ალკიბიადესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალკიბიადესი (ძვ. წ. 450-404 წწ.) - ათენის სახელმწიფო მოღვაწე. გაიზარდა ბიძის, პერიკლეს ოჯახში. სოკრატეს მეგობარი და მოწაფე. წინააღმდეგობებით აღსავსე ადამიანი - პატივმოყვარე, ამორალური, სამშობლოსა და მეგობრების მოღალატე, რომელიც სამშობლოს წინააღმდეგ უფრო ხშირად იბრძოდა, ვიდრე მის დასაცავად და ამავე დროს იყო ნიჭიერი მხედართმთავარი, შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი, ორატორი, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული.

ძვ. წ. 422 წ-ს კლეონის სიკვდილის შემდეგ იგი რადიკალურ დემოკრატებს ჩაუდგა სათავეში და სპარტისაგან იზოლაციის პოლიტიკას დაადგა. მისი ინიციატივით შეიქმნა პელოპონესის პოლისთა ახალი კოალიცია (არგოსი, მანტინეა და ელეა), რომელმაც ათენის მხარდაჭერითა და წაქეზებით შეუტია ლაკედემონს, მაგრამ დამარცხდა მანტინეასთან (ძვ. წ. 418 წ.).

ალკიბიადესი დაჟინებით მოითხოვდა სიცილიის ექსპედიციის წარმართვას, რასაც სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ნიკიასი. (ექსპედიცია ათენელთა დამარცხებით დასრულდა (ძვ. წ. 413 წ.) ფლოტის სიცილიაში ჩასვლის შემდეგ, მოკლე ხანში, ათენელებმა მკრეხელობაში (ელევსინის მისტერიების პაროდირებაში) დასდეს ბრალი ალკიბიადესს და სასამართლოს წინაშე წარსადგომად ათენში მოუხმეს. იგი სპარტაში გაიქცა. სწორედ მისი რჩევით, ძვ. წ. 413 წ-ს სპარტელებმა დაიკავეს ატიკის ქალაქი დეკელეა, რათა მუდმივი საფრთხე შეექმნათ ათენისთვის. ათენში ალკიბიადესი მოღალატედ გამოაცხადეს და დაუსწრებლად სიკვდილი მიუსაჯეს.

ოლიგარქები,რომლებმაც ძვ. წ. 411 წ-ს ათენში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს, გაემიჯნენ ალკიბიადესს. დემოკრატიული პარტიის ერთგულმა ფლოტმა ალკიბიადესი აირჩია მეთაურად კუნძულ სამოსზე. ალკიბიადესმა ათენის ფლოტს დიდი გამარჯვებები მოუპოვა იონიაში (ძვ. წ. 411-408 წწ.). ძვ. წ. 407 წ-ს იგი ათენში დაბრუნდა, სადაც მას განსაკუთრებული ძალაუფლება მიანიჭეს. ნოტიუმთან ათენელების დამარცხების შემდეგ ალკიბიადესი ჩამოაცილეს ხელისუფლებას. ძვ. წ. 404 წ-ს ათენი საბოლოოდ დანებდა მტერს. სპარტელების დახმარებით დამყარდა 30 ტირანის ოლიგარქიული რეჟიმი. ოლიგარქებმა დემოკრატების დევნა დაიწყეს და სპარტელებს სთხოვეს, ალკიბიადესს გასწორებოდნენ. ალკიბიადესი თავშესაფრის ძიებაში ჯერ თრაკიაში, მერე ბითვინიაში, შემდეგ კი ფრიგიაში ჩავიდა, იქ მისი სახლი მიგზავნილმა მკვლელებმა დაწვეს და ალკიბიადესი მოკლეს.




წყარო

დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები