ბინსვანგერი ლიუდვიგ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბინსვანგერი ლიუდვიგ

ბინსვანგერი ლიუდვიგ - Binswanger Ludwig, Бинсвангер Людвиг, 1881-1966

შვეიცარელი ფსიქიატრი, ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი. ეგზისტენციალიზმის ფილოსოფიის და ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის წარმომადგენელი, ეგზისტენციალური ანალიზის ფსიქოთერაპიული სისტემის შემქმნელი.

დაიბადა ფსიქიატრების ოჯახში: მამა და ბაბუა ფლობდნენ და ხელმძღავნელობდნენ ფსიქიატრიულ კლინიკას „ბელვიუ“ კროიცლიგენში. ბინსვანგერმა შეისწავლა მედიცინა ლოზანასა და ჰაიდელბერგში; გაიარა სტაჟირება ბურგჰოლცის სახელგანთქმულ კლინიკაში ი. ბლეილერთან. აქვე თანამშრომლობდა კ. აბრაჰამთან და კ.გ. იუნგთან, რომლის ხელმძღვანელობით დაიცვა დისერტაცია (1907). ამავე წელს გაიცნო ზ. ფროიდი, რომელთანაც ბოლომდე მეგობრობდა, მიუხედავად განსხვავებებისა ფილოსოფიურ და ფსიქიატრიულ შეხედულებებში. 1908 წელს დაიწყო მუშაობა მამის კლინიკაში და სამი წლის მერე მისი ხელმძღვანელი გახდა. იყო მრავალი საზოგადოების, აკადემიისა და უნივერსიტეტის საპატიო წევრი და პროფესორი. მიღებული ჰქონდა უმაღლესი ჯილდო ფსიქიატრიაში - კრეპელინის მედალი.

როგორც სხვა ეგზისტენციალისტი ფსიქოლოგები, ბინსვანგერი უარყოფდა პოზიტივიზმს, დეტერმინიზმს და მატერიალიზმს. მიაჩნდა, რომ ადამიანი პასუხისმგებელია თავის არსებობაზე და შეუძლია გადაწყვიტოს, რის გაკეთება ხელეწიფება და რისი - არა. ცხოვრების მიზანია აუთენტური ყოფნა და საკუთარი პოტენციალის რეალიზაცია (თვითგანხორციელება). როცა ვემორჩილებით სხვას და გარემოცვას, ჩვენი ყოფნა არააუთენტური ხდება.

თავის სისტემას ბინსვანგერმა უწოდა Dasein-ანალიზი („აქ და ახლა“ ანალიზი). იგი ცნობილია აგრეთვე „ეგზისტენციალური ანალიზის” და „ეგზისტენციალური ფსიქიატრიის” სახელწოდებით. ფსიქიკური დარღვევები განიხილება, როგორც გარკვეული წარმოდგენა სამყაროზე, რომელიც მოიცავს დამოკიდებულებებს გარემოსთან, სხვა ადამიანებთან და საკუთარ თავთან. ნევროზული შფოთვა წარმოიქმნება, როდესაც ადამიანი მთლიანად იძირება თავის მიერ შექმნილ სამყაროში და არ აძლევს თავს უფლებას, იყოს თავისუფალი. ბინსვანგერის აზრით, ყოველგვარი ფსიქიკური დაავადება არის სამყაროს თავისებური „შევიწროება“ - ეგზისტენცია მხოლოდ ერთი ან რამდენიმე კატეგორიით ხელმძღვანელობს, მასში ერთი თემაა გამეფებული, აკვიატებული. ფსიქოზის შემთხვევაში ეს მდგომარეობა გაბატონებულია, ხოლო ნევროზიანი ადამიანი გრძნობს, რომ მახეშია გაბმული და ვერ ახერხებს განთავისუფლებას.

Dasein-ანალიზში მთავარია იმის გამოკვლევა, რა იცის ადამიანმა, რა სურს და რას გრძნობს იგი. ბინსვანგერს ეკუთვნის ფენომენოლოგიური აღწერა პაციენტების სუბიექტური განცდებისა მკურნალობის პროცესში. საკუთრივ ეგზისტენციალური ფსიქოთერაპიის ძირითადი მიზანი არის ადამიანის თავისუფლების დამკვიდრება. პიროვნული დარღვევა არჩევანის გაკეთების მზაობის დაკარგვის გამოვლინებაა. ფსიქოთერაპია უნდა დაეხმაროს პაციენტს შინაგანი სამყაროს რეკონსტრუქციაში, რათა დაინახოს ალტერნატივები და გააკეთოს პიროვნული არჩევანი.

ბინსვანგერი მიჩნეულია პირველ ექიმად, ვინც გააერთიანა ფსიქიატრია და ეგზისტენციალური შეხედულებები. იგი იყო ერთერთი პირველთაგანი, ვინც გამოიყენა ფსიქოანალიზი კლინკაში, მიუხედავად ძლიერი ოპოზიციისა მის მიმართ ფსიქიატების საზოგადოებაში (ფსიქოანალიზის ერთერთი ავტორიტეტული ოპონენტი იყო ბინსვანგერის ბიძა, ოტო ბინსვანგერი - ფსიქიატრიის პროფესორი იენის უნივერსისტეტში). ფსიქოანალიზის ეგზისტენციალური რეფორმირების საზრისი იმაშია, რომ ის ცდილობს განდევნილი განცდების გაცნობიერებას და უშუალო წვდომას, გაგებას მრავალჯერადი ინტერპრეტაციისა და გადამუშავების გარეშე, რასაც ზ. ფროიდის ტექნიკა ითვალისწინებს. გაიგო არსი, საზრისი ან ფენომენოლოგიური გამოცდილება - ნიშნავს მიუდგე გაგების სუბიექტს მის ენაზე, დაინახო მასში სტრუქტურები მისი თვალთახედვით (ფენომენოლოგია).


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები