გალაკტიონ ტაბიძე:  სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას 


 


კითხულობს პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი ბადრი თევზაძე

 



დამხმარე მასალა:

 

მარსიანიგალაკტიონი და გრანელი

 


დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე.

შემოიღამებს მთის ნაპრალები,
და თუ როგორმე ისევ გათენდა-
ღამენათევი და ნამთვრალევი,
დაღლილ ქალივით მივალ ხატებთან!

ღამენათევი და ნამთვრალევი
მე მივეყრდნობი სალოცავ კარებს,
შემოიჭრება სიონში სხივი
და თეთრ ოლარებს  ააელვარებს.
    ოლარი (ბერძნ.) – მღვდლის სამოსის ნაწილი, ყელზე ჩამოსაცმელი გრძელი და ვიწრო,
ოქრომკედით ნაქარგი ქსოვილი.
   
და მაშინ ვიტყვი: აჰა! მოვედი
გედი დაჭრილი ოცნების ბაღით!
შეხედე, დასტკბი ყმაწვილურ ბედის
დაღლილ ხელებით, წამებულ სახით!

შეხედე! დასტკბი! ჩემი თვალები,
წინათ რომ ფეთქდნენ ცვრებით, იებით, -
ღამენათევი და ნამთვრალევი
სავსეა ცრემლთა შურისძიებით!

დასტკბი! ასეა ყველა მგოსნები?
შენს მოლოდინში ასეა ყველა?
სული, ვედრებით განაოცები,
შენს ფერხთ ქვეშ კვდება, როგორც პეპელა.

სად არის ჩემთვის სამაგიერო?
საბედნიერო სად არის სული?
ვით სამოთხიდან ალიგიერი,   
მე ჯოჯოხეთით ვარ დაფარული!
ალიგიერი – დანტე (1265-1321 წწ.), იტალიის უდიდესი პოეტი, ავტორი `ღვთაებრივი კომედიისა~. ნაწარმოების მოკლე ქარგა ასეთია: 1300 წელს შუა ასაკს მიღწეულ პოეტს გზა დაეკარგება უსიერ ტევრში (უმეცრებისა და ცხოვრებისეული შეცდომების სიმბოლო), ხედავს მზის სხივებით (მეცნიერება, გზის მაჩვენებელი) განათებულ გორაკს (ნეტარება, სამოთხე), მაგრამ მისკენ მიმავალ გზას გადაუღობავს სამი მხეცი (ადამიანური ბუნების სამი მანკი): ჯიქი (ხორციელი ლტოვა), Lლომი (ქედმაღლობა) და ძუ მგელი (ანგარება, სიხარბე). მხსნელად მოევლინება ვერგილიუსის ლანდი (გონების განასახიერება), რომელიც მეგზურობას უწევს მას საიქიოში (ვერგილიუსი – ძვ. წ-აღის I ს-ის დიდი რომაელი პოეტი). დანტე ვერგილიუსის მეშვეობით შეიცნობს ცოდვასა და შეცდომებს. ჯოჯოხეთში იგი თვალნათლივ ხედავს ბოროტების ყოველგვარ გამოვლინებას და სასჯელს მათ გამო, ხოლო სალხინებელში შეიცნობს აღსარებისა და მონანიების შემდგომ სულის ამაღლებულ მდგომარეობას. მიწიერი ცოდვებისა და შეცდომებისაგან განწმენდილ პოეტს ვერგილიუსი წარუდგენს ახალ მეგზურს, ბეატრიჩეს (რწმენის, სიყვარულისა და სიკეთის განსახიერება), რომლის მეშვეობითაც იხილავს სამოთხეს.
და როცა ბედით დაწყევლილ გზაზა
სიკვდილის ლანდი მომეჩვენება,
განსასვენებელ ზიარებაზე
ჩემთან არ მოვა შენი ხსენება!

დავიკრებ ხელებს და გრიგალივით
გამაქანებენ სწრაფი ცხენები!
ღამე ნათევი და ნამთვრალევი
ჩემს სამარეში ჩავესვენები.

დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ!
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე.