გალაკტიონ ტაბიძე:   თოვლი

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


 

კითხულობს: გოგი ხარაბაძე

დამხმარე მასალა:

 

მარსიანიგალაკტიონი და გრანელი

 


  მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
   
სისოვლე
- სისველე.
  და სიყვარულის ასე მოთმენა.
ძვირფასო, სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
    მოვვლე - მოვიარე
  უდაბნო ლურჯად ნახავერდები.
ოჰ, ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.
ძვირფასო, ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,
უღონოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
იელვებს, ჰქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში...
ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლის, მიმოვლის
     
  და ზამბახების წყებად დაწვენა.
თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
    ზამბახი (ირისი) - ბალახოვანი მცენარე, აქვს ხანჯლის ან ხმლის მსგავსი ფოთლები, მსხვილი, მრავალფერი ყვავილები. დაღალული - დაღლილი
  როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!
არის გზა, არის ნელი თამაში...
და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო!
მე თოვლი მიყვარს, როგორც შენს ხმაში
ერთ დროს ფარული დარდი მიყვარდა!
მიყვარდა მაშინ, მათრობდა მაშინ
მშვიდი დღეების თეთრი ბროლება,
მინდვრის ფოთლები შენს დაშლილ თმაში
და თმების ქარით გამოქროლება.
მომწყურდი ეხლა, ისე მომწყურდი,
ვით უბინაოს _ ყოფნა ბინაში...
თეთრი ტყეების მომყვება გუნდი
და კვლავ მარტო ვარ მე ჩემ წინაშე.
თოვს! ამნაირ დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული ფიფქით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი!
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!