ბალბალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბალბალ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Балбал)ბრძოლაში დაცემული მეომრის უკვდავსაყოფად მის საფლავზე აღმართული 0.5-3.5 მ-ის სიმაღლის ძეგლები: ადამიანის ქვის ქანდაკებები და სტელები, გავრცელებული ყარაჩაისა და ბალყარეთში. ტრადიციის თანახმად, დაღუპული მეომრის სკულპტურის გვერდით იმდენივე ქვის სვეტი ან ფილა უნდა დადგმულიყო, რამდენი მტერიც ჰყავდა მიცვალებულს მოკლული: რაც უფრო მეტი იყო მათი რაოდენობა, მით უფრო ფასობდა მეომრისა და მოქანდაკის სახელი. ადგილობრივთა შეხედულებით, დამარცხებულები საიქიოში გამარჯვებულთა მოსამსახურეები ხდებოდნენ. იმქვეყნიური არსებობის, როგორც მიწიერი ცხოვრების გაგრძელების, რწმენით აიხსნება ქვის სტატუეტებზე თასებისა და ფიალების გამოსახვა. ქანდაკება აღიქმებოდა, როგორც მიცვალებულის სულის სათავსი, მიცვალებულისა, რომელიც მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ წეს-ჩვეულებებს „ესწრებოდა“ და მათში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.

ძველი თურქული ენის ლექსიკონში ჩვენთვის საინტერესო ტერმინი შემდეგნაირად არის განმარტებული: „ბალბალი – რიტუალური ქვა – ადამიანის სიმბოლო; „მოკლული გმირები მან ბალბალებით მონიშნა“, ან „ჩემს მიერ დახოცილი მათი მეომრების ნიშნად ბალბალები დავდგი“. ყაზახმა მეცნიერმა ლ. კიზლასოვმა არსებული წერილობითი წყაროების ანალიზის საფუძველზე დაადგინა, რომ ძველთურქული ტერმინი „ბალბალი“ აღნიშნავდა არა მიცვალებულის უკვდავსაყოფ ძეგლს, არამედ მის გვერდით დადგმულ ქვას, რომელიც მოკლული მტრის სიმბოლოს წარმოადგენდა. ამდენად, შეიძლება ვთქვათ, რომ რიტუალი სრულდებიდა ადამიანის გამომსახველ ძეგლთან და არა აბსტრაქტულ ქვა-ბალბალთან.

საკითხთან დაკავშირებით საინტერესოა აღინიშნოს, რომ ყარაჩულ-ბალყარული ნართული ეპოსის მიხედვით, ნართები ქვის ქანდაკებას დგამდნენ როგორც კულტურული გმირების (ნართების), ისე მათი მტრების – ემეგენების (დევების), სახელზე (გადმოცემების თანახმად, ბალყარელებსა და ყარაჩაელებს არცთუ შორეულ წარსულში ემეგენთა გულის მოსაგებად მათ ქანდაკებებთან შესაწირიც კი მიჰქონდათ).


ლიტერატურა

  • Биджиев Х. Х. Тюрки Северного Кавказа. Черкесск, 1993;
  • Кызласов Л. Р. О значении термина балбал древнетюркских надписей // Тюркский сборник. – М., 1996;
  • Боташева З. Б. Истоки карачаевского и балкарского театра. Автореферат дисс. канд. искусствове-дения. М., 2001;
  • Древнетюркский словарь. Редакторы В. М. Наделяев, Д. М. Насилов, Э. Р. Тенишев, А. М. Щербак. Л., 1969.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები