აბასთუმნის წარწერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აბასთუმნის წარწერა – (VI ს. შუა ხანები), ქართული ასომთავრული წარწერა, შესრულებული რელიეფური ასოებით ქვის ორ ფილაზე, რომლებიც ქვაჯვრის კვარცხლბეკის ორი სხვადასხვა გვერდითი კიდის ჩამონაჭერია. ე. თაყაიშვილის ცნობით, აღმოჩენილია XX ს. დასაწყისში (არა უგვიანეს 1905) აბასთუმანთან, მდინარეების კურცხანისა და აბასთუმნის წყლის შესართავთან, ეკლესიის ნანგრევის პირდაპირ. როგორც ჩანს, კვარცხლბეკს წარწერიანი კიდეები ჩამოაჭრეს, რომ თბილისში ადვილად ჩამოეტანათ. ამჟამად ინახება საქართველოს მუზეუმში. პირველ ფილაზე (28X64,5X9,5 სმ) გამოქანდაკებულია 6, ხოლო მეორეზე (27X43X10 სმ) – 5 სტრიქონი. დასაწყისში ტექსტი, სადაც ჯვრის აღმმართველის სახელი იყო აღნიშნული, გადათლილ-დაზიანებულია (როგორც ჩანს საგანგებოდ). წარწერის ცალკეული ადგილები განსხვავებულად იკითხება. მთელი ტექსტის წაკითხვის ერთი ვარიანტი ასეთია:

† (სახელითა ღმრთისაჲთა). ჲესტინიანე მეფისა (სე, მე, ესა და ეს ვიქმენ, გან[დუჳდებული ნათესავთ[აშორის], ბრძანებითა ღმრთივ-დაცულისა მამფლისა არშუშა პატრიკისაჲთა და ნებითა ღმრთისაჲთა ქართველთა ერისმთავრისა, ქრიზეპოლს ციხისთავობასა მიწევნულ ვიყავ. და აღჰუმართე პატიოსანი ჯუარი წმიდისა ღმრთისმშობელისა სახელსა, სალოცველად ჩემდა და ძმათა ჩემთა, მეოხებისათუს ყოვლისა ჭირისა ამას საწუთროსა და საუკუნოსა. და ვინ აღმოიკითხოს, ლოცვასა მომივჴენეთ“.

სხვადასხვა მკვლევარი წარწერას სხვადასხვაგვარად ათარიღებს: VII ს. (ე. თაყაიშვილი), VII ს. ან VIII ს. I ნახ. (ს. კაკაბაძე), VI ს. (ა. ბაქრაძე, თ. ბარჩაველი), 685–711 (იუსტინიანე II-ის ზეობა – ნ. შოშიაშვილი). წარწერა თარიღდება პალეოგრაფიული ნიშნების და ტექსტში დასახელებული ისტორიული პირების მიხედვით. როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, პალეოგრაფიულად წარწერა ძალიან ძველია – V-VII სს. ტექსტში დასახელებული მამფალი არშუშა პატრიკი, რომელიც ქართველთა ერისმთავრადაც იწოდება, ჯერ კიდევ ე. თაყაიშვილმა მიიჩნია „ევსტათი მცხეთელის მარტვილობაში“ დასახელებულ ქართლის მარზპან არშუშად, რაც სწორი უნდა იყოს. მას ჰატრიკის (პატრიკიოსის) ბიზანტიური ტიტულიც ჰქონია. კ. კეკელიძის მოსაზრებით, „ევსტათი მცხეთელის მარტვილობაში“ მოთხრობილი ამბავი განეკუთვნება ირანის შაჰის ხოსრო I ანუშირვანის (531-579) მეფობის დროს, ე. ი, მამფალი არშუშა პატრიკიოსიც მისი თანამედროვეა. მაშინ წარწერის დასაწყისში დასახელებული ჲესტინიანე, რომლის ზეობითაც თარიღდება ჯვრის აღმართვა, არის ბიზანტიის იმპერატორი იუსტინიანე I დიდი (527–565) და არა იუსტინიანე II (685–695, 705–711). ამიტომ, ორი დასახელებული მმართველის მეფობის წლების თანხვედრის მიხედვით, აბასთუმნის წარწერა 531–565 თარიღდება.

აბასთუმნის წარწერა მეტად მნიშვნელოვან ისტორიულ მონაცემებს შეიცავს. იგი ამ მხრივ საგანგებოდაა შესასწავლი. წარწერაში დასტურდება, აგრეთვე, საინტერესო ენობრივი ფაქტები: -ის ნაცვლად ჲ-ით დაწყება საკუთარი სახელისა („ჲესტინიანე“). ეს მოვლენა ქართულ წერილობით ძეგლებში განსაკუთრებით გავრცელებულია X–XI სს-ში, თუმცა გვაქვს ადრეული მაგალითებიც („ჲესე, ბალიჭის წარწერა“, VII ს.); განდჳდებული, სადაც ჳ მოულოდნელია (თუ ეს წაკითხვა სწორია). როგორც ჩანს, ქრიზეპოლის ციხე იგივე სამცხის ოქროს ციხეა, რომლის სახელი წარწერაში ბერძნულ-ბიზანტიური ფორმითაა გადმოცემული (უფრო სწორი იქნებოდა ხრჳსოპოლი). წარწერის ეს მონაცემი მნიშვნელოვანია ქართულ გარემოში ბიზანტიური ბერძნულის გამოთქმის შესასწავლად. საინტერესოა იმის აღნიშვნაც, რომ ქართულ წერილობით ძეგლებში პირველად ამ წარწერაში დასტურდება ლიგატურები: პ და ტ – ორგზის („პატრიკისა“, „პატიოსანი“), და ნ („ვინ“ – ტექსტის ბოლოს).

ვ. სილოგავა.



ლიტერატურა

  • კაკაბაძე ს. ქართული სახელმწიფოებრიობის გენეზისის საკითხები. – „საისტორიო მოამბე“, წგ. I, ტფ. 1924;
  • საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების კატალოგი, ა. ბაქრაძისა და ს. ბოლქვაძის გამოცემა, ი. აბულაძის რედაქციით, თბ., 1953;
  • ბარნაველი თ. აბასთუმნის ერთი წარწერის შესახებ, „მაცნე“, 1969, № 5;
  • ქართული წარწერების კორპუსი, ტ. I ნ. მოშიაშვილის გამოც., თბ., 1980;
  • Такаишвили E. С. Археологические экскурсии, разыскания и заметки, вып.2 Тфл. 1906

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები