ანქისესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანქისესი(ბერძნ.) დარდანიელების მეფე, ზევსის ძე დარდანოსის ჩამომავალი, ტროას მეფის – ილოსის შვილიშვილი, აფროდიტეს საყვარელი.

ოლიმპოსის ღმერთთა საკრებულოში სიყვარულის ღვთაება აფროდიტე ხშირად ხუმრობდა ხოლმე იმაზე, თუ როგორ უჩნდებათ ცისიერებს მიწიერი შვილები. თავად კი ამაყობდა იმით, რომ მოკვდავის სარეცელი არასოდეს გაუზიარებია. ეს არ მოსწონდა ზევსს და ასეთი რამ განიზრახა: აფროდიტეს შთააგონა სიყვარული მოკვდავი ანქისესისადმი, რომელიც ღმერთთა მსგავსი იყო თავისი მშვენებით. ხარებს რომ მწყემსდა იდას მთაზე გმირი ანქისესი, მაშინ იხილა ღვთაებამ იგი და სიყვარულით განიმსჭვალა. კვიპროსისაკენ ისწრაფა და თავის ტაძარს შეაფარა თავი პაფოსში. იქ ქარიტებმა განბანეს ქალღმერთი, უკვდავი სხეული დაუზილეს სურნელოვანი ნელსაცხებლებით და დიდებული სამოსით შემოსეს. ღმერთქალმა ისევ ტროასკენ ისწრაფა და ღრუბლებით შებურულ იდას მთაზე დაეშვა. ნადირებისა და ფრინველების შემოგებებით გახარებულმა აფროდიტემ მალე მიაგნო ანქისესს და მოკვდავი ქალწულის სახით წარსდგა მის წინაშე. მისმა მშვენებამ გააოგნა გმირი. მათ მიაშურეს ლომებისა და დათვების ბეწვით მორთულ სარეცელს. ანქისესმა თავად ჩამოხსნა ღმერთქალს ოქროცურვილი სამკაული, შეხსნა სარტყელი, სამოსისაგან განძარცვა მისი სხეული, მთვარესავით მანათობელი და ღვთის განგებით შეეუღლა უკვდავს მოკვდავი. ოღონდ მან ჯერ ეს არ იცოდა. შემდეგ ღვთაებამ თავისი რჩეული მიაძინა. თავად კი ისევ შეიმოსა და ღვთაებრივი მშვენიერების სხივთამთოველი აღიმართა გასასვლელ კართან. გამოეღვიძა ანქისესს და როდესაც მთელი თავისი დიდებით იხილა ღვთაება, შეევედრა: „ნუ დამტოვებ დედამიწაზე, რადგან ამბობენ, ვინც ღვთაებასთან სარეცელი გაიზიარა, ძალას კარგავსო“. მაგრამ აფროდიტემ იგი დაამშვიდა, აუწყა, რომ შეეძინება ძე, სახელოვანი ენეასი, ღმერთების მსგავსი. თან გააფრთხილა, არავისთან გაემხილა მათი ამბავი. გავიდა ხანი. ერთხელ ანქისესმა მეგობართა წრეში დაიტრაბახა, რომ მოკვდავთანაც და უკვდავთანაც გაუზიარებია სარეცელი. ეს რომ გაიგო, ზევსმა ელვა სტყორცნა ანქისესს, რომელსაც ვერ ასცდებოდა მისი მომაკვდინებელი ცეცხლი, აფროდიტეს რომ არ გადაეხარა იგი თავისი წელსაბმელით. ძრწოლამ მოიცვა მოტრაბახე გმირი ისე, რომ ფეხზე ადგომა ვეღარ შეძლო ვეღარასოდეს. აფროდიტემ კი, როდესაც მისგან შვა ენეასი, გადაიყვარა იგი და არც არასოდეს გახსენებია.

როდესაც ტროა დაეცა, ენეასმა აალებული ქალაქიდან მამა ზურგით გამოიყვანა. ანქისესი თან ახლდა ენეასს ხანგრძლივი მოგზაურობის ჟამს და გარდაიცვალა კუნძულ სიცილიაზე.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები