ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია - ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში.

მართლმადიდებლობის გავრცელება ჩრდილოეთ ამერიკაში დაიწყო XVIII საუკუნის ბოლოს და დაკავშირებულია რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მისიონერების მოღვაწეობასთან. 1793 წელს რუსეთის ეკლესიის სინოდმა არქიმადრიტ იოსაფის (ბოლოტოვი) მეთაურობით ალიასკაზე გაგზავნა პირველი მისია 8 ვალაამელი ბერის შემადგენლობით. სწორედ მათ დააარსეს პირველი მართლმადიდებელი ეკლესია ამერიკის კონტინენტზე. მათი ქადაგების შედეგად უკვე პირველი 2 წლის განმავლობაში ქრისტიანობაზე მოიქცა და მოინათლა 12 ათასი ადგილობრივი წარმართი, ძირითადად – ალეუთები. მართლმადიდებელთა ცენტრად იქცა დაბა კადიაკი. მალე რუსეთის ეკლესიის სინოდმა დანიშნა იქ კადიაკის სავიკარიო ეპისკოპოსი, რომელიც ექვემდებარებოდა ირკუტსკის ეპარქიის მმართველს. 1811 წელს საეპისკოპოსო კათედრა გაუქმდა და ყველა საეკლ. საქმე 1840 წლამდე წყდებოდა ირკუტსკის ეპარქიაში. 1840 წ. კათედრა აღდგა სახელწოდებით – კამჩატკის, კურილიისა და ალეუთის საეპისკოპოსო.

1870 წ., მას შემდეგ, რაც ალიასკა 1867 წ. რუსეთმა მიჰყიდა ამერიკას, შეიქმნა ალეუთისა და ალიასკის ეპარქია, რომლის კათედრა მდებარეობდა სითხაზე, შემდეგ კი – სანფრანცისკოში. 1900 წ. ეპარქიას ეწოდა ალეუთისა და ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქია. 1905 წ. საეპარქიო ცენტრი გადაიტანეს ნიუ-იორკში. 1907 წელს მთავარეპისკოპოს ტიხონის (შემდგომში – რუსი პატრიარქი) თავმჯდომარეობით გაიმართა პირველი საეპარქიო კრება, რომელმაც დაადგინა: „ეწოდოს არსებულ საეკლესიო ორგანიზაციას რუსული მართლმადიდებელი ბერძნულ-კათოლიკე ეკლესია ჩრდილოეთ ამერიკაში“.

1794 წლიდან 1921 წლამდე ამერიკაში მცხოვრები ყველა მართლმადიდებელი შედიოდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში. ესენი ძირითადად იყვნენ: უკრაინელები, ბერძნები, ბულგარელები, ალბანელები, რუმინელები, სერბები. სერბების, ბერძნების, ანტიოქიის ბერძნნული საპატრიარქოს ეპისკოპოსები აქ ინიშნებოდნენ რუსეთის ეკლესიის სინოდის თანხმობითა და ნებართვით.

მდგომარეობა შეიცვალა რუსეთში 1917 წ. ოქტომბერში მომხდარი ბოლშევიკური რევოლუციისა და საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ. ფაქტობრივად, გაწყდა ურთიერთობა რუსეთის ცენტრალური საეკლესიო ხელისუფლებასა და ამერიკაში რუსეთის ეკლესიის ეპარქიას შორის. ამერიკაში მცხოვრებ მართლმადიდებელ რუს მორწმუნეთა ნაწილი ე.წ. „ობნოვლენცებთან“ გადავიდა, ნაწილი შევიდა ე.წ. „საზღვარგარეთული რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის“ იურისდიქციაში, ნაწილი დარჩა მოსკოვოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში, მაგრამ, ფაქტობრივად, არავითარი კონტაქტი აღარ ჰქონდა მოსკოვის ცენტრალურ საეკლესიო ხელისუფლებასთან, რომელიც ბოლშევიკური რეჟიმის პირობებში იდევნებოდა. 1921 წელს ამერიკაში შეიქმნა მსოფლიო საპატრიარქოს ბერძნული სამთავარეპისკოპოსო, რომელმაც გააერთიანა თითქმის მთელი ბერძნნული მრევლი. კონსტანტინოპოლის ამ ნაბიჯს მოსკოვის საპატრიარქო არაკანონიერად თვლიდა და თვლის. მოგვიანებით ჩრდილოეთ ამერიკაში შეიქმნა რამდენიმე ეროვნული დიოცეზი და ეპარქია – ანტიოქიის სამთავარეპისკოპოსო, ბულგარეთის, ალბანეთის, რუმინეთის, სერბეთის ეკლესიების საეპისკოპოსოები, რომლეებიც, ცხადია, აღარ შედიოდნენ რუს. ეკლესიის ჩრდილოამერიკული ეპარქიის იურისდიქციაში. 1933 წელს რუსეთის ეკლესიის სინოდმა შექმნა მოსკოვის საპატრიარქოს საეგზარქოსო ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. ეგზარქოსი ატარებდა ალეუთისა და ჩრდილოეთ ამერიკის მთავარეპისკოპოსის ტიტულს. სწორედ ამ საეგზარქოსომ 1970 წელს მიიღო თვითმმართველობითი, ე.ი. ავტოკეფალიური უფლებები, მოსკოვის საპატრიარქოსაგან.

XX საუკუნის 60-იან წლებამდე მოსკოვის საპატრიარქოს ურთიერთობა ამერიკის რუსულ სამიტროპოლიტოსთან საკმაოდ რთული იყო. მიუხედავად იმისა, რომ 1933 წ. მოსკოვის საპატრიარქომ შექმნა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის საეგზარქოსო, ამერიკაში მყოფი რუსი მღვდელმთავრები და სხვა სასულიერო პირები ფაქტობრივ განხეთქილებაში იმყოფებოდნენ მოსკოვის საპატრიარქოსთან. მხოლოდ 1969 წ. დაიწყო ამერიკის რუსეთის სამიტროპოლიტოს ოფიციალური კონტაქტები დედაეკლესიასთან. პირველი ოფიციალური შეხვედრა მოსკოვის საპატრიარქოს და ამერიკის სამიტროპოლიტოს წარმომადგენლებს შორის შედგა ჟენევაში 1969 წ. 24-25 აგვისტოს. მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ლენინგრადისა და ნოვგოროდის მიტროპოლიტი ნიკოდიმი. მეორე ოფიციალური შეხვედრა გაიმართა ტოკიოში იმავე წლის 28 ნოემბერს. რუსეთის ეკლესიის სინოდმა განიხილა 2 ამ შეხვედრების შედეგები და კანონიკური ურთიერთობის სრული აღდგენის მიზნით მიზანშეწონილად ჩათვალა მოლაპარაკების გაგრძელება. 1970 წ. მარტში მიტროპოლიტი ნიკოდიმი ეწვია ამერიკის შეერთებულ შტატებს და 31 მარტს ნიუ-იორკის მთავარეპისკოპოს ირინეოსთან ერთად ხელი მოაწერა ხელშეკრულებას კანონიკური ურთიერთობის სრული აღდგენის თაობაზე. მაშინვე მთავარეპისკოპოსმა ირინეოსმა გადასცა მიტროპოლიტ ნიკოდიმს ამერიკული სამიტროპოლიტოს დიდი კრებისა და ეპისკოპოსების თხოვნა მოსკოვის პატრიარქ ალექსის სახელზე, რათა დედაეკლესიას – მოსკოვის და სრულიად რუსეთის საპატრიარქოს – მიენიჭებინა ავტოკეფალია ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიისათვის.

1970 წ. 9 აპრილს რუს. მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდმა მოხსნა 1947 წ. აკრძალვა ჩრდილოამერიკული სამიტროპოლიტოს იერარქიაზე, ხოლო მეორე დღეს (10 აპრილს) ეპისკოპოსთა გამოკითხვისა და მათი წერილობითი თანხმობის შემდეგ გამოიტანა დადგენილება ამერიკაში რუსეთის მართლმადიდებელი ბერძნულ-კათოლიკე ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების თაობაზე. ამავე დღეს ხელმოწერილ იქნა საპატრიარქო და სინოდალური თომოსი ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ. რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა რუსი პატრიარქი უწმინდესი ალექსი, რის გამოც თომოსის ოფიციალური გადაცემა შედგა მხოლოდ 1970 წ. 18 მაისს. თომოსის გადაცემის ოფიციალური აქტი შეასრულა პატრიარქის მოსაყდრემ – კრუტიცკისა და კოლომნის მიტროპოლიტმა პიმენმა (შემდგომში – მოსკ. და სრულიად რუს. პატრიარქი). თომოსში აღნიშნული იყო, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ბერძნულ-კათოლიკე ეკლესია ამერიკაში ამიერიდან იწოდება ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიად და სარგებლობს ავტოკეფალური ეკლესიისათვის დამახასიათებელი ყველა უფლებითა და პრივილეგიით.

თომოსის მიხედვით, ახალი ავტოკეფალიური ეკლესიის იურისდიქცია ვრცელდებოდა კონტინენტური ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლურ-მართლმადიდებლური აღმსარებლობის ყველა ეპისკოპოსზე, სამღვდელოებასა და მრევლზე, ჰავაის შტატის ჩათვლით (მექსიკის გამოკლებით), რომლებიც აღნიშნული დროისათვის ეკუთვნიან სამიტროპოლიტოს, ან მომავალში შევლენ მასში. იმავე სინოდმა გააუქმა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის საეგზარქოსო და ცენტრალური ამერიკის ტერიტორიაზე შექმნა ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის საეგზარქოსო, რომელმაც 1990 წლამდე იარსება.

ახალდაარსებული ავტოკეფალიური ეკლესიის პირველი ადგილობრივი კრება გაიმართა 1970 წ. ოქტომბერში წმ. ტიხონის მონასტერში. ნიუ-იორკის მთავარეპისკოპოსმა, სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტმა, უნეტარესმა ირინეოსმა ამბიონიდან წაიკითხა პატრიარქ ალექსის თომოსი და გადაიხადა სამადლობელი პარაკლისი. 1971 წ. ოქტომბერში გაიმართა მეორე საეკლესიო კრება, რომელმაც მიიღო ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება და ახალი სახელწოდება – მართლმადიდებელი ეკლესია ამერიკაში. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილმა რუსულმა საეკლესიო ორგანიზაციამ მიიღო ავტოკეფალია და დღემდე სრულიად დამოუკიდებლად განაგრძობს არსებობას, მისი უფლებები არ ცნო ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ და, უპირველეს ყოვლისა, მსოფლიო (კონსტანტინოპოლის) საპატრიარქომ. ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას ცნობენ საქართველოს, ბულგარეთის, პოლონეთის, რუმინეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესიები.

აამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, მიტროპოლიტი სრულიად ამერიკისა და კანადის, თეოდოსი (ლაზარი) ორჯერ ეწვია ოფიციალური ვიზიტით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას (1978, 1986). 2006 წ. საქართველოში ვიზიტად იმყოფებოდა სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი, ვაშინგტონის მთავარეპისკოპოსი გერმანე (სვაიკო), ხოლო 2009 წ. – ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის ახლად არჩეული მეთაური, მიტროპოლიტი იონა (პაფჰაუზენი), რომელმაც მოილოცა საქართველოს ეკლესია-მონასტრები, სტუმრობდა წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტს, სადაც შეხვდა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს და წაიკითხა ლექცია მართლმადიდებლობის მდგომარეობაზე აშშ-სა და კანადაში. 2012 წლის ნოემბრიდან ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურია მიტროპოლიტი ტიხონი (მოლარდი). ოფიციალურ ვიზიტად ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიას ორგზის ეწვია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II .

ამჟამად ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია აერთიანებს 16 ეპარქიას (დაახლოებით 520 სამრევლო). მრევლის რაოდენობამ 1 მლნ. გადააჭარბა. მოქმედებს 4 მამათა და 2 დედათა მონასტერი. სასულიერო განათლების ძირითადი ცენტრებია: წმ. ვლადიმირის თეოლოგიური აკადემია ქრესტვუდში, წმ. გერმანეს სემინარია ალასკაში და წმ. ტიხონის სემინარია საუთ-ქანაანში.

უმაღლეს კანონიკურ ხელისუფლებას ეკლესიაში წარმოადგენს წმ. სინოდი, რომელშიც შედის ყველა მმართველი მღვდელმთავარი. წმ. სინოდის სესიებს შორის მოქმედებს ე.წ. მუდმივი მცირე სინოდი. უმაღლესი ადმინისტრაციულ-საკანონმდებლო ძალაუფლება ეკუთვნის სრულიად ამერიკის საეკლესიო კრებას. ეკლესიის მეთაურის ტიტულია მიტროპოლიტი სრულიად ამერიკისა და კანადისა, მთავარეპისკოპოსი ვაშინგტონისა.

ზ. აბაშიძე

ლიტერატურა

  • ბაშიძე ზ., მართლმადიდებელი ეკლესია ამერიკაში და მისი ავტოკეფალია, კრ., ამერიკის შესწავლის საკითხები, ტ. 1, თბ., 2002.; Скурат
  • К., Исторя поместных Православных церквей, т. 2, M., 1994.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები