გვერდწითელი რუსუდან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გვერდწითელი რუსუდან

გვერდწითელი რუსუდან – (15.06.1909, ქ. თბილისი, – 27.01. 1994, იქვე), ქართველი არქიტექტორ-რესტავრატორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967).

დაიბადა თბილისში, ცნობილი ინჟინრის, გრიგოლ გვერდწითელის ოჯახში. თბილისის ინდუსტრიული ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ (1936) მუშაობა დაიწყო ხელოვნების მუზეუმ „მეტეხში“, სადაც გაიარა ასპირანტურის კურსი ქართული ხელოვნების ისტორიის დარგში. 1941-1948 წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალში. 1950 წლიდან (დაარსებიდანვე) მუშაობა დაიწყო კულტურის სამინისტროს სპეციალურ სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმოო სახელოსნოში უფროს არქიტექტორ-რესტავრატორად და სიცოცხლის ბოლომდე იქ მოღვაწეობდა. რ. გვერდწითელი წლების განმავლობაში იყო საპროექტო განყოფილების გამგე. წარმატებით უთავსებდა ერთმანეთს პრაქტიკულ, სამეცნიერო მუშაობას და ახალგაზრდა კოლეგების აღზრდის საქმეს. ამასთანავე იყო ძეგლთა დაცვის სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს წევრი.

რ. გვერდწითელის საქმიანობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის სფეროში მრავალმხრივი და უაღრესად ნაყოფიერი იყო. იგი 1952-1955 წწ. მონაწილეობდა სხვადასხვა ექსპედიციაში, რომლის დროსაც აიზომა მრავალი არქიტექტურული ნაგებობა: არადეთის ციხე, ბობნევი, გერგეტის სამება, ანანურის ციხე, გველეთი, გორის ციხე, გარბანი, ზედა ვანი, კაზრეთი, კუმურდო, მანგლისი, უბისი, ფიტარეთი, ხოსპიო. მოგვიანებით მონაწილეობდა სხვა ძეგლების საფიქსაციო სამუშაოებშიც – ატენის სიონი, ბოლნისის სიონი, ვარძიის სამრეკლო, თბილისის ათეშგა, ანჩისხატის ტაძარი და ა.შ.

რ. გვერდწითელი არაერთი მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნაგებობის რესტავრაციის პროექტის ავტორია, რომელთა შორის არის ბოლნისის სიონი, გერგეტის სამება, ანანურის ციხე, ბზიფის ციხე და ეკლესია, გორის ციხე, დაბის წმ. გიორგის ეკლესია, დმანისის კარიბჭე, ვარძიის სამრეკლო, წეროვანი, ხვილიშა.

XX ს. 50-იანი წწ. ბოლოს გვერდწითელმა თბილისში შეისწავლა როსტომ მეფის აბანო, გახსნა არაერთხელ გადაკეთებული ნაგებობა და შეადგინა რესტავრაციის პროექტი. ძეგლთა დაცვის დეპარტამენტის არქივში დაცულია ამ სამუშაოების ამსახველი დოკუმენტი – როსტომის აბანოს პროექტის დასაბუთება, ანგარიში, კვლევითი სამუშაოები“ – რომელიც არქიტექტურულ ძეგლზე მუშაობის სახელმძღვანელო დოკუმენტად შეიძლება განვიხილოთ. რ. გვერდწითელმა სერიოზული კვლევითი სამუშაო ჩაატარა ისეთ რთულ, მნიშვნელოვან და უხეშად სახეცვლილ ნაგებობაზე, როგორიც იყო ანჩისხატის ტაძარი და ეს ნამუშევარიც მეცნიერული რესტავრაციის საუკეთესო მაგალითია.

რ. გვერდწითელის მიერ ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოები მეცნიერული შესწავლის შედეგებს ეფუძნება და მაღალი პროფესიონალიზმითა და ძეგლისადმი ფრთხილი დამოკიდებულებით გამოირჩევა. საყურადღებოა მნიშვნელოვან ძეგლებზე მიმდინარე კვლევით-სარესტავრაციო სამუშაოთა შესახებ მის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები. რ. გვერდწითელი მეთოდური ხასიათის არაერთი წერილის ავტორია. მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა (2001) ანჩისხატის ტაძრის რესტავრაციასთან დაკავშირებული კვლევითი მასალები. იგი ერთ-ერთი ფუძემდებელია ქართული სარესტავრაციო სკოლისა, რომელიც მოწინავე იყო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სკოლებს შორის.

მ. სურამელაშვილი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები