შაშვისებრი მეჩალია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შაშვისებრი მეჩალია (ლათ. Acrocephalus arundinaceus Linnaeus, 1758) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

შაშვისებრი მეჩალია მეჩალიებს შორის ყველაზე დიდია, ფრთა 85-105 მმ-ია, კუდი – 70-85 მმ, ნისკარტი – 15-20 მმ, წონა – 25-33 გ. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესობრივი დიმორფიზმი შეუმჩნეველია. ზრდასრული ფრინველი ზემო მხრიდან ერთფეროვანი წენგოსფერ-მურაა, მოქარცისფრო ელფერით, რაც უფრო კარგად არის გამოხატული წელის მიდამოში და კუდზედა ბუმბულებზე. წარბები მკრთალი ჟანგმიწისფერია, ხოლო ყურების მფარავებზე აქვს ღია ფერის ლაქები. სხეულის ქვემო მხარე ღია ფერისაა, ყელი და კისერი წინა მხრიდან მოთეთრო, ხოლო მოთეთრო მუცელზე მოყვითალო ელფერი გადაჰკრავს. მკერდის შუა ნაწილი მორუხოა; სხეულის გვერდები და კუდის ქვემო მფარავები ჟანგმიწისფერ-მოწაბლისფროა. შემოდგომით ზურგის მხარე უფრო ქარცი ხდება, ხოლო ქვემო მხარე – ჟანგმიწისფერი. ნისკარტი მუქია, მაგრამ ნისკარტქვედა ძირში მოყვითალოა. ფეხები რუხია.

აღწერილია 18 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ევროპული შაშვისებრი მეჩალია – A. a. arundinaceus Linn., 1758.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მეტად ვრცელია და მოიცავს მრავალ იზოლირებულ რეგიონს: აფრიკაშიალჟირსა და ტუნისს; ევროპასა და სამხრეთ-დასავლეთ ციმბირში – ობისა და ირტიშის სათავეებამდე, კავკასიას, მცირე და შუა აზიას და ყაზახეთს – ჩრდილოეთით ფინეთის ყურემდე, სმოლენსკის, ტულის, ტამბოვის გასწვრივ, ურალის ქედზე 57-ე პარალელამდე, ჩანის ტბამდე და დასავლეთი ალტაის მთისწინეთებამდე; შორეულ აღმოსავლეთში – ამურიდან კუნძულ ტაივანამდე და წყნარი ოკეანის სანაპიროებიდან ამურისა და ჰუანჰეს სათავეებამდე; მთელ ავსტრალიას და მალაის არქიპელაგის კუნძულებს. არის კიდევ რამდენიმე უფრო პატარა იზოლირებული ბუდობები შუა ციმბირში, ცეილონზე, ფილიპინებზე, ტიგროსისა და ევფრატის დაბლობებზე და სხვაგან. ზამთრობს სამხრეთ აფრიკაში, არაბეთის სამხრეთ ნაწილში და ინდოჩინეთში. საქართველოში ცნობილია, როგორც მობუდარი ფრინველი.

ბიოტოპი

ბინადრობს პატარა მდინარეებისა და ტბორების, მდინარის ქვემო დინების ვრცელ ლიასა თუ ზღვების სანაპირო ლელქაშში, ბუჩქნარებში, ტყის ფრაგმენტებში. ვერტიკალურად ვრცელდება 2000 მ-მდე ზღვის დონიდან.

გამრავლება

ბუდეს აგებს მხოლოდ დედალი ლელქაშში, წყლისპირა ბუჩქნარებში, ზოგჯერ წყალსატევის მახლობელ ხეზეც. ბუდე საგულდაგულოდაა დაწნული ნაირგვარი მცენარეული მასალისაგან და დამაგრებულია დატბორილი ლელის რამდენიმე ღეროზე ან ბუჩქზე მაისში დებს 3-6 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 14-15 დღეს გრძელდება. ივნისში ნაპოვნი ბუდობების მიხედვით მიაჩნიათ, რომ წელიწადში ორჯერ მრავლდება.

კვება

შაშვისებრი მეჩალიას საკვებს შეადგენენ ხოჭოები, ნემსიყლაპიები, ბუზები და წყლის მახლობელი სხვა მწერები, რომელთაც პოულობს ლელზე, ბუჩქებსა და ხეებზე.

მნიშვნელობა

მასობრივად ანადგურებს მავნე მწერებს, რითაც გარკვეული სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები