ავსტრიის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ავსტრიის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერები – ამჟამად ავსტრიის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში დაცულია ქართული ხელნაწერი წიგნის ხუთი მეტად მნიშვნელოვანი ერთეული, რომელთა შესწავლასაც ყურადღება დაუთმეს როგორც ევროპელმა, ასევე ქართველმა მეცნიერებმა. ავსტრიის ეროვნული ბიბლიოთეკის ქართული ხელნაწერების პირველი სამეცნიერო აღწერილობა ეკუთვნის გრიგოლ ფერაძეს.

სარჩევი

Vien.Geo.1. ოთხთავი.

XII, XIV სს. 257 ფ.; ეტრატი; 17×10,8 სმ.; ნუსხური; სათაურები და აბზაცთა დასაწყისები მთავრულით. ხელნაწერი ბიბლიოთეკის ფონდში შევიდა 1873 წელს. წიგნს მოგვიანებით გაუკეთეს ევროპული ყდა.

ხელნაწერი აღწერეს გრ. ფერაძემ და თ. ჯოჯუამ. ამ უკანასკნელმა იგი წყაროთმცოდნეობითი თვალსაზრისით შეისწავლა (Peradze 1940: 223; ფერაძე 2004: 161; ჯოჯუა 2005: 181-221). სახარების რედაქციული თავისებურება დაადგინა ზ. სარჯველაძემ (სარჯველაძე 1984: 52). ოთხთავი გიორგი ათონელის რედაქციისაა, რაც, ფაქტობრივად, გამორიცხავს ზემოთ დასახელებულ აღწერილობებში ნუსხის თარიღისთვის მითითებულ X ს-ს. წიგნი კონვოლუტია, შედგება ორი, სხვადასხვა დროს გადაწერილი ნაწილისგან: პირველი სახარებაა, მეორე – მთელი წლის სახარების საკითხავთა ზანდუკი. ხელნაწერის ციფრული ასლის შესწავლა გვაფიქრებინებს, რომ წიგნის შემადგენელი ნაწილები არ შეიძლება ჩაითვალოს თანადროულ მონაკვეთებად. ნუსხის ძირითადი ტექსტი-ოთხთავი და თითოეული სახარების ბოლოს დართული საკითხავთა საძიებელი გადაწერილია ყავისფერი მელნით, სადად, გაფორმების გარეშე. XI ს-ის ქართული ხელნაწერი სახარებების ნორმებს არ შეესაბამება ის ფაქტი, რომ სახარების ტექსტი ამ ხელნაწერში დაუმუხლავია, ხოლო რვეულებრივი პაგინაცია გატანილია არშიების გარეთა კიდეებზე. მოგვიანებით ხელნაწერი შევსებული და ერთგვარად რედაქტირებულია: ტექსტი შავი მელთითა და გვიანდელი ნუსხურით დამუხლულია, სახარებაზე დართულია მთელი წლის საკითხავთა ზანდუკი, არშიებსა და ზოგან სტრიქონებს შორის შავი და მწვანე მელნებით დართულია კომენტარები ამა თუ იმ მუხლის ლიტურგიკული ფუნქციის მითითებისათვის. მაგ.: „ალილუია, ისმინე ასული“, „პავლესთჳს. პეტრესთჳს“, „დასდებელი“და სხვ. 49v-ზე გამცხოველებლისა და კომენტარების დამრთველის მიერვე შესრულებულ ოლოსამკაულში ჩაწერილია, როგორც ჩანს, მისივე მოსახსენებელი მინაწერი: „უფალო, შეიწყალე სული მშობელთა გიორგისთაჲ, და შეუნდვენ ძმათა მისთა ცოდვანი, ამენ.“ მინაწერი არ შეესაბამება კლასიკური ხანის ქართული ენის ნორმებს. აღსანიშნავია, რომ 233v-ზე, რომელზე მკვლევარმა თ. ჯოჯუამ ამოიკითხა მინაწერი – „... წმიდაჲ ესე სახარებაჲ წერილ არს სტეფანესათჳს, ფებრონიაჲსთჳს და გურანდუხტისათჳს და კჳრიაკესათჳს, იოვანესათჳს და დავითისათჳს“- დღეს ციფრულ ფოტოზე არ იკითხება, თუმცა მასზე ჩანს კლასიკური ხანის წვრილი მწყობრი ნუსხურით გადაწერილი ტექსტის კვალი. იგი გადარეცხილია, მისი გაბმით წაკითხვა ჭირს ისევე, როგორც მასზე ზემოდან მსხვილი ნუსხურით გადაწერილი ტექსტისა. ხელნაწერთან დაკავშირებული კოდიკოლოგიურ მონაცემებს საფუძველზე ვენური ნუსხის ძირითადი ტექსტი უნდა დათარიღდეს XII ს-ით, ხოლო მისი შევსება- XIV სს-ით.

Vien.Geo.3. თვენი.

X-XI სს. 258 ფ.; ეტრატი+4 ქაღალდი; 24,9×18,9 სმ.; ნუსხური; ყავისფერი მელანი; სათაურები, ხმათა დასახელება მთავრულითა და სინგურით; ახალი ევროპული ყდა. გადამწერი: იოვანე ხახულელი. ხელნაწერი გიორგი ათონელის თებერვლის თვენია. გადამწერი და, როგორც ჩანს, მომგებელიც, არის იოვანე ხახულელი: „მე გლახაკმან და უღირსმან იოვანე ხახულელმან დავწერე ...“ (258v). იოვანე ხახულელი XI ს-ის პირველ ნახევარში ჩანს იერუსალიმის ჯვრის მონასტერში. ნუსხა ავსტრიაში მოხვედრამდე იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ქართული კოლექცის ნაწილი იყო. იგი აღწერილი აქვთ ალ. ცაგარელს (Цагарели 1888: 164, №35), მოგვიანებით კი გრ. ფერაძეს (Peradze 1940: 225-226; ფერაძე 2004: 162-164). წიგნი შეძენილია 1931 წელს ალექსანდრიაში (სარჯველაძე 1984: 52; იმნაიშვილი 2008: 10). მას დიდი მნიშვნელობა ენიჭება „თვენის“ ქართული რედაქციის ისტორიის კვლევისათვის.

Vien.Geo.4. ასკეტიკურ-ჰომილეტიკური კრებული.

1160 წ. 300 ფ.; ქაღალდი; ნუსხური; 30×24 სმ.; შავი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები სინგურით; ნაკლული. ტყავის ყავისფერი გვინდელი სადა ყდა. გადამწერი: ნიკოლაოს ნიკრაი; გადაწერის ადგილი: გარეჯის მონასტერი; მეორედ მკაზმველი: მთავარეპისკოპოსი ვლასი (ურბნელი), წიგნის მესამედ მკინძველი: ბესარიონი (ქიოტიშვილი). კრებულში შესულია სასულიერო მწერლობის სხვადასხვა დარგის 12 თხზულება (ასკეტიკა, აგიოგრაფია, ჰომილეტიკა, ბიბლიოლოგია). კრებული შედგენილი უნდა იყოს არა ლიტურგიკული, არამედ საგანმანათლებლო დანიშნულებით. ნუსხა დეკორირებულია, შემკულია თავსამკაულითა და ფერადოვანი საზედაო ასოებით, მაცხოვრის, ღვთისმშობლის, წმ. გიორგისა ყურადღებას იპყრობს ხელნაწერის როგორც თანადროული, ასევე გვიანდელი ანდერძ-მინაწერები, რომლებშიც დაცულია XI-XVIII სს-თა მწიგნობრებისა და ჯვრის წიგნსაცავისადმი ქართველთა დამოკიდებულის ამსახველი არაერთი ცნობა. ხელნაწერი ორგზის აიკინძა იერუსალიმში ყოფნის დროს: 1570 წელს ბარნაბა თბილელის ინიციატივით და 1813-1814 წლებში ბესარიონ ქიოტიშვილის მიერ. 1772 და 1778 წწ-ში იოანე მღვდელ-მონაზვნისა და არქიმანდრიტ ანტონის მიერ შესრულებული კოლოფონებიდან ირკვევა, რომ მე-18 ს-ში ჯერ კიდევ ზრუნავდნენ ჯვრის მონასტრის წიგნსაცავის შევსებაზე არა მხოლოდ ხელნაწერი, არამედ ქართულ სტამბაში პირველნაბეჭდი წიგნებითაც. ხელნაწერი წყაროთმცოდნეობითი თვალსაზრისით ნაკვლევია (ქავთარია 2003; კლდიაშვილი 2005: 143-162; ჯოჯუა 2012). და სხვა გრაფიკული გამოსახულებებით არშიებზე. კრებულს წინ უძღვის ზანდუკი, რომელიც XVI ს-ში (1570 წ.), წიგნის მეორედ შეკაზმვის დროს, უნდა იყოს დართული. გრ. ფერაძემ საკმაოდ დიდი ადგილი დაუთმო Vien.Geo.4-თან დაკავშირებულ საკითხებს. მან ხელნაწერი შედარებით ვრცლად აღწერა. ძველი აღთქმის ქართულ თარგმანთა კრიტიკულ გამოცემაში ვენური ნუსხა დასახელებულია, როგორც ადრეული რედაქციის შემცველი ერთ-ერთი კრებული (წიგნნი 1989: 593). მკვლევართა საგანგებო ყურადღება მიიპყრო კრებულში შემავალ თხზულებათა ტექსტოლოგიურ-რედაქციულმა თავისებურებებმა. ცალ-ცალკე იყო შესწავლილი „ქება-ქებათას“, „ნისიმეს ცხოვრების“ (ასათიანი 2003: 53-59), დოგმატიკურ-პოლემიკური თხზულების „შეჩუჱნებაჲ მწვალებელთაჲ“ (ჯოჯუა 2003: 54-113) ტექსტები. ძალზე მნიშვნელობანი სურათი გამოვლინდა „ქება-ქებათას“ ქართული რედაქციის კვლევის პროცესში. დადგინდა, რომ ვენურ ხელნაწერში შესული ეს ქართული თარგმანი არ მისდევს ამ ბიბლიური წიგნის ცნობილ ქართულ და, რაც კიდევ უფრო საყურადღებოა, ბერძნულ რედაქციებს (სარჯველაძე 1983: 75-87). მთარგმნელი თხზულებას ღვთისმშობლის ხოტბად აღიქვამს (ქურციკიძე 2003: 613). ტექსტი უცნობი ჰიმნოგრაფის მიერ იამბიკოდაა გარდაქმნილი (ჩიტუნაშვილი 2010: 513-537). 2004 წელს გამოქვეყნებულ გრიგოლ ნოსელის ეგზეგეტიკურ-პანეგირიკულ თხზულებათა გამოცემას ძირითად ნუსხად დაედო სწორედ Vien.Geo.4-ში დაცული „თარგმანებაჲ მომიჴსენისას“ ტექსტი (ნოსელი 2004: 198-285).

Vien.Geo.5. ოთხთავი.

XVI-XVII სს. 281 ფ.; ქაღალდი; ნუსხური; შავი მელანი; სათაურები და საზედაო ასოები მთავრულითა და სინგურით. ზოგი საზედაო ასო დეკორირებულია. გადამწერი და გადაწერის ადგილი უცნობია. ყდა რესტავრირებულია; განახლებულ ყდაზე დაკრულია ძველი ყდის ფრაგმენტები; სახარება დევს ფოთლოვან-ყვავილოვანი ორნამენტით გაფორმებულ ვერცხლის ბუდეში. ზედა ფრთაზე გამოსახულია ჯვარცმა, კუთხეებში – ოთხი მახარებელი. ტექსტი გიორგი ათონელის რედაქციისაა. თითოეულ სახარებას უძღვის ზანდუკი. გადამწერი ოთხთავს ურთავს ბერძნულ წესზე გაწყობილსა და სვინაქსართან შეთანხმებულ სახარების საძიებელთა განგებას (251r-280r). ხელნაწერს ათარიღებენ XII-XIII სს-ით, მაგრამ მისი შედგენილობისა და პალეოგრაფიული თავისებურებების გათვალისწინებით ოთხთავის თარიღი უნდა განისაზღვროს XVI-XVII სს-ით. Vien.Geo.5 ტექსტი გამოცემული არ არის. ოთხთავის 280r-ზე გვხვდება მხედრულით შესრულებული მინაწერი, რომელშიც იხსენიება XVII ს II ნახ-ის მოღვაწეე იაკობ სამებელი (დუმბაძე). როგორც ცნობილია იგი 1647-1658 წწ-ში იყო შემოქმედელი მიტროპოლიტი, 1687 რომში შეხვდა რომის პაპ ინოკენტი XI, 1696 წელს გაემგზავრა რუსეთში, დონის მონასტერში, 1713 წელს აღესრულა იერუსალიმში. 1938 წლის 15 ივლისს ბიბლიოთეკამ ვენაში იყიდა ეს ხელნაწერი. თუ ბიბლიოთეკის დავთარში ჩაწერილ ცნობას დავუჯერებთ, „ეს წიგნი ეკუთვნოდა საქართველოს უკანასკნელ მეფეს, პრინც ბაგრატიონ-მუხრანელს, რომელიც 1921 წელს დახვრიტეს. მისმა მეუღლემ ეს სახარება თბილისში გაყიდა 1929 წელს“ (იმნაიშვილი 2008: 12).


წყარო

ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები