ბაღის ასპუჭაკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაღის ასპუჭაკა (ლათ. Sylvia borin Boddaert, 1783) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

ბაღის ასპუჭაკა ბეღურაზე პატარა ფრინველია, ფრთა 73-83 მმ-ია, კუდი 50-60 მმ, ნისკარტი – 9-11 მმ, წონა – 15-25 გ. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი შეუმჩნეველია. ზრდასრული ფრინველი ზურგის მხარეს მორუხო-მურაა; მომქნევები და საჭის ბუმბულები მოწაბლისფროა, მაგრამ მეორე რიგის მომქნევების წვეროებზე ვიწრო მოთეთრო არშიებია. ყურების მფარავები მორუხო-ჟანგმიწისფერია. ყელი, მკერდი, მუცელი და კუდქვეშა ბუმბულები მორუხო-თეთრია. თვალებს ზემოთ ოდნავ შესამჩნევი ღია ფერის ზოლებია. შემოდგომით, ახალ ბუმბულსაფარველზე, ზურგის მხარეს წენგოსფერი ელფერი ჩნდება. ნისკარტი მოწაბლისფროა, ხოლო ფეხები – მოწაბლისფრო-რუხი.

აღწერილია 2 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ევროპული ბაღის ასპუჭაკა – S. b. borin Bodd., 1783.

სარჩევი

გავრცელება

ბუდობს თითქმის მთელ ევროპაში და დასავლეთ ციმბირში: დასავლეთით ჩრდილო-აღმოსავლეთი ესპანეთიდან და ბრიტანეთის კუნძულებიდან, აღმოსავლეთით – მდ. ენისეიმდე და ალტაის ჩრდილოეთ და დასავლეთ კალთებამდე; ჩრდილოეთი საზღვარი გადის სკანდინავიის ჩრდილოეთი ნაწილიდან კანდალაქშზე, არხანგელსკზე, მდ. პეჩორასთან 63-ე პარალელზე, მდ. ობზე ბერიოზოვოსთან და ენისეისკზე; სამხრეთით მოიპოვება შუა ესპანეთამდე, სიცილიაზე, ალბანეთში, ბულგარეთში. ყირიმში, ამიერკავკასიაში, ვოლგისა და ურალის შესართავამდე და დასავლეთ ალტაიმდე. ზამთარს ატარებს ტროპიკულსა და სამხრეთ აფრიკაში. საქართველოში მოიპოვება ყველგან, როგორც მობუდარი ფრინველი.

ბიოტოპი

ბინადრობს ძირითადად ბუჩქნარებში, მეჩხერი ტყის ქვე-ტყეში, ტყისპირებში, ბაღებსა და პარკებში.

გამრავლება

ბუდეს აკეთებს ერთობლივად ორივე სქესის ფრინველი. ბუდე მოთავსებულია ბუჩქზე, დაბალ ხეზე, ზოგჯერ გვიმრაზე ან ხის გადანაჭერზე. მაისის მეორე ნახევარში, ზოგან ივნისის პირველ რიცხვებში დებს 4-6 კვერცხს. კრუხად ჯდება მორიგეობით ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდი 11-12 დღეს გრძელდება. არის ცნობები ივლისში მეორედ ბუდობის შესახებაც.

კვება

სხვა ასპუჭაკების მსგავსად, იკვებება ძირითადად მწერებით, ხოლო ზაფხულის მეორე ნახევარში, მწერებთან ერთად, ჭამს კენკრასაც.

მნიშვნელობა

მავნე მწერების მასობრივად განადგურებით მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს ტყის, ბაღებისა და პარკებისათვის. აქვს ესთეტიკური მნიშვნელობაც თავისი სასიამოვნო გალობის გამო.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები