გერმანე (გოგოლაშვილი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გერმანე – (გოგოლაშვილი დიმიტრი), (1797, ქ. ხონი, იმერეთის სამეფო, – 11.08.1868, ხობის მონასტერი, ქუთაისის გუბერნია), საეკლესიო მოღვაწე, მისიონერი, ეპისკოპოსი.

დაიბადა აზნაურის ოჯახში. 1810-1818 წწ. საბერო მორჩილებას გადიოდა სამეგრელოში, საირმის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტერში, სადაც საფუძვლიანად შეისწავლა წერა-კითხვა, წმ. წერილი, საეკლესიო გალობა და ტიპიკონი. პირადი ინიციატივით ისწავლა ძველ სლავურ ენაზე წერა-კითხვა და მსახურება. 1818 წ. 5 ივლისს (სხვა მონაცემებით – 1819 წ. 5 აპრილი) ცაგერელმა მიტროპოლიტმა იოანემ (დადიანი) ბერად აღკვეცა და სახელად გერმანე უწოდა. 1819 წ. 5 აპრილს (სხვა მონაცემებით – 5 ივნისს) დიაკვნად აკურთხა. 1820 წ. 13 დეკემბერს მისივე ხელდასხმით მღვდლად ეკურთხა. 1821 წ. 10 მარტს თავისივე თხოვნის საფუძველზე იმერეთის ეპარქიაში გადაიყვანეს. 1822 წ. 2 მაისს რაჭის სასულიერო სასწავლებელში დაწყებითი კლასების მასწავლებლად დაინიშნა. 1824 წ. 8 მარტს გერმანე გათავისუფლდა მასწავლებლობიდან და იმერეთის მთავარეპისკოპოსმა სოფრონმა (წულუკიძე) ქუთაისის საკათედრო ტაძრის მეორე მღვდლად დანიშნა. 1827 წ. 10 ოქტომბერს სამოქალაქო მთავრობის ნებართვით რედუტ-კალეს (ფოთის) სამხედრო ჰოსპიტალში განაწესეს, სადაც საეკლესიო წესების შესრულება დაევალა. 1829 წ. 24 იანვარს სასაზღვრო ქ ალექსანდროპოლის ციხესიმაგრის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1831 წ. 21 სექტემბერს აფხაზეთში მყოფი №44 ეგერთა პოლკის კაპელანად დაინიშნა. 1832 წ. 10 სექტემბერს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორად და დაწყებითი კლასების მასწავლებლად განაწესეს, სადაც 1835 წ. 9 სექტემბრამდე მსახურობდა. 1835 წ. 27 ოქტომბერს იმერეთის მთავარეპისკოპოს სოფრონის სამღვდელმთავრო რეზიდენციის ეკლესიაში დაინიშნა და იღუმენის პატივი მიენიჭა. 1836 წ. 16 ივნისს ვაკის მაზრის (იმერეთი) კეთილმოწესედ დაადგინეს. 1836 წ. 1 დეკემბერს აფხაზეთში არსებული ბომბორის სამხედრო ჰოსპიტლის მღვდელმსახური იყო. 1838 წ. 15 სექტემბერს იმერეთის ეპარქიის ვაკისა და საბეკის მხარის (ყოფ. ვაკის მაზრის) საეკლესიო ქონების მმართველად დაინიშნა. 1841 წ. 1 იანვრიდან 18 თებერვლამდე, სოფრონის გარდაცვალების შემდეგ, გახდა იმერეთის ეპარქიის მმართველი კომიტეტის წევრი. 1845 წ. 5 მაისს ჯილდოდ მიიღო სამკერდე ოქროს ჯვარი. 1845 წ. 2 დეკემბერს აფხაზეთში გაიგზავნა მისიონერად. 1847 წ. 1 სექტემბერს არქიმანდრიტის პატივი მიენიჭა. 1850 წ. 7 ივნისს დაჯილდოვდა წმ. ანას II ხარისხის ორდენით.

1851 წ. 30 აპრილს წმ. სინოდის გადაწყვეტილებით შეიქმნა აფხზზეთის საეპისკოპოსო კათედრა, რომლის მმართველად, კავკასიის მეფისნაცვალ მ. ვორონცოვის ინიციატივითა და აფხაზთა მთავარ მ. შერვაშიძის თხოვნით, გერმანე დაინიშნა. 1851 წ. 8 სექტემბერს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა ისიდორემ (ნიკოლსკი), იმერეთის მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) და გორის ეპისკოპოსმა ნიკიფორემ (ჯორჯაძე) ეპისკოპოსად დაასხეს ხელი.

გერმანეს მოღვაწეობა იმ ურთულეს პერიოდს დაემთხვა, როდესაც აფხაზეთის მუსლიმური მოსახლეობის ყურადღება მიურიდიზმის იდეის გარშემო მებრძოლი ჩრდილო კავკასიელი თანამოძმეებისკენ იყო მიპყრობილი. მათ მხარეს იყვნენ აფხაზი გავლენიანი თავადები. იმჟამად რაიმე წარმატებასა და წინსვლაზე საუბარი ზედმეტი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, გერმანეს ძალისხმევითა და სასულიერო პირების მონდომებით ეპარქიაში მაინც გაკეთდა რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმე – 1851 წ. ოქუმში გაიხსნა პირველი საეკლესიო-სამრევლო სკოლა, შემდეგ კი – ლიხნის სასულიერო სასწავლებელი, რომლის ხელმძღვანელიც მღვდელ-მონაზონი ალექსანდრე (ოქროპირიძე) გახლდათ. 1853 წ. დაიწყო რუსეთ-თურქეთის ომი, ხოლო 1854 წ. აფხაზეთში ოსმალეთის ჯარი შევიდა, რის გამოც მ. შერვაშიძემ დატოვა სამთავრო. მასთან ერთად ეპარქია დატოვა გერმანემ, რომელიც დროებით ხონში დაბინავდა. აღსანიშნავია აფხაზეთის მთავარსა და გგერმანეს შორის არსებული ურთიერთობა.გერმანე მისი სულიერი მოძღვარი გახლდათ და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მთავრობა მ. შერვაშიძეს ადანაშაულებდა თურქეთთან ურთიერთობაში, გერმანეს კარგად ესმოდა მთავრის პოზიცია და აფხაზეთში ეროვნული ინტერესების დაცვისთვის ბრძოლაში ბოლომდე გვერდში ედგა.

1856 წ. 2 სექტემბერს გ. იმერეთის ეპარქიაში გადაიყვანეს. 1858 წ. 23 მარტს წმ. ანას I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1860 წ. 2 ივლისს გადადგა ეპარქიის მმართველობიდან და პენსიაზე გავიდა. 3 წლის განმავლობაში გერმანე გელათის მონასტერში ცხოვრობდა. 1863 წ. 23 თებერვალს თავისივე თხოვნის საფუძველზე სამეგრელოში, ხობის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა, სადაც გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა.

დიაკ. გ. მაჩურიშვილი


წყაროები და ლიტერატურა

  • სცსა, ფ. 488, აღწერას 1, საქმე №17928; საქმე №18526; ფ. 489, აღწერა 1, საქმე №7435; საქმე №14105; საქმე №14715; საქმე № 23721.
  • გამახარია ჯ., აფხაზეთი და მართლმადიდებლობა (I ს. – 1921 წ.), თბ., 2005;
  • თორაძე ვ., თორაძე ნ., საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია, თბ., 2006.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები