კლდის სინეგოგა
კლდის სინეგოგა (ლათ. Sitta neumayer Michahelles, 1830) – ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − სინეგოგასებრნი (Sittidae)
- გვარი − სინეგოგა (Sitta)
კლდის სინეგოგა პატარა ზომის ფრინველია; ფრთა 75-85 მმ-ია, კუდი – 45-55 მმ, ნისკარტი – 17-21 მმ, წონა – 20-30 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში შეუმჩნეველია. ზრდასრული ფრინველი ზურგის მხარეს ნაცრისფერია. თავის გვერდებზე, ნისკარტიდან თვალების გასწვრივ, შავი ზოლებია. ყელი და ჩიჩახვი თეთრია, დანარჩენი ქვემო მხარე – ჟანგმიწისფერ-ქარცი; შეფერვა უფრო ინტენსიურია კუდქვეშა ბუმბულების გვერდებზე. ლოყები, ყურების მფარავები და კისრის გვერდები, შავი ზოლების ქვემოთ, თეთრია, მომქნევები მორუხო-მურა. საჭის ბუმბულები მუქი მურაა, მაგრამ კიდურა წყვილს წვეროები ღია ქარცი აქვთ. ნისკარტი მურაა, ნისკარტქვედა – უფრო ღია ფერის, ფეხები – მორუხო-მურა.
ზოგიერთი ავტორი კლდის სინეგოგას 5-6 ქვესახეობას ცალკე სახეობად მიიჩნევს. სხვები, ერთი სახეობის ფარგლებში 10 ქვესახეობას გამოყოფენ. ორივე შემთხვევაში მიღებულია, რომ საქართველოში გავრცელებულია კავკასიური კლდის სინეგოგა – S. n. rupicola Blanford, 1873.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის არეალი მოიცავს ბალკანეთის ნახევარკუნძულს (იუგოსლავია, ალბანეთი, საბერძნეთი), მცირე აზიას, სირიას, პალესტინას, ირანს, ავღანეთს, ჩრდილოეთ ბელუჯისტანს. სსრ კავშირის ფარგლებში მოიპოვება ამიერკავკასიაში და თურქმენეთის მთების სისტემებზე – პამირზე, ცენტრალურ და დასავლეთ ტიანშანზე. ყოფნის ხასიათის მიხედვით მობინადრეა, მაგრამ სეზონურად მომთაბარეობს ვერტიკალური მიმართულებით. საქართველოში მოიპოვება მრავალ ადგილას, როგორც მობინადრე ფრინველი.
ბიოტოპი
გამრავლების პერიოდში მოიპოვება მთების ფერდობების კლდოვან ადგილებში, ხეობების ფლატეებზე, კლდეების ფრიალო შვერილებზე. ზამთარში ეშვება მთის ტყეებში და ბაღებში.
გამრავლება
ბუდეს იკეთებს კლდის ნაპრალებში ან გამოქვაბულებში. ღრმა ხვრელების შესასვლელს ამოლესავს ნერწყვში დასველებული თიხით, ხოლო არაღრმა ჩაზნექილობაში თიხისაგან აკეთებს კოლბისმაგვარ ბუდეს. იგი შიგნიდან ამოფენილია ხავსით, ბალნითა და ბუმბულებით. აპრილის პირველ ნახევარში დებს 6-10 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 17 დღემდე გრძელდება. არის ცნობები წლის განმავლობაში ორჯერ გამრავლების შესახებ.
კვება
კლდის სინეგოგას საკვებს შეადგენენ მწერები, ობობები და სხვა პატარა ზომის უხერხემლოები.
მნიშვნელობა
კვების ხასიათის მიხედვით სასარგებლო ფრინველია.