ჯაბადარი ერეკლე
ერეკლე ჯაბადარი – (17 ოქტომბერი 1891, თბილისი − 18 აგვისტო 1937, ნიცა. 1982, გადმოსვენებულია თბილისში, დიდუბის პანთეონში), ევროპაში მოღვაწე ქართველი კომპოზიტორი და პიანისტი.
დაიბადა ცნობილი საზოგადო მოღვაწის და მეცენატის ა. ჯაბადარის ოჯახში. 1902-იდან სწავლობდა ბრიუსელის, ხოლო სამი წლის შემდეგ ვენის კონსერვატორიაში (პედაგოგები- რ. ჰოიბერგერი და ი. ვოლფმანი). საბოლოდ დამკვიდრდა საფრანგეთში. 1907 ლოზანაში (შვეიცარია) გამოიცა ჯაბადარის რომანსების პირველი კრებული „სიჭაბუკე“ (ქართული პოეტური ტექსტებით). აღიარება მოიპოვა „ქართულმა რაფსოდიამ“ ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის (1913), რომელიც ამ ჟანრის პირველი ნიმუშია ქართულ მუსიკაში, შესრულდა იმავე წელს ვენაში (სოლისტი-ავტორი). ჯაბადარს ეკუთვნის აგრეთვე ოპერა „გულნარა“ (ა. ყაზბეგის მოთხრობა „ელეონორას“ მიხედვით 1921). საფორტეპიანო და სავიოლონჩელო კონცერტები, ვარიაციები ჩელოსათვის, სიმფონიური სურათები „გველის პერანგი“ და „ინდაურები“, მონოლოგი ტენორისა და ორკესტრისათვის „სულო ბოროტო“ (ნ. ბარათაშვილის ლექსზე). ჯაბადარის ნაწარმოებები საქართველოში ცნობილი გახდა XX ს-ის 40-იანი წლების ბოლოს.
ჯ. ოიკაშვილი