ჭახჭახა მეჩალია
ჭახჭახა მეჩალია (ლათ. Acrocephalus schoenobaenus Linnaeus, 1758) − ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − ასპუჭაკასებრნი (Sylviidae)
- გვარი − მეჩალია (Acrocephalus)
ჭახჭახა მეჩალია პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 60-70 მმ-ია, კუდი – 45-55 მმ, ნისკარტი – 9-12 მმ, წონა – 10-15 გ. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული ფრინველი გამრავლების პერიოდში ზურგის მხარეს მორუხო-მურაა, მოშავო-მურა ღერძულა ლაქებით, მაგრამ კუდზედა ბუმბულები ქარცია, მოშავო-მურა ლაქების გარეშე. ლაქები არაა წელის მიდამოშიც. თავზე მოშავო-მურა ლაქები 4 გასწვრივ რიგადაა განლაგებული: ორი ფართო ზოლი თავის გვერდებზეა, ხოლო ორიც უფრო ვიწრო – თხემზე. კარგად შესამჩნევია წარბებსზედა თეთრი ზოლები. მომქნევები და საჭის ბუმბულები მურაა, მორუხო ფერის წვეროებით. მეორე რიგის მომქნევებს გარეთა მარაოებზე ფართო თეთრი არშიები აქვთ. მუცლის მხარე მოყვითალო-თიხისფერია, მაგრამ ყელი თეთრია. იღლიის ბუმბულები მოთეთროა, ხოლო ფრთის ქვემო მფარავები ღია რუხი, მოთიხისფრო კიდეებით. შემოდგომით შეფერილობა უფრო მკვეთრია, ზურგის მხარეს ჭარბობს ქარცი, ხოლო „წარბი“ და მუცლის მხარე ჟანგმიწისფერია. ნისკარტზედა მუქი მურაა, ნისკარტქვედა ძირში მოყვითალოა. ფეხები მოცისფრო-რუხია, ბრჭყალები – შავი.
სარჩევი |
გავრცელება
ბუდობის არეალი მოიცავს თითქმის მთელ ევროპას, კავკასიას, ყაზახეთსა და დასავლეთ ციმბირს – აღმოსავლეთით ენისეიმდე. ჩრდილოეთით ვრცელდება არხანგელსკამდე, მდ. ობზე 67-ე, ხოლო ენისეიზე – 70-ე პარალელამდე. სამხრეთით – ხმელთაშუა ზღვისა და შავი ზღვის სანაპიროებამდე, ამიერკავკასიაში, ვოლგისა და ურალის ქვემო დინებამდე, არალის ზღვამდე, სირ-დარიის ქვემო დინებამდე და ალტაის სამხრეთ კალთებამდე. ზამთრობს აღმოსავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში – მეწამული ზღვიდან კამერუნამდე და ნატალამდე. საქართველოში ცნობილია, როგორც მობუდარი ფრინველი. მიმოფრენის დროს მისი რიცხობრიობა ბევრად მატულობს.
ბიოტოპი
ბინადრობს ლელით, ჩალით, შვიტათი, ბუჩქებითა და სხვა მცენარეებით დაფარულ წყლისპირებსა და ჭაობებში, მთის ნაკადულების სანაპირო მაღალ ბალახნარებში, აგრეთვე ბრინჯისა და ქერის ყანებში.
გამრავლება
ბუდეს აკეთებს ორივე სქესის ფრინველი, ლელქაშში ან ბუჩქნარში, წყალში ან წყლის მახლობელ ადგილებში. ბუდე დამაგრებულია ლელზე ან ბუჩქის ტოტზე მიწის ან წყლის ზედაპირიდან 30 სმ-ის სიმაღლეზე. მაისში დებს 3-8 კვერცხს. კრუხად ჯდება მეტწილად დედალი. საინკუბაციო პერიოდი 12-13 დღეს გრძელდება.
კვება
ჭახჭახა მეჩალიას საკვებს შეადგენენ მწერები, მათი კვერცხები და ლარვები, ობობები, წვრილი მოლუსკები და ნაირგვარი ჭიები.
მნიშვნელობა
მწერების მასობრივად განადგურებით მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.