ძორახ-წუ
ძორახ-წუ (ინგუშ. Дзорах-цIцIу) – ხამხის თემის (ინგუშეთი) მფარველი ღვთაება. მისი სახელობის საკულტო ნაგებობა, მდებარე სოფ. ოძიკთან ახლოს, წარმოადგენს ორფერდასახურავიან ქვის შენობას (დაახლ. 12 X 4 მ.) ორი კარით, რომელთაგან ერთი საკუთრივ სამგანყოფილებიანი სალოცავისაა, მეორე კი – სასაწყობე სათავსის. ნაგებობის გარეთ საწესო სუფრისთვის მოწყობილია ქვის მაგიდები და სკამები და 6 მ-ის სიგრძის მოკიწყლული ბილიკი, სადაც მოდავეები ფიცს დებენ („დუუ“).
შობისა და ახალი წლის დღესასწაულებზე ძორახ-წუს ელგუცთან (საკულტო ნაგებობასთან) იმართებოდა მხოლოდ მამაკაცთა ლოცვა, რომელსაც ოძიკში მცხოვრები გვარები ხელმძღვანელობდნენ. მათგან ირჩევდნენ კულტმსახურს, სადღეობო სუფრის („შუნი“) განმწესრიგებელსა („შუნეჲ დოა“) და მომსახურე პერსონალს. სადღეობო თადარიგს შობამდე იწყებდნენ: სამსხვერპლო საქონელს (ცხვარს ან ხარს) ორი თვის განმავლობაში განსაკუთრებით კვებავდნენ; წინა საღამოს ამზადებდნენ თეგუმს, აცხობდნენ სხვადასხვა ფორმის ღვეზელებს. დღესასწაულის დილას უხუცესები ელგუცთან იკრიბებოდნენ, სასაწყობე სათავსში, ცოტაოდენს შეჭამდნენ და დალევდნენ, რათა ლოცვისას უზმონი არ ყოფილიყვნენ (მიიჩნევდნენ, რომ უზმოზე არცერთი საქმე, მათ შორის ლოცვა, არ შეიძლებოდა); შემდეგ ხატისმსახურთან ერთად ლოცვას შეუდგებოდნენ (ძორახ-წუს ევედრებოდნენ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, კარგ ამინდებს და ა. შ.). სამლოცველოს ნიშებში ენთო სანთლები, იქვე იატაკზე ელაგა შესაწირი თეგუმები, რომლებსაც, სამსხვერპლო საკლავთან ერთად, კულტმსახური დაამწყალობნებდა. ამ საკლავის ტყავი და ცოტაოდენი ხორცი შემომწირველს სახლში მიჰქონდა, დანარჩენი ხმარდებოდა მოედანზე გამართულ სადღეობო სუფრას, რომელიც დაღამებამდე გრძელდებოდა. ვაინახები ახალი წლის წინა დღეს, ავი თვალისა და სულის საწინააღმდეგოდ, ასკილის ტოტებს საცხოვრებელ და სამეურნეო ნაგებობებზე ამაგრებდნენ; ვახშმად გირცებს მიირთმევდნენ. ერთ მათგანს დიასახლისი კერაზე ნაცარში ჩაფლავდა და იტყოდა: „დე, საუკუნოდ ენთოს ცეცხლი!“ სამ გირცს კედლის ნიშში დადებდნენ და მკითხაობდნენ: თუ მათ თაგვები დახრავდნენ, იმ წელიწადს უხვი მოსავალი იქნებოდა. ამავე საღამოს წინასწარმეტყველების უნარით დაჯილდოებული კაცები, ელგუცში მუცელზე მწოლნი, მიწას ყურს ადებდნენ და გათენებამდე ასეთ მდგომარეობაში რჩებოდნენ, დილით კი ხალხს დამდეგ წელს მოსახდენ კარგ თუ ცუდ ამბებს აუწყებდნენ. ახალი წლის დილას მამაკაცები ძორახწუს სალოცავისკენ გასწევდნენ. ლოცვა და მსხვერპლშეწირვა საშობაო რიტუალის იდენტური იყო.
წლიური დღეობების გარდა, ძორახ-წუს ელგუცში ეპიდემიის, გვალვის და სხვა განსაკუთრებული შემთხვევების დროსაც ლოცულობდნენ.
ლიტერატურა
Шиллинг Е. М. Ингуши и чеченцы // Религиозные верования народов СССР. М.,-Л., 1931.