ალექსი-მესხიშვილები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალექსი-მესხიშვილები (მესხიშვილები), XVII-XIX საუკუნეების ქართველ კალიგრაფ-მწიგნობართა და მხატვართა საგვარეულო, რომელმაც საქართველოსა და ქართულ ეკლესიას ბევრი ცნობილი მოღვაწე მისცა. მისი წარმომადგენლები (ძირითადად, სასულიერო პირები), ეწეოდნენ დიდ საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ საქმიანობას, შექმნეს მძლავრი კალიგრაფიული სკოლა, რითაც ხელი შეუწყვეს ქართული სამწიგნობრო ხელოვნების განვითარებას. ალექსი-მესხიშვილთა დინასტიის წარმომადგენლები იწერდნენ, ამრავლებდნენ, აღადგენდნენ, კაზმავდნენ, მხატვრულად აფორმებდნენ ძველ ხელნაწერებს. მათ შორის იყვნენ მწერლები, მეცნიერები, ბიბლიოფილები.

1674 წ. კათოლიკოს-პატრიარქმა, დომენტი III-მ (1660-1675) ანჩიდან მცხეთას გადმოსვენებული ქრისტიანობის უდიდესი სიწმინდე – „პირი ღვთის“ ხატი, თბილისში, ე.წ. „ზარის საყდარს“ დააბრძანა, რის შემდეგაც ამ ტაძარს ანჩისხატი ეწოდა. ანჩის ხატს თან ჩამოჰყვა პეტრე მესხი (გ. 1680) ცოლ–შვილით და ამ დროიდან დაიწყო მესხიშვილთა საგვარეულოს ისტორია. მესხეთიდან გადმოსული ალექსი-მესხიშვილთა წინაპარი ტაძარში დამკვიდრდა, იყო ანჩისხატის კანდელაკი. მისი თითქმის ყველა შთამომავალი ანჩისხატთან იყო დაკავშირებული და აქ მსახურობდა. ანჩისხატის დეკანოზები იყვნენ პეტრე, პეტრეს შვილი იოსები, შვილიშვილი გრიგოლი და მისი ძე ალექსი, რომელიც ითვლება კალიგრაფ-მწიგნობართა დინასტიის ფუძემდებლად (ალექსის შემდეგ მის შთამომავალ მესხიშვილებს ეწოდათ ალექსიმესხიშვილები).

ქრონოლ. თანამიმდევრობით საგვარეულოს წარმომადგენლები არიან:

  1. იოსები – პეტრეს ძე, ანჩისხატის დეკანოზი 1681-1711 წწ. მის შესახებ სხვა ცნობები არ მოგვეპოვება.
  2. გრიგოლი - იოსების ძე სამეფო კარის მხატვარი, ანჩისხატის ეკლესიის დეკანოზი, მგალობელი და მწიგნობარი“.
  3. ალექსი - გრიგოლის ძე XVIII საუკუნის. დასაწყისი –1766), ანჩისხატის ეკლესიის დეკანოზი.
  4. სოლომონი – ალექსის ძე - (1742-1808), მწერალი და მწიგნობარი, მგალობელი, მხატვარი, წიგნთა მკაზმავი.
  5. დავითი – ალექსის ძე (დავით რექტორი, 1745-1824) – მეცნიერი, მწიგნობარი, პოეტი, პედაგოგი, კალიგრაფი, ლექსიკოგრაფი და ქართ. ენის ნოვატორი, კოლექციონერი და ბიბლიოფილი.
  6. გიორგი – ალექსის ძე (დაბადების და გარდაცვალების ზუსტი თარიღები უცნობია), დახელოვნებული და ნაყოფიერი კალიგრაფი.
  7. ნიკოლოზი – ალექსის ძე - (გარდაიცვალა 1786 წ), ანჩისხატის დეკანოზი.
  8. მიხეილი – გიორგის ძე - (გ.1788). ანჩისხატის ეკლესიის მღვდელი. არაერთი ქართული ხელნაწერის გადამწერი.
  9. ტარასი – სოლომონის ძე (1793-1874), არქიმანდრიტი, მწერალი, კალიგრაფი, ბიბლიოფილი.
  10. დიმიტრი – სოლომონის ძე (1778-1862), ტარასი არქიმანდრიტის ძმა, ანჩისხატის ტაძრის უკანასკნელი დეკანოზი (1808-1815), დიკასტერიის მწერალ-მწიგნობარი და „სიბრძნის ტრფიალი“ (H 224).
  11. იოელი - (1780-1825)
  12. ჰარონ/აარონ – ნიკოლოზის ძე (გ. 1834), მღვდელი.
  13. გაბრიელი – იოანეს ძე (1776–1836), ანჩისხატის დეკანოზი და კანდელაკი.
  14. ანდრია – დავითის ძე (1793-1849).

ალექსი-მესხიშვილების გადაწერილ-გაფორმებული წიგნები ორგანულად უკავშირდება ძველი ქართული ხელნაწერი წიგნის ტრადიციებს, რისთვისაც ალექსი-მესხიშვილები იყენებდნენ დიდი ხნის შემუშავებულ ხერხებს (თავსართები და ბოლოსართები, საზედაო ასოები, სინგურით ნაწერი სტრიქონები ტექსტში და სხვ.).

ალექსი-მესხიშვილების მიერ გადაწერილ წიგნთა და საბუთთა უმრავლესობა დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში [(ხეც) (ყოფილი კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინტიტუტი)].

ი. გაჩეჩილაძე

ლიტერატურა

გაჩეჩილაძე ი., ქართულ ხელნაწერთა ამაგდარნი (მწიგნობარ-კალიგრაფი ალექსი-მესხიშვილები), თბ., 2011.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები