არამი (მითოლოგია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არამ-ი (სომხ. Արամ) – სომხური ეპოსის გმირი, სომეხთა ერთ-ერთი ეპონიმი – პირველწინაპარი, ჰაიკის შთამომავალი, არა გეხეციკის მამა, ღმერთებისა და დემონების ანტაგონისტი. მოგვიანებით, როცა ბუნების ძალების შესახებ არსებული მითების ტრანსფორმაცია ხდება და იგი ისტორიულ ეპიკაში გადადის, არამი თავისი ქვეყნის დასაცავად და საზღვრების განსამტკიცებლად ასირიის, კაპადოკიისა და მიდიის მტრულად განწყობილი ტომების წინააღმდეგ იბრძვის. მ. ხორენაცის ცნობით, „...მეზობელი ტომებისაგან შევიწროებულმა არამმა მრავლად შეკრიბა თავისიანები, მამაცნი, მშვილდოსანნი, თავდადებული შუბოსნები, ფრიად ღონიერი ჭაბუკები, კაცნი სვიანნი, გულადნი, მხნედ მეომარნი, სულ დაახლოებით ხუთი ბევრი (ბევრი – 10 000 – ნ. ა.). იგი სომხეთის საზღვრებთან შეხვდა მიდიელთა ჭაბუკებს, რომელთა წინამძღოლი იყო ვინმე ნიუქარი, მადესად სახელდებული, კაცი ამპარტავანი და ომისმოყვარე... არამი მოულოდნელად, მზის ამოსვლამდე დაესხა თავს ნიუქარს, მოსრა მისი მრავალრიცხოვანი ბრბო და თვით ნუქარი, მადესად სახელდებული, დატყვევებული მიიყვანა არმავირში, ბრძანა, შუბლით მიეკრათ იგი კედელზე, ზღუდის კოშკის წვერზე, რკინის ლურსმანით, გამვლელთა და ყველა მოსულთა დასანახად. [არამმა] დაიმორჩილა მისი ქვეყანა ზარასპად წოდებულ მთამდე და დახარკა იგი“. ასირიელებთან ომში არამის მოწინააღმდეგეა ბარშამი (ბარშამინი), რომელსაც ბრძოლაში ამარცხებს. მიაჩნიათ, რომ არამის ბრძოლა ასირიასთან, შესაძლებელია, უკავშირდება ურარტუს მეფე არამესა და ასირიის მეფე სალმანასარ III-ს (ძვ. წ. IX ს.) შორის მიმდინარე ომებს.

არამი, ჰაიკის შემდეგ, სომეხთა მეორე ეპონიმია, რომლის სახელსაც, გადმოცემის თანახმად, სხვა ხალხები სომხეთის ქვეყანას უწოდებენ (მ. ხორენაცი).


ლიტერატურა

  • მოვსეს ხორენაცი. სომხეთის ისტორია. ძველი სომხურიდან თარგმნა, შესავალი და შენიშვნები დაურთო ალექსანდრე აბდალაძემ. თბ., 1984;
  • Ананикян М. А. Мифы Армении. М., 2010; Арутюнян С. Б. Арам // Мифы народов мира. Т. I. М., 1980; მისივე, Армянская мифология // Мифы народов мира. Т. I. М., 1980.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები