არქონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა არქონტი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არქონი/არქონტი (άρχων) - სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირი. არქონებს ვხვდებით ცენტრალური საბერძნეთის უმეტეს სახელმწიფოებში, ათენში და იმ ბერძნულ პოლისებში, რომლებიც ათენის გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ.

თავდაპირველად ათენში სამი არქონი იყო - არქონ ბასილევსი, არქონ პოლემარქოსი და არქონ ეპონიმოსი. მედონტიდთა სამეფო გვარი პოლემარქოსისა და არქონ ეპონიმოსის თანამდებობათა შემოღების შემდეგაც (ესენი უმთავრესად არჩევითი თანამდებობები იყო) მემკვიდრეობის წესით ბასილევსის თანამდებობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში ინარჩუნებდა. მოგვიანებით, დაახლ. ძვ. წ. 750 წლისთვის დასახელებული სამი არქონის თანამდებობა ათწლიანი გახდა, ძვ. წ. 683 წლიდან კი მხოლოდ ერთწლიანი. ამასთან, მედონტიდთა უფლებებიც მთლიანად იქნა გაუქმებული. ამის შემდეგ ცოტა ხანში ექვსი თესმოთეტესის დამატებით არქონთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა. არქონის თანამდებობა, რომელსაც ხალხი ირჩევდა, სახელმწიფოს მთავარი მოხელის თანამდებობას წარმოადგენდა. ცხრა არქონთაგან ყველაზე მთავარი არქონ ეპონიმოსი იყო, რადგან მისი მოვალეობათა სფერო ყველაზე ფართო სპექტრს მოიცავდა. ძვ. წ. VII და VI სს-ში, პისისტრატოსის ტირანიის დამყარებამდე, პოლიტიკური ბრძოლები უმთავრესად ამ თანამდებობების ირგვლივ წარიმართებოდა. პისისტრატოსმა დაადგინა, რომ არქონის პოსტი ერთ-ერთ მისიანს ან მის მემკვიდრეს უნდა სჭეროდა. სავარაუდოდ, არქონების წილის ყრით დანიშვნის მეთოდი ძვ. წ. 487 წელს შემოიღეს. თავდაპირველად მათ 500-თა ბულედან ირჩევდნენ, შემდეგ კი გადარჩეული ასი მაგისტრატისაგან. ამ პერიოდიდან მოყოლებული მათი პოლიტიკური მნიშვნელობა დასასრულს მიუახლოვდა. თუ ძვ. წ. 487 წლამმდე არქონები სოლონი, ჰიპიასი, თემისტოკლესი და არისტიდესი იყვნენ, ძვ. წ. 487 წლის შემდეგ არც ერთ გავლენიან პოლიტიკურ მოღვაწეს ეს თანამდებობა არ სჭერია.

ცხრა არქონი თესმოთეტესთა მდივანი - თითოეული თითო ფილედან აირჩეოდა. არქონის თანამდებობის დაკავება ორი უმაღლესი ქონებრივი ცენზის მქონე მოქალაქეთაკლასიდან იყო შესაძლებელი. ძვ. წ. 457 წელს არქონობა ძევგიტთა ფენისთვისაც დაუშვეს.

მსახურების ვადის ამოწურვისა და ევთინეს გავლის შემდეგ არქონები არეოპაგის წევრები ხდებოდნენ, რაც არქონის თანამდებობის მნიშვნელობას საგრძნობლად ზრდიდა.

სხვა საჯარო სამსახურების მსგავსად, არქონის თანამდებობა ფართო სპექტრის სასამართლო და აღმასრულებელ მოვალეობებს მოიცავდა. ადრეულ პერიოდში ცხრა არქონი სასამართლო საქმეებს თავიდან ბოლომდე თავად განიხილავდა (გამონაკლისი სიცოცხლის ხელყოფასა და სამოქალაქო უფლებებთან დაკავშირებული საქმეები იყო). გაურკვეველია, თუ რა სახის ურთიერთობა არსებობდა არქონებსა და ჰელიაიას შორის ძვ. წ. VI საუკუნეში. განვითარებული დემოკრატიის პირობებში არქონებს ევალებოდათ, გადაეწყვიტათ, შეიძლებოდა თუ არა საერთოდ ესა თუ ის საქმე სასამართლოსთვის წარედგინათ და თუ შეიძლებოდა, გაერკვიათ კონკრეტულად რომელ სასამართლოს უნდა განეხილა იგი. მათ ასევე ევალებოდათ მტკიცებულებათა შეკრება და პროცესზე თავმჯდომარის ფუნქციის აღსრულება (დიკასტერიონი).


წყარო

დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები