არხანგელსკოე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არხანგელსკოე – (ინგლ. Arkhangelskoe, რუს. Архангельское), კლიმატურ-ბალნეოლოგიური, სათხილამურო-საკურორტო ადგილი რუსეთის ფედერაციაში, მოსკოვის ოლქის კრასნოგორსკის რაიონში, ქ. მოსკოვიდან 22 კმ-ში, დასავლეთით, ხოლო ქ. კრასნოგორსკიდან 4 კმ-ში, სამხრეთ-აღმოსავლეთით. მდებარეობს მდინარე მოსკოვის (მდინარე ოკის მარცხენა შენაკადი) ნაპირზე. რელიეფი – ბორცვიანი.

ჰავა – ზომიერად კონტინენტური. ზამთარი ცივია და ხანგრძლივი. თოვლის საფარი მდგრადია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -10°C. ზაფხული გრილია. ივლისის საშუალო ტემპერატურაა 17°C. ნალექების წლიური რაოდენობა საშუალოდ შეადგენს 550 მმ-ს.

არხანგელსკოეს ტერიტორიაზე გავრცელებულია: ნაძვი, ფიჭვი, არყის ხე, მუხა და ცაცხვი. საკურორტო ადგილის მიდამოები დაფარულია: ფიჭვნარით, ნაძვნარითა და არყნარით. ტყეებში უამრავი სოკოა.

საკურორტო ადგილის სამკურნალო ფაქტორებია: ტყის არომატებით, აეროიონებითა და ფიტონციდებით გაჯერებული სუფთა ჰაერი და სუსტი მინერალიზაციის სულფატურ-მაგნიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყალი „არხანგელსკოე“.

არხანგელსკოეში ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორების გამოყენების მეთოდებია პასიური კლიმატოთერაპია და მინერალური წყლის პერორალური მიღება (დალევა).

ჩვენებები არხანგელსკოეში წასასვლელად: დასვენება; თხილამურებით სრიალი და ციგურაობა ზამთარში; გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, სანაღვლე გზებისა და პანკრეასის დაავადებები; ნივთიერებათა ცვლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები.

ტურისტული ობიექტები:

არხანგელსკოეში (დიდი სასახლე (1784-1820 წლები); თავად იუსუპოვების ტაძარი-აკლდამა (1909-1916 წლები); წმიდა ჭიშკრები (1824 წელი); მთავარანგელოზ მიქაელის მართლმადიდებლური ტაძარი (1660 წელი); თიხატკეპნილი გალავანი (1824 წელი); საკუჭნაო ხრამზე (აშენდა XVIII საუკუნის 90-იან წლებში და გადაკეთდა 1816 წელს); კანტორის ფლიგელი (აშენდა XVIII საუკუნის 90-იან წლებში და გადაკეთდა 1822-1823 წლებში); მცირე სასახლე „კაპრიზი“ (აშენდა XVIII საუკუნის 90-იან წლებში და გადაკეთდა 1817- 1818 წლებში); ჩაის სახლი (XVIII საუკუნის 90-იანი წლები); არხანგელსკოეს პარკი (XVIII-XIX საუკუნეები); გონზაგოს თეატრი (1817-1818 წლები); ეკატერინე II-ის ტაძარი-ძეგლი (1819 წელი); ვარდისფერი შადრევანი (1850 წელი); ა. პუშკინის ძეგლი (1816 წელი); და სხვ.), ქ. კრასნოგორსკსა და მის მიდამოებში (მართლმადიდებლური ეკლესიები – ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა, ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამის მიძინების (1879 წელი); წმიდა ლუკას (XX საუკუნე) და სხვ.; გასართობი პარკი და ვ. ზადოროჟნის ტექნიკის მუზეუმი (XX საუკუნე); კარ-მიდამო ზნამენსკოე-გუშაილოვო მართლმადიდებლური ეკლესიით (XVIII-XIX საუკუნეები); კარ-მიდამო ილინსკოე (XVIII-XIX საუკუნეები) მართლმადიდებლური ეკლესიით (1732-1735 წლები) და სხვ.)

წყარო

მსოფლიო კურორტები და საკურორტო ადგილები: მცირე ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები