ახალი ხელოვნება ბრაზილიაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტარსილა დო ამარალი. ABAPORU (ის, ვინც ჭამს), 1928; ტილო, ზეთი, 86.4X73.7 სმ. ლათინოამერიკული ხელოვნების მუზეუმი, ბუენოს-აირესი. გადაცემულია გილერმე აუგუსთო დო ამარალი/მალბას მიერ-კონსტანტინის კოლექცია, ბუენოს-აირესი

ახალი ხელოვნება ბრაზილიაში– ზოგან ლათინურ ამერიკაში, ხელოვნებაში წამყვანი ადგილი ისევ XIX საუკუნის აკადემიურ ტრადიციას ეკავა. რამდენიმე ქვეყანაში ჯერ კიდევ ყვაოდა აკადემიები და ფართო სახელოვნებო თემები, ძალზე შთამბეჭდავი იყო სასწავლებლად პარიზს გამგზავრებულ ხელოვანთა რიცხვიც.

1914 წლისთვის ლათინური ამერიკის მრავალ ქვეყნაში მხატვრებმა, ეროვნული თემატიკის შესაქმნელად, იმპრესიონიზმის საკუთარი ვერსიები მოირგეს. ომის შემდეგ, უცხოეთში განსწავლულმა ხელოვანებმა თავიანთ ქვეყნებში ახალი ხელოვნებისა და ევროპული ავანგარდის იდეები ჩაიტანეს და ისინი საგანგებო, ლათინოამერიკული ხედვის მიხედვით გარდაქმნეს. მაგალითად, 1922 წელს, როდესაც ბრაზილია პორტუგალიისგან თავის ასწლოვან დამოუკიდებლობას აღნიშნავდა, სან პაულუში ავანგარდი ახალი ხელოვნების კვირეულს ზეიმობდა. ეს მოვლენა ბრაზილიელმა ხელოვანებმა ევროპისგან შემოქმედებითი დამოუკუდებლობის გამოცხადების თარიღად აქციეს. ახალი ხელოვნების კვირეულმა, რომელმაც სან-პაულუში თავი მოუყარა ავანგარდისტ პოეტებს, მოცეკვავეებს, მუსიკოსებს და ასევე სახვითი ხელოვნების წარმომადგენლებს, ღიად გამომწვევი და კონფრონტაციული ხასიათი მიიღო. პოეტები უმოწყალოდ დასცინოდნენ უფროსი თაობის პოეტებს, მოცეკვავეებმა ტრადიციული ცეკვების თანამედროვე ვერსიები დადგეს, ხოლო კომპოზიტორი ჰექტორ ვილა-ლობოსი (1887-1959), აფრო-ბრაზილიურ რიტმებზე დაფუძნებული, ახალი მუსიკალური ნაწარმოების შესასრულებლად, სცენაზე ფლოსტებითა და აბაზანის ხალათით გამოვიდა.

1928 წელს, პოეტმა და მწერალმა სან პაულუდან, ოსვალდ დი ანდრადემ, რომელიც ახალი ხელოვნების კვირეულის ერთი-ერთი ორგანიზატორიც იყო, ანთროპოფაგული მანიფესტი დაწერა, რომელშიც საზოგადოებას ევროპულ კულტურაზე ბრაზილიის მოჩვენებითი დამოკიდებულების საკითხის რადიკალური გადაწყვეტის სახუმარო გზა შესთავაზა. ის ურჩევდა თანამემამულეებს იმ ძველი ბრაზილიელებისთვის მიებაძათ, რომლებმაც მათ სანაპიროებს მომდგარ პორტუგალიელ მაძიებლებს საკადრისი პასუხი გასცეს - მათ ისინი უბრალოდ შეჭამეს. ამ ურთიერთობას ის ხუმრობით, ანთროპოფაგულს ან კანიბალისტურს უწოდებდა და ბრაზილიელებს ევროპული კულტურის გადასანსვლას, გადამუშავებას (ამით მათი ბრაზილიელობა უნდა გაძლიერებულიყო), შემდეგ კი მის თავიდან მოცილებას სთავაზობდა.

ფერმწერი, რომელიც ყველაზე მეტად გამოხატავს ამ უპატივცემულო დამოკიდებულებას ტარსილა დო ამარალია (Tarsila do Amaral, 1887-1974), ყავის პლანტატორ არისტოკრატთა ქალიშვილი, რომელიც, ფერნან ლეჟესთან ერთად სწავლობდა ევროპაში. სურათი "ABAPORU" (ის, ვინც ჭამს) ნათლად გვიჩვენებს ტარსილას განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ლეჟესა და ბრანკუზისადმი, რომელთა ნამუშევრებს ის აგროვებდა კიდეც. მართალია, სურათში რამდენიმე "ტროპიკული" კლიშეა ჩართული — აბსტრაქტული ფორმის კაქტუსი, ლიმონის ნაჭრის ფორმის მზე, მაგრამ ნამუშევრის მთავარი თემა ბრაზილიის კარიკატურულად გადმოცემულ პეიზაჟში მჯდომი ანდრადეს კანიბალია. მხატვარი თითქოს გვეუბნება: თუკი ბრაზიელიელებს უცხოეთში კარიკატურულად, კანიბალებად აღგვიქვამენ, მოდით კანიბალებივით მოვიქცეთ კიდეც. ანდრადე თავის ერთ-ერთ მანიფესტში წერდა: "რიოს კარნავალი ჩვენი რასის რელიგიური გრძნობების მგზნებარე გამოვლინებაა. რიხარდ ვაგნერი აფასებდა სამბას. ბარბაროსულია, მაგრამ ჩვენია. ჩვენ ორგვარი მემკვიდრეობა გვაქვს: ჯუნგლები და სკოლა".

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები