეგულარულად მოიპოვება შუა ევროპამდე, შავ და კასპიის ზღვებამდე. საქართველოში გვხვდება ზამთრობით.
ბიოტოპი
ბუდობის პერიოდში ბინადრობს კონტინენტურ წყალსატევებზე, ბარისა თუ მთების ტბებზე, ხოლო ზამთრობით − ზღვების სანაპირო ზოლში.
გამრავლება
ტიხტიხი ტუნდრაში იწყება მაისის ბოლოს. უფრო სამხრეთით − ერთი თვით ადრე. ბუდეს იკეთებს მიწაზე, წყლის უშუალო სიახლოვეს. ბუდე მარტივია, ზოგჯერ ამოფენილია მცენარეული მასალით. გამონაკლის შემთხვევაში აკეთებს მცურავ ბუდესაც. ბუდობა შუა ზოლში აპრილის შუა რიცხვებში, სამხრეთით, ბალხაშზე − აპრილის ბოლოს, ტუნდრაში − ივნისის შუა რიცხვებში. ამგვარად, გამრავლების თარიღები განსხვავებულია ზონალობის მიხედვით, რაც დამოკიდებულია წყალსატევების ყინულისაგან განთავისუფლების ვადებზე. დებს 1-2, იშვიათად 3 კვერცხს. კვერცხებს დებს 48 საათის შუალედებით. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა 25 დღემდე აღწევს.
კვება
ძირითადი საკვებია თევზები, რომელთაც მოიპოვებს ჩაყვინთვით. წყლის ქვეშ შეუძლია გაძლოს 2 წუთს. ამ დროს ცურავს არა მარტო ფეხების დახმარებით, არამედ ზოგჯერ იშველიებს ფრთებსაც. დამატებით საკვებს წარმოადგენს ნაირგვარი უხერხემლოები.
მნიშვნელობა
შავჩიჩახვა ღორიხვას პრაქტიკული მნიშვნელობა დიდი არაა. ზოგჯერ, როცა იგი ბევრია წყალსატევზე, შეუძლია ზიანის მოტანა თევზის მეურნეობისათვის. მასზე იშვიათად ნადირობენ, უმთავრესად ტყავისათვის და არა ხორცისათვის, რომელიც მდარე ხარისხისაა.
იხილე აგრეთვე