ჯილი ბენიამინო
ბენიამინო ჯილი − 20 მარტი 1890, რეკანატი − 30 ნოემბერი 1957, რომი), იტალიელი მომღერალი (ტენორი). სიმღერას სწავლობდა რომის სანტა-ჩეჩილიას აკადემიაში (ა. კოტონისა და ე. როზატისთან). 1914 შედგა ჯილის დებიუტი როვიგოს (ვენეციის მახლობლად) საოპერო სცენაზე. შემდეგ დიდი წარმატებით გამოდიოდა იტალიის მრავალ ქალაქში. 1918 ა. ტოსკანინიმ მიიწვია მილანის „ლა სკალას“ სცენაზე (ფაუსტის პარტია ბოიტოს ოპერაში „მეფისტოფელი“). 1920-32 ჯილი ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ-ოპერის“ სოლისტი იყო. გასტროლებით შემოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა. 1954-იდან საოპერო სცენა მიატოვა და საკონცერტო მოღვაწეობა განაგრძო.
ბენიამინო ჯილი XX ს. ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მომღერალია, ბელკანტოს უდიდესი წარმომადგენელი. ჰქონდა იშვიათად ლამაზი ტემბრის, ყველა რეგისტრში თანაბრად და სავსედ მჟღერი ხმა, ნატიფი მუსიკალობა, ბრწყინვალე ვოკალური ოსტატობა. მისი პარტიებია: ნემორინო (დონიცეტის „სიყვარულის ნექტარი“), დე გრიე (მასნეს „მანონი“ და პუჩინის „მანონ ლესკო“), ლოენგრინი (ვაგნერის „ლოენგრინი“), რადამესი (ვერდის „აიდა“), კავარადოსი (პუჩინის „ტოსკა“), კანიო (ლეონკავალოს „ჯამბაზები“), ტურიდუ (მასკანის „სოფლის ღირსება“) და სხვ. გადაღებულია მრავალ ფილმში.