ჩვეულებრივი გრატა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩვეულებრივი გრატა

ჩვეულებრივი გრატა (ლათ. Emberiza citrinella Linnaeus, 1758) – ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

ჩვეულებრივი გრატა დაახლოებით ბეღურასოდენა ფრინველია; ფრთა 85-95 მმ-ია, კუდი – 65-85 მმ, ნისკარტი – 10-12 მმ, წონა – 25–30 გ. მამალი დიდია დედალზე. სქესობრივი დიმორფიზმი შეფერილობაშიცაა გამოხატული. ზრდასრული მამალი გამრავლების პერიოდში ზურგის მხარეს მურაა, ფართო ღერძულა ზოლებით. კუდზედა ბუმბულები წაბლისფერია. თხემი და თავის გვერდები ყვითელია, მაგრამ თხემის გვერდებზე, შუბლზე, თვალებისა და ყურების უკან შავი ზოლებია. სხეულის ქვემო მხარე მკვეთრი ყვითელია, მურა და ღია წაბლისფერი განივი ზოლებით ჩიჩახვზე, მკერდის ზემო ნაწილსა და ყელის გვერდებზე. მომქნევები მუქი მურაა, ყვითელი ვიწრო არშიებით პირველი რიგის მომქნევების გარეთა მარაოებზე და ფართო ჟანგისფერი არშიებით მეორე რიგის მომქნევებზე. საჭის ბუმბულები მურაა, მაგრამ კიდურა ორი წყვილის შიგნითა მარაოებზე დიდი თეთრი ლაქებია. ზამთარში ზემო მხარე მორუხოა, თხემზე ბევრია შავი წინწკლები, ჩიჩახვი მოწაბლისფროა, არამკაფიო ლაქებით. ნისკარტი მუქი რქისფერია, ფეხები – ღია მურა ფერის. დედალი უფრო მკრთალი შეფერილობისაა, თხემი მურა ფერის აქვს, მოყვითალო ელფერით. სხეულის ქვემო მხარეს წაბლისფერი არაა.

აღწერილია 2 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება აღმოსავლური ჩვეულებრივი გრატა – E. c. erythrogenis Brehm, 1855.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპასა და აზიას, დასავლეთით დიდი ბრიტანეთიდან და საფრანგეთიდან, აღმოსავლეთით ბაიკალის ტბამდე. ჩრდილოეთით აღწევს თითქმის პოლარულ წრემდე, ხოლო სამხრეთით – ჩრდილოეთ ესპანეთამდე და პორტუგალიამდე, შემდეგ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებამდე, ჩრდილოეთ იტალიამდე, იუგოსლავიამდე, უნგრეთამდე, სსრ კავშირში არის ბესარაბიაში, უკრაინაში, მდ. ურალის შუა წელზე, დასავლეთი ციმბირის სამხრეთ საზღვარზე, ალტაიში, ტუვის ავტონომიურ ოლქსა და ირკუტსკში. გარდა ამისა, იზოლირებულად არის ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში და ირანში. ზამთარში ჩრდილოეთი რაიონებიდან ინაცვლებს სამხრეთისაკენ და მოიპოვება მთელ ევროპაში, კავკასიაში, ალჟირსა და ტუნისში, შუა აზიასა და ჩრდილოეთ მონგოლეთში. საქართველოში ცნობილია, როგორც მოზამთრე ფრინველი.

ბიოტოპი

ბინადრობს ნაკაფებში, მეჩხერ ტყეებში, ტყისპირებში, ბუჩქნარიან ველებში, ზოგან ჭალებშიც. ვერტიკალურად ვრცელდება სუბალპურ ველებამდე – 2000 მ-ის სიმაღლეზე ზღვის დონიდან.

გამრავლება

ბუდობს ცალკეულ წყვილებად მიწაზე, ბუჩქნარებში, განმარტოებით მდგომ ხის ძირში ან სრულიად უტყეო ადგილას. მიწის პატარა ჩაღრმავებაში დედალი აკეთებს ბუდეს ხმელი ბალახისა და სხვა მცენარეული მასალისაგან. წელიწადში ნორმალურად ორჯერ მრავლდება. პირველი გამრავლება მიმდინარეობს აპრილ-მაისში, ხოლო მეორე – ივნისის მეორე ნახევარში. დებს 4-5 კვერცხს. კრუხად ჯდება დედალი, მაგრამ მოკლე ხნით მას ზოგჯერ ცვლის მამალიც. საინკუბაციო პერიოდი 12-14 დღეს გრძელდება.

კვება

ჩვეულებრივი გრატას საკვების შედგენილობა ცვალებადობს სეზონების მიხედვით. შემოდგომით და ზამთარში იკვებება ნაირგვარი სარეველა, აგრეთვე ჩაცვენილი კულტურულ მცენარეთა თესლებით. ზაფხულში, განსაკუთრებით გამრავლების პერიოდში ჭამს მეტწილად მწერებს და ბალახის მწვანე ყლორტებს.

მნიშვნელობა

მავნე მწერებისა და სარეველა მცენარეთა თესლების მასობრივად განადგურებით სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის. აქვს ესთეტიკური მნიშვნელობაც როგორც ლამაზი გარეგნობისა და კარგ მგალობელს.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები