გევილაფა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გეჸვილაფა („ზედ დაკვლა“) – გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს მიცვალებულის სახელზე გამართულ საწესო მოქმედებათა კომპლექსი სამეგრელოში.

საამდღისო წეს-ჩვეულებები ზედმიწევნით აღწერა თ. სახოკიამ: „... „ზედ დააკლავდნენ მიცვალებულს ხარს (ერთს ან რამდენიმეს), ცხვარს (ან ცხვრებს) და სხვ. მეგრელს სწამს, რომ რაც უფრო მეტ საქონელს „დააკლავენ ზედ" მიცვალებულს, მით უფრო ელხინება მიცვალებულის სულს, რომელიც მოუთმენლად ელის ამ საქონლის დახოცვას საიქიოში შვება-ლხენის მოსაპოვებლად. ამ ზედ დაკვლაზე მოიწვევენ მეზობლებს ყველას. მაგრამ სანამ სუფრას მიუსხდებოდნენ, „ნიშანზე“ ხელმეორედ და უკანასკნელად იტირებენ მიცვალებულს. ნიშანზე სტირიან ის ნათესავები და ნაცნობები, რომელნიც პირველ ტირილს ამა თუ იმ მიზეზით ვერ დაესწრებიან. ძველად ასეთ „ზედ დაკვლაზე“, რომელსაც აწყობდნენ დიდკაცების პატივსაცემლად, თვითონ სამეგრელოს მთავარი ესწრებოდა. ასეთი შემთხვევისათვის, რათა დიდის ამბითა და ზეიმით ჩაეტარებინათ „ზედ დაკვლა“, აკეთებდნენ რამდენსამე სეფას: ერთ სეფაში გაშლიდნენ მიცვალებულის „ნიშანს“, მეორეში დააყენებდნენ მის უნაგირიან ცხენს, მესამეში მისი სანადირო ძაღლები ეჭირათ ხელში, უკანასკნელში – მისი სანადირო ქორები და მიმინოები. ტირილის წინ შიშვლდებოდნენ წელს ზემოთ, ფეხებზე საცმელს იძრობდნენ, სწორედ ისე, როგორც პირველი ტირილის დროს, და მისი კუთვნილი საგნების საშუალებით, რომელნიც ობლად იყვნენ დარჩენილნი, მიუტირებდნენ მის ლანდს, იქვე უჩინრად დამსწრეს.

„ამ დღისათვის საკურთხად აკეთებენ ყოველსავე, რაც სანუკვარი გამოუგონია მეგრულს საკულინარო ხელოვნებას და განსაკუთრებით რაც ეამებოდა მიცვალებულს, ცოცხალი რომ ყოფილიყო: შამფურზე შემწვარი ქათამი საწებლით, გულ-ღვიძლი დაკლული საქონლისა, შამფურზე შემწვარი გოჭი ხაჭაპური, სულგუნები, მაწონი; სუფრაზევე დევს თუთუნით სავსე ქისა, აბედი და ტალ-კვესი... თუ საკურთხი ახალგარდაცვალებულ ძუძუმწოვარა ბავშვისათვის იყო, საჭმელს მიემატება ერთი ჭიქა რძე, რძის ფაფა, ტკბილეულობა, სათამაშოები, მძივი, ყვავილები ... მღვდელი სუფრას აკურთხებს და ქოთნის ნატეხზე, საცა ნაკვერცხალი ყრია, საკმეველს დააგდებს; შემდეგ ხორცს მოსჭრის, პურს მოსტეხავს, ღვინით სავსე ჭიქას თავს წაუქცევს პურის ნატეხზე და მიცვალებულს შენდობას და ცხონებას შეუთვლის. ამავე დროს სუფრაზე დასვამენ მტრედს ისე, რომ იქიდან გარეთ გაფრენა შეეძლოს. ამ შემთხვევაში მტრედი სიმბოლოა მიცვალებულის სულისა, რომელიც ამ სადილის მოლოდინში სააქაოში იყო და მხოლოდ ამ „ზედდაკვლის“ გამართვის შემდეგ გაფრინდება სახლიდან ზეცაში, სულეთში გასამგზავრებლად. მღვდლის მსგავსად დამსწრენი ნაკვერცხალზე დააგდებენ თითო მარცვალს საკმეველს, მიცვალებულს ცხონებას შეუთვლიან და სუფრას მიუსხდებიან. საკურთხის კურთხევის შემდეგ იწყება ცერემონია „პირის გახსნილებისა“ („პიჯიშ გარსხინება“)... მეორმოცე დღეს, სულის „წასვლის“ შემდეგ, მარხულობა უნდა გათავდეს და მომარხულეებს ჩვეულება ნებას აძლევს „პირი გაიხსნას“ ანუ ხორცეულის ჭამა განაახლოს. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ მიუხედავად ამ ნებართვისა, მშობლები „კბილს არ დაადგამენ“ ხორცეულს და ამით სხვებს აჩვენებენ, რომ სურვილი აქვთ განაგრძონ მარხულობა, რომ ამით „ულხინონ“ მიცვალებულის სულს. რომ მომარხულეს ჯიუტობაზე ხელი ააღებინონ, საქმეში ჯერ მღვდელი ჩაერევა, შემდეგ მეზობლები და მახლობლები, არწმუნებენ ... ბოლოს, როცა დარიგებით ვერას გააწყობენ და მომარხულენი თავის ხელით არ ჩაიდებენ ხორცს პირში, მეზობლები ძალათი ჩაუდებენ პირში ხორცის ნაჭერს და ამის შემდეგ პირი ხორცეულობისათვის ხსნილად ითვლება“.


ლიტერატურა

თ. სახოკია. ეთნოგრაფიული ნაწერები. თბ., 1956, გვ. 137-139.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები