ევსტათი მცხეთელის წამება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ევსტათი მცხეთელი. მიხეილ საბინინის ილუსტრაცია

„ევსტათი მცხეთელის წამება" — (VI ს.) ანონიმური ჰაგიოგრაფიული თხზულება (სრული სათაურია „მარტვილობაჲ და მოთმინებაჲ წმიდისა ევსტათი მცხეთელისაჲ “). ეს ერთადერთი ნაწარმოებია, რომელიც VI საუკუნის ლიტერატურული მემკვიდრეობიდან სრული სახით არის შემონახული დაწერილია არაუგვიანეს VI ს. 70-იანი წლებისა მცხეთაში. მისი ავტორია განათლებული ქართველი მოღვაწე (ზოგიერთი მკვლევარის აზრით — მონოფიზიტური ქრისტიანობის წარმომადგენელი), სარწმუნოებრივი და ეროვნული იდეალების გულწრფელი მოჭირნახულე. ყურადღებას იპყრობს ნაწარმოების გამოკვეთილი პატრიოტული სულისკვეთება და ქართული სინამდვილის უშუალო განცდა.

„ევსტათი მცხეთელის წამება“ მოგვითხრობს სპარსელი კაცის გვირობანდაკის ამბავს, რომელიც 30 წლის ასაკში ჩამოსულა ირანიდან და მცხეთაში დასახლებულა. მაზდეანობის ჭეშმარიტებაში დაეჭვებულს ქრისტიანობისადმი სიმპათია თავის სამშობლოშივე გასჩენია. მცხეთაში გვირობანდაკმა შეისწავლა მეხამლეობა, შეირთო ქართველი ქალი და მოინათლა სამოელ კათალიკოსის ხელით, რომელმაც სახელად ევსტათი უწოდა. მცხეთელმა სპარსელებმა ევსტათი ციხისთავ უსტამთან დაასმინეს მამისეული რჯულიდან განდგომისთვის. უსტამმა ევსტათი სხვა შვიდ გაქრისტიანებულ სპარსელთან ერთად თბილისის მარზპანს არვანდ გუშნასპს წარუდგინა. ევსტათი დაატუსაღეს. ექვსი თვის შემდეგ დიდებულთა თხოვნით არვანდმა იგი გაათავისუფლა. მაგრამ სამი წელი რომ გამოხდა, თანამემამულეებმა ევსტათი ისევ დაასმინეს ახალ მარზპანთან - ვეჟან ბუზმირთან, რომელიც ამაოდ ცდილობდა ევსტათი კვლავ მამისეულ რჯულზე მიექცია. როცა ვერაფერს გახდნენ, სპარსელებმა ევსტათის თავი მოჰკვეთეს.

მწერალი უაღრესი უშუალობითა და დაუძაბავი სასოებით აღწერს ევსტათის სახეს. ევსტათის სარწმუნოებრივი პათოსი, შუშანიკისა და აბოს სახეებთან შედარებით, ნაკლებად ატარებს შინაგანი ტკივილის კვალს. მარზაპანის წინაშე მისი ვრცელი მოთხრობა ბიბლიური ისტორიისა, რასაც ნაწარმოების ნახევარი უჭირავს, არღვევს თხზულების კომპოზიციას, გმირის სახე ფერმკრთალდება. საყურადღებოა ნაწარმოების ფინალური სცენა - ლოცვა თავის მოკვეთის წინ. ევსტათის სულის მოძრაობა აქ ეგზალტიური თავდავიწყების პროცესშია წარმოსახული: „უფალო ღმერთო ყოვლისა მპყრობელო, რომელსა ყოველთა კაცთაჲ გნებავს ცხორებაჲ, რომელნი ესვენ სარწმუნოებით სახელსა წმიდასა შენსა, რომელმან ისმინე ლოცვაჲ პირველთა მათ მოწამეთაჲ, რომელნი პირითა მახვილისაჲთა მოსწყდეს, რომელნიმე ტბასა შინა ყინელითა, რომელნიმე ზღვასა შინა შთაყრითა მოსწყდეს, რომელნიმე ცეცხლითა და რომელნიმე მხეცთა მიერ შეიჭამნეს სახელისა შენისათვის და მოიღეს შენმიერი იგი აღთქმული, რომელი თვალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი იგი განუმზადე წმიდათა მათ მოწამეთა შენთა, მეცა, უფალო, ღირს მყავ მონაწილე მათ თანა, და სამკვიდრებელსა მათ თანა, სიხარულსა მათ თანა, უოხჭნოსა შვებასა მათ თანა“.

უზენაესისადმი ამ მიმართვაში მოცემულია არა მხოლოდ თავდავიწყებული სიყვარულის განცდა, არამედ მარტვილის შინაგანი ყოფა მისივე სულიერ აღქმაში არეკლილ-გაცნობიერებული. სიკვდილის თავს წამომდგარი აჩრდილით შემკრთალი სული ევსტათისა ისტორიული ხსოვნის შორეთიდან გამოუხმობს ქრისტესთვის წამებულთა ლანდებს, რათა თავად განმტკიცდეს დიდი განსაცდელის წინაშე. სწორედ სიკვდილის შიშის დათრგუნვით მიიღეს მათ „იგი აღთქმული“, — შეახსენებს მოწამის სული თავისსავე თავს. იმ მომენტში კი, როცა ევსტათი წარმოთქვამს: „მეცა, უფალო, ღირს მყავ მონაწილე მათ თანა, და სამკვიდრებელსა მათ თანა, სიხარულსა მათ თანა, უოხჭნოსა შვებასა მათ თანა“, — მოწამე უკვე გაწონასწორებულია და ძალმოსილი სულ ახლოს სჭვრეტს ნეტარების სხივმოსილ საუფლოს. ადამიანს აქ ენაცვლება მისივე სიტყვა, სულის ღაღადისი თავისთავთან და ღმერთთან. გმირის აღქმა აქ უფრო ჩვენს სმენაზეა მომართული, ვიდრე ხედვაზე. სახის სტრუქტურაში წინა პლანზე მოიწევს ხატი თვითშეგნებისა. ნაწარმოები მდიდარია ისტორიული ხასიათის ცნობებით. ქართლს განაგებს სპარსეთის ხელისუფლების წარმომადგენელი მარზპანი, მცხეთაში ზის ციხისთავი, ქვეყნის შინაურ საქმეებს განაგებენ სპარსელთა მორჩილი ქართველი დიდებული აზნაურნი (მთავარნი ქართლისანი, მამასახლისი ქართლისა, პიტიახში ქართლისა). თბილისსა და მცხეთაში საკმაოდ ცხოვრობენ სპარსელები, მათ აქ საკუთარი საკულტო ნაგებობაც აქვთ. ამავე დროს, ქართული ეკლესია საგრძნობ ზეგავლენას ახდენს სპარსელებზე და ისინი ინათლებიან, რისთვისაც ხელისუფლება სდევნის და სასტიკად სჯის მათ. იმასაც ვგებულობთ, რომ ქრისტიანობა იმ დროს სპარსეთშიც საკმაოდ მომძლავრებული ყოფილა.

„ევსტათი მცხეთელის წამებაში“ შემონახულია ქართული რელიგიურ-ფილოსოფიური აზროვნების საყურადღებო ფაქტი: ევსტათისა და მარზპანის მოზრდილ დიალოგში მოცემულია ქრისტიანობის ფილოსოფიური დასაბუთება და ცეცხლთაყვანისმცემლობის უარყოფა. ეს ადგილი ემყარება II საუკუნის ბერძენი ფილოსოფოსის არისტიდესაპოლოგიას“, ოღონდ არისტიდეს თხზულება თავისებურად, ქართული სინამდვილის შესატყვისად არის გამოყენებული. თხზულების ავტორს გამოყენებული აქვს აგრეთვე ძველი და ახალი აღთქმის წიგნები, ბასილი კესარიელის ჰაგიოგრაფიული მოთხრობა.

ნაწარმოებს ესთეტიკურ მომხიბვლელობას ანიჭებს ენის ნატიფი სისადავე, რაც სინტაქსურ მიმართებათა უაღრესად ბუნებრივ წყობასა და ფრაზის შინაგან სიცოცხლეში გამოიხატება. ამას ემატება წარმოსახულ მოვლენასა თუ განცდასთან შინაგანად თანხმიერი პასაჟების რიტმული გამახვილება.

„ევსტათი მცხეთელის წამება“ თარგმნილია გერმანულად.


ტექსტი

  • ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, I, 1946, გვ. 44-54; ჩვენი საუნჯე, I, 1960, გვ. 28–42.

ლიტერატურა


წყარო

ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები