ვესთი ბენჯამინ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ბენჯამინ ვესთი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბენჯამინ ვესთი, გენერალ ვულფის სიკვდილი, 1770; ტილო, ზეთი, 1.51X2.14 მ. კანადის ნაციონალური გალერეა, ოტავა, გადმოტანილია კანადის ომის მემორიალიდან, 1921. ვესთმისთერის II ჰერცოგის საჩუქარი, ითონ ჰოლი, ჩეშირი, 1918

ბენჯამინ ვესთი – (Benjamin West, 1738-1820) ანგლო-ამერიკელი მხატვარი, ისტორიული მხატვრობის წარმომადგენელი. ამერიკაში ყოფნისას ვესთი ფილადელფიაში სწავლობდა. 1759 წელს კი იგი რომში ჩადის, სადაც ვინკელმანს ეცნობა და მენგსის მოწაფე ხდება. 1763 წლიდან ვესთი ლონდონში მკვიდრდება და კლასიცისტური ისტორიული სურათის ჟანრში იწყებს მუშაობას. 1768 წელს კი, კაუფმანთან და რეინოლდსთან ერთად, იგი სამეფო აკადემიის დამფუძნებელ წევრთა შორისაა. ორი წლის შემდეგ ვესთი ქმნის ნამუშევარს გენერალ ვულფის სიკვდილი, რომელმაც რეინოლდსი და აკადემიის სხვა წევრები შოკში ჩააგდო. ტილო სრულიად უგულვებელყოფდა კლასიცისტური და აკადემისტური ისტორიული სურათის ტრადიციებს. ვესთი თვლიდა, რომ ისტორიული სურათი მხოლოდ კლასიკურ კოსტუმებში გამოწყობილი ფიგურების ასახვით არ განისაზღვრებოდა. მისი აზრით, ამ ჟანრს შეეძლო აესახა თანამედროვე სიუჟეტი, თუკი, საკუთრივ დიდი თემა და ამაღლებული იდეა სურათში შენარჩუნებული იქნებოდა. ამგვარად, ვესთის ნამუშევარი და ჟანრი, რომელსაც მან სათავე დაუდო, "თანამედროვე ისტორიის" მხატვრობის სახელით გახდა ცნობილი. მართალია, ჯორჯ III და ჯოშუა რეინოლდსი თავდაპირველად შოკირებულები იყვნენ ნამუშევრით, მაგრამ ახალი ჟანრი ძალიან მიმზიდველი აღმოჩნდა ბრიტანელი კოლექციონერებისთვის და მთელი საზოგადოებისთვისაც; ხოლო, მოგვიანებით, სურათის ოთხი ასლიდან ერთ-ერთი ჯორჯ III-მაც დააფინანსა. ვესთის სურათი ქვებექზე გავლენის მოსაპოვებლად ბრიტანეთ-საფრანგეთის შვიდწლიან ომში (1756-1763) 1759 წელს დაღუპულ ბრიტანელ გენერალს ჯეიმს ვულფს განადიდებს. ღრუბლებით დაფარული ცის ფონზე მოცემულია სცენა: წითელ უნიფორმაში ჩაცმული წაქცეული მომაკვდავი გენერალი თანამებრძოლთა მკლავებზეა მისვენებული. სინამდვილეში ვულფი ორი თუ სამი თანმხლების თანდასწრებით ხის ძირას დაიღუპა, მაგრამ ისტორიული სურათი გაცილებით ამაღლებულ, გმირულ სცენას მოითხოვდა. სურათი ნამდვილად რეალისტურად გამოიყურება, თუმცა, ის სინამდვილეს დოკუმენტურად როდი ასახავს და ასეთად ჩაფიქრებული არც ყოფილა. განადიდებს რა გენერლის გმირობას, ჯარისკაცების ერთგულებასა და სამართლიან მიზანს, ნამუშევარში ვესთი იმ "დიდ მანერას" მიმართავს, რომელსაც რეინოლდსი თავის ლექციებში (დისკურსებში) გვთავაზობს. ჩრდილოეთ ამერიკის გარემოს რეალურად აღსაბეჭდად კი, მხატვარმა კომპოზიციის მარცხენა მხარეს ადგილობრივი ამერიკელი მებრძოლის ფიგურა ჩართო, რომელიც მომაკვდავს შეჰყურებს. ეს კიდევ ერთი ფიქციაა ნამუშევარში: ადგილობრივი მოსახლეობა ამ ომში ფრანგების მხარეს იბრძოდა, მაგრამ ინდიელი მებრძოლის სცენაში ჩართვა იმის ნიშანია, რომ ამბავი სწორედ ჩრდილოეთ ამერიკაში ხდება. დრამატული განათება აძლიერებს სცენის ემოციურობას. დრამატულობა კიდევ უფრო ძლიერდება ვულფის თანმხლებთა პოზებით, რომლებიც ისე არიან განლაგებულნი, რომ სცენა ქრისტეს დატირების კომპოზიციას მოგვაგონებს. ანალოგიას თუ განვავრცობთ, ვულფის თავს ზემოთ გამოსახულმა ამერიკის დროშამ სცენაში ჯვრის გამოსახულება ჩაანაცვლა, ვულფი კი ისევე შეეწირა ერის კეთილდღეობას, როგორც ქრისტე - კაცობრიობას. ბრწყინვალე ფერწერის, მძაფრი ემოციურობისა და ზნეობრივი პოზიციის გამო სურათმა ბრიტანულ საზოგადოებაში უდიდესი პოპულარობა მოიპოვა. ნამუშევრის მიხედვით შესრულებული გრაფიკული ამონაბეჭდი დღემდე ყველაზე ფართოდ გავრცელებულ გამოსახულებად ითვლება ბრიტანეთში.

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები