გალაკტიონ ტაბიძე:   მშობლიური ეფემერა

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 

კითხულობს პბიბლიოთეკარი ნანო ომანაძე

დამხმარე მასალა:

 

მარსიანიგალაკტიონი და გრანელი

 


        ეფემერა (ბერძნ.) - მსწრაფლწარმავალი, მოჩვენებითი, წამიერი, მირაჟული (ხილვა). გალაკტიონს აქვს მრავალი ლექსი სათაურით „ეფემერა“ („ეფემერა“, ისევ „ეფემერა“, „ზღვის ეფემერა“...). ქართული ენციკლოპედიის განმარტებით, „ეფემერა (ეფემერები) არის ეკოლოგიური ჯგუფი ერთწლოვანი მცენარეებისა, რომლებიც განვითარების მთელი ციკლის გავლას მოკლე პერიოდში ასწრებენ. გავრცელებულნი არიან უმთავრესად უდაბნოებსა და ნახევრადუდაბნოებში. განარჩევენ გაზაფხულის და შემოდგომის ეფემერებს“ (ქსე, IV, თბ., 1979, 245). უცხო სიტყვათა ლექსიკონის მიხედვით კი „ეფემერა (ეფემერიდი) ფრთოსანი მწერია, რომელიც ერთ ან რამდენიმე დღეს ცოცხლობს, მედღეურა; გადატანითი მნიშვნელობით კი ესაა ხანმოკლე, ეფემერული რამ“ (უცხო სიტყვათა ლექსიკონი, თბ., 1989, გვ. 162). გალაკტიონი სწორედ უკანასკნელი, გადატანითი მნიშვნელობით იყენებს ამ სიტყვას. მას მოსწონდა ამ სიტყვის ჟღერადობა, აკუსტიკა და ხანმოკლე ხილვის, წარმავალი ვიზიონის მნიშვნელობას ანიჭებდა. პოეტის ყველა „ეფემერა“ ხილვაა, ალეგორიულად რომ ირეკლავს არსებით, დაქარაგმებულ სათქმელს.
  ვეღარ ვცნობილობ მშობლიურ ხეებს -
ზამთარს ბილიკი დაუტანია...
დიდი ხანია? - მივმართავ ტყეებს
და ტყე გუგუნებს: დიდი ხანია...
    ვცნობილობ (კუთხ.) - ვცნობ.
         
  შეხავსებია კლდეები კლდეებს,
იქ ვიღაც კვნესის, დიდი ხანია.
„ამირანია?“ - მივმართავ ტყეებს
და ტყე გუგუნებს: ამირანია!
    ამირანი - ქართული ხალხური ეპოსის გმირი, თქმულების მიხედვით, ხალხისათვის თავდადებულია. იგი მზვაობრობის გამო ღმერთმა კავკასიონს მიაჯაჭვა. მიჯაჭვული ამირანის სახე ეროვნული ჩაგვრისაგან ხსნის იდეას დაუკავშირდა. შუამდინარული ეპოსის პერსონაჟის, გილგამეშისა, და ბერძნული მითოლოგიის გმირის, პრომეთეს, მსგავსად, ამირანი საკაცობრიო მნიშვნელობის მხატვრული სახეა, დაახლოებით 3500 წლის წინ შექმნილი. ქართული ხალხური ეპოსის, „ამირანიანის“, მიხედვით, ხალხის მოსარჩლე გმირი ამარცხებს დევებს, ქაჯებს, გველეშაპებს, ებრძვის ძალმომრეობას. უძველეს თქმულებებში ამირანს ყამარის მამა, ცა-ღრუბლების გამგებელი პირიმზე სჯიდა. საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ პირიმზე ქრისტე ღმერთმა ჩაანაცვლა. ვარაუდობენ, რომ ანტიკური ხანის მითი პრომეთეზე „ამირანიანთანაა“ დაკავშირებული (დაწვრილებით იხ. შალვა ნუცუბიძე, ქართული ფილოსოფიის ისტორია, I, თბ., 1956).
         
  ეს მძაფრი კვნესა მიწამლავს დღეებს,
ის გული ისევ ჩემი გულია...
დაკარგულია? – მივმართავ ტყეებს
და ტყე გუგუნებს: დაკარგულია...
     
  გუგუნებს თერგი, ხმაურობს თერგი,
მზე ჩავა, ჯერ კი შორსაა ბინდი,
ფერები ჭევრი ირევა ბევრი,
ლალების ტევრი – ლილა და შვინდი...
   
ჭევრი, მჭევრი (მოძვ.)
- მეტყველი, შთამბეჭდავი.
ლილა (სპარს.) - მინერალური ლურჯი საღებავი.
         
  ყაზბეგის შუბლი შემოსეს ღრუბლით
და ცა ალუბლით სავსეა... კმარა.
ყვავილთა ციდან კალათებს ცლიდნენ,
დარიალიდან ზარავდა ზარა.
   


ზარა - ზარი.
         
  სულ ერთი წამით, განსაცდელ ჟამად,
შეხვედრა ჩუმი მე შენად მერგო,
მოგონებები, რაც ჩემს გულს ანთებს,
იმ ძვირფას ლანდებს გადაეც, თერგო!

შეხავსებია კლდეები კლდეებს,
იქ ვიღაც კვნესის, დიდი ხანია.
„ამირანია?“ – კვლავ ვკითხავ ტყეებს
და ტყე გუგუნებს: ამირანია!