განხეთქილების ვაშლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

განხეთქილების ვაშლი – ეს ფრთიანი გამოთქმა დავის, კამათის მიზეზს ან ობიექტს აღნიშნავს. გამოთქმა დაკავშირებულია განხეთქილების ღვთაების, ერისის მითოსთან:

ბრძენი კენტავრის, ქირონის მღვიმეში თესალიის მეფე პელევსისა და ზღვათა ღვთაება თეტისის ქორწინებას ზეიმობდნენ დიდი ღმერთები. განხეთქილების ქალღმერთის, ერისის გარდა ყველა ღვთაებას მოეყარა თავი. მისი მოწვევა დავიწყებოდა მაცნე ჰერმესს. შუა ქორწილში გამოცხადდა დაუპატიჟებელი სტუმარი ერისი და სანადიმო სუფრაზე გააგორა ოქროს ვაშლი ასეთი წარწერით: „უმშვენიერესს“. იმწამსვე ატყდა დიდი დავა ქალღმერთთა შორის. ყველაზე მეტად ჰერა, ათენა და აფროდიტე ბობოქრობდნენ, რადგანაც სწორედ ისინი თვლიდნენ თავს უმშვენიერესად. კამათში ზევსი ჩაერია და განაცხადა, რომ ყველაფერს განსჯიდა მწყემსი პარისი.

პარისი ტროას მეფის, პრიამოსის ძე იყო. იგი სამეფო კარიდან შორს, მწყემსის სახლში იზრდებოდა. მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც სამი დიდებული ქალღმერთი იხილა. ჰერა პირველი წარსდგა მის წინაშე და განუცხადა: „მე ზეცის დედოფალი ვარ. თუ ვაშლს მარგუნებ, მეფედ გაგხდი. ძლევამოსილი მრავალ ხალხს დაიმორჩილებ, ხოლო ისინი მოგიძღვნიან მდიდრულ საბოძვრებს“. მიმოიხედა პარისმა ირგვლივ, თვალი შეავლო თოვლით დაფარულ მთებს, მწვანე მინდვრებს, დაბურულ ტყეებსა და მიხვდა, რომ ამ სილამაზეს ვერ გასცვლიდა სასახლეებზე. შემდეგ კი მზერა შეაჩერა ამაყად თავაღებულ ათენაზე, რომელმაც უთხრა: „შენ შეიქმნები სიბრძნით კაცთაგან გამორჩეული, თუკი ოქროს ვაშლს მე მომანიჭებ“. დაფიქრდა პარისი, თვალწინ დაუდგა ერთი ბრძენი მოხუცი, რომელსაც ნაღვლიანი თვალები ჰქონდა. ამ დროს ჩაესმა აფროდიტეს მომხიბლავი ხმაც: „შორეულ სპარტაში, მეფე მენელაოსის სასახლეში ცხოვრობს ამქვეყნად ულამაზესი ქალი, ელენე. შენი იქნება!“ პარისი არც კი დაფიქრებულა, ისე უბოძა ოქროს ვაშლი აფროდიტეს.

ამ ამბებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ პარისი მენელაოსს ესტუმრა და აფროდიტეს დახმარებით მოიტაცა მისი უმშვენიერესი მეუღლე ელენე. ამას კი მოჰყვა ტროას ომი, რომელიც მთელი ათი წელი გაგრძელდა და რომელმაც მრავალი გმირის სიცოცხლე შეიწირა.

აი, ასე წარმოიშვა გამოთქმა „განხეთქილების ვაშლი“.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები