გრიგოლ II (აფხაზეთის კათოლიკოსი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრიგოლ II – (1696-1742), აფხაზეთის კათოლიკოსი (ლორთქიფანიძე).

გრიგოლის საკათოლიკოსო ბეჭედზე იკითხება შემდეგი წარწერა: „ქ. მეუფე და მღვდელმთავარი აფხაზეთის კზი გრიგოლ. ქკს ტპდ“. წარწერაში ქორონიკონით აღნიშნული თარიღი 1696 წ. შეესაბამება, რაც მისი კათოლიკოსად დადგინების თარიღად არის მიჩნეული.

გრიგოლ II დიდი საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწე იყო. მან აღადგინა საკათოლიკოსოს დაცემული მეურნეობა, დაიბრუნა ოდიშისა და გურიის სამთავროებში, აგრეთვე რაჭის საერისთავოში ფეოდალებისაგან მიტაცებული ზოგიერთი საკათოლიკოსო მამული, უამრავი დატაცებული საკათოლიკოსო ყმა, „ზოგი ქრთამით, ზოგი ფასით“, დაიბრუნა და ბიჭვინთის ღვთისმშობელს, ე.ი. საკათოლიკოსო საყდარს შესწირა. მან საკათოლიკოსოს შესწირა უამრავი ყმა-მამული დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში – ზოგი საკუთარი თანხით, ზოგიც - თავისი წინამორბედი კათოლიკოსის, დავითის (1673-1696) მიერ ნაყიდი და შეუწირავად დარჩენილი; ასევე შესწირა სასახლეები (სამეურნეო-საგამგეო ცენტრი) რაჭაში ბარისთავს ვარდისგორის, ხორგაში ნაპარკევის, სამიქელაოს გვაზაურის და სხვ.

გრიგოლ II-მ ბიჭვინთისთვის შეაწირვინა ყმა-მამული იმერეთის მეფეებს – გიორგი VI-სა (1703-1711; 1713; 1716-1720) და ალექსანდრე V-ს (1720-1740; 1741-1752) ოდიშის გამგებელ გიორგი ლიპარტიანს დიდ ფეოდალებს – ხახუ ჩიჩუას, ფირან მხეიძეს, ქაიხოსრო იაშვილსა და სხვ.

XVIII ს. პირველ მეოთხედში გრიგოლ II-მ ერთგვარი ეკონომიკური ხასიათის „რეფორმა“ ჩაატარა – ძველი სულადი გადასახადის ნაწილი და იმ დროისთვის უკვე დაკარგული ფულადი ბეგარა სასაქონლო მნიშვნელობის სანთლის ბეგარით შეცვალა. მის მიერ შედგენილ დოკუმენტში – „საკათალიკოსო სანთლის ანაწერი“ აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში საკათოლიკოსო სანთლის შემოსავალი „ცუდად იხარჯებოდა, ხატს (ბიჭვინთის ღვთისმშობელს) არას ემატებოდა.“ ამიტომ მან საკათოლიკოსო ყმებს მარჩილის მაგივრად შამახური, ხოლო რუბის მაგივრად ჩარექი დაუწესა. იმ შემთხვევაში, თუ კომლი გაიყოფოდა, სანთლის ბეგარა მთლიანად გაჰყვებოდა თითოეულ განაყოფი კომლს. ამ ღონისძიებით კათოლიკოსმა მნიშვნელოვნად გაზარდა საკათოლიკოსო სანთლის შემოსავალი.

გრიგოლ II-ს კათოლიკოსობის პერიოდში, XVIII ს. I ნახევარში, მდინარეებს, კოდორსა და ენგურს შორის XVII ს. 80-იანი წლებიდან ჩამოსახლებულ ჩრდილოეთ კავკასიელებს შორის დაიწყო მაჰმადიანობის გავრცელება. თურქეთის ძალადობამ ადგილობრივი ქართველი ფეოდალები აიძულა, მიეტოვებინათ ყმა-მამული და მდინარე ენგურს გამოღმა გადმოსახლებულიყვნენ. კათოლიკოსმა არა ერთ ასეთ გადმოსახლებულს გაუწია მატერიალური დახმარება, მათ შორის, მერაბ ჯაიანის ოჯახსაც, რომელსაც კათოლიკოსმა ჯიქთუბანს სასახლის ადგილი უბოძა რამდენიმე მოსახლე გლეხით, მხოლოდ მათ სიცოცხლეში გამოსაყენებლად, დროებით სარგებლობაში.

გრიგოლ II განსაკუთრებულად მფარველობდა მდ. ენგურს გაღმა „აფხაზისაგან აყრილ“ და შევიწროებულ საკათოლიკოსო ყმებს, რითაც ცდილობდა მტკიცედ დაეცვა ეკლესიის ეკონომიკური ინტერესები. მისი წინამორბედის, დავითის მსგავსად, მანაც გამართა მოლაპარაკება ამ საკითხთან დაკავშირებით აფხაზეთის მთავარ ყვაპუ შარვაშიძესთან, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია. მაშინ გრიგოლ II თვითონ ჩავიდა მდინარე ენგურს გაღმა მდებარე სოფელ ნაჟანეულში, ადრე იქ მცხოვრები 60 კომლი საკათოლიკოსო ყმიდან დარჩენილი 6 კომლი, აგრეთვე სხვა სოფლების მკვიდრი საკათოლიკოსო ყმები „ყველა ფასით“ იყიდა, მდინარე ენგურს გამოღმა გადმოიყვანა და სოფელ ხობსა და ხიბულაში დაასახლა, რითაც ეკლესიას მათგან შემოსავალი შეუნარჩუნა.

გრიგოლ II საკათოლიკოსო ყმებს იცავდა ადგილობრივი ფეოდალების ძალადობისგან. 1709 წ. მან ფიცის წიგნი დააწერინა ჩიჩუებს (ძმებს – კაციასა და გიორგის), რომ თუ ისინი საკათოლიკოსო ყმებს შეავიწროებდნენ „ან მიხდომით, ან დაჭერით და სიკუდილით, ან წართმევითა და გალახვით“, სამართლით დადეგნილ ნორმებზე მეტად დაისჯებოდნენ.

გრიგოლ II ენერგიულად იბრძოდა ისლამის გავრცელების წინააღმდეგ. XVIII ს. დასაწყისში, რადგანაც „იმერეთს თათრებისაგან დიაღ ძალი დამართებოდათ და ქრისტიანობა მოუძლურებულიყო“, მან პირობა დაადებინა იმერეთისა და ოდიშის ფეოდალებს, რომ იმერეთის ასაოხრებლად თურქებს არ მიემხრობოდნენ და „თუ ვინ იცის და თათარი ლაშქრით აქ ჩამოვიდეს იმერეთს წარსახდენად, ჩვენ არც მივიდეთ მასთან და უწინამძღროთ და არც მათი ვიწამოთ რა“. ფიცის დამდებმა ფეოდალებმა კათოლიკოსს აღუთქვეს, რომ ყოველგვარ ღონეს იხმარდნენ თურქთაგან ქუთაისის ციხისა და იმერეთის გასათავისუფლებლად.

გრიგოლ II დაუცხრომლად იბრძოდა დასავლეთ საქართველოში გაბატონებული ტყვის სყიდვის წინააღმდეგ, რომლის ოფიციალურად აკრძალვის მიზნით საეკლესიო კრების მოწვევას ურჩევდა მას იერუსალიმის პატრიარქი დოსითეოსი 1701 წ. მისდამი გამოგზავნილ წერილში. იმავე წელს „ტყვის სყიდვის გარდაგდება“ უბრძანა კათოლიკოსმა გრიგოლმა ოდიშის გამგებელ გიორგი ლიპარტიანს. ამ უკანასკნელმა ფიცით აღუთქვა კათოლიკოსს, რომ მის ბრძანებას შეასრულებდა. ფიცის წიგნი უბოძეს კათოლიკოსს ბურჯანაძეებმაც, რომ „არც ტყვის გაყიდვად და შუამავლობაშიდ“ გაერეოდნენ და არც მოპარულ ტყვეს დაისაკუთრებდნენ. 1717 წ. კათოლიკოსი ბეჟან დადიანს და შოშიტა რაჭის ერისთავს მღვდელმსახურების შეწყვეტით დაემუქრა და ფიცი დაადებინა, რომ თავიანთ სამფლობელოებში ტყვის სყიდვას აკრძალავდნენ.

გრიგოლ II-მ ჭყონდიდის კათედრა სამიტროპოლიტოდ აქცია და მისი მღვდელმთავარი მიტროპოლიტის პატივში აიყვანა. 1714 წ. მან ჭყონდიდელ ევდემონს (ღოღობერიძე) მიტროპოლიტობა მიანიჭა, ხოლო 1740 წ. 20 სექტემბერს მღვდელმთავრად აკურთხა და ქუთაისის მიტროპოლიტად დანიშნა გელათის მონასტრის იღუმენი ანტონი – შემდგომში ქართლის კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ I (1744- 1755; 1764-1788).

გრიგოლ II აქტიურად მონაწილეობდა იმდროინდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში – ეკავა ლეგიტიმისტური პოზიცია. მისი ხელშეწყობით იმერეთის ტახტიდან გადააყენეს გიორგი V აბაშიძე (1702-1707) და გამეფდა ტახტის კანონიერი მემკვიდრე გიორგი VI (ალექსანდრეს ძე). მანვე შეარიგა გიორგი ლიპარტიანი თავის შვილს – ბეჟანს.

„ქრისტეს მიერ კურთხევით კურთხეული ჩრდილოსა და აფხაზეთის კათოლიკოსი ლორთქიფანიძე პატრონი გრიგოლის“ გარდაცვალების შემდეგ იმ დროის ცნობილმა მწერალმა ღვთისმეტყველმა, რუსთველმა ეპისკოპოსმა ნიკოლოზ ჩერქეზიშვილმა თავის შედგენილ იამბიკოში, „ნიკოლაოზ რუსთველი ვმუსიკობ“, შემდეგნაირად წარმოაჩინა გიორგი აბაშიძე II-ის ღვაწლი:

ეტარ არს კაცი იგი, რომელსა არა ჰრწმენეს უფროს ღმრთისა სწო
გი არს საძიებელ უმეტეს ყოველთასა, რომლისა მადლი სამარადისოდ ეს
ეთილ არს აღსარება უფლისა, რომელი ყოველთა მეუფე და უფალი არ
რღანოთა ხმა-ტკბილთა და საღმრთოთა უბნობს ქნარითა დავი ,
ოცვა, ვითარცა ანნას, ამისიცა ისმინა ღმერთმან, ამისთვისცა ყოველთავე ჰყო თა ,
ნგელოზებრ უცხოებს და იქმნა კათოლიკოზ და ნათობს, ვითარცა მზ ,
რ ხელ გაპყრობით მუხლ-მდგომი ცრემლის ჟამ ყოვე ,
ეცისა ძალნი უვის მეგობრად და წმიდა არს, ვითარცა ოქორპირ ,
წყავს სწავლითა იმერთა და არს მოძღურებისა ხვა
ვის აფხაზნი საწვრთელად, რაი ჩრდილოსათვის არს მშრო ,
სახელით გრიგოლ, რომელ ღმრთის მეტყუელიცა მსგავსად მის ვთქ
ავს იწოდს პატრიარქ, გარნა სიწმიდით უმოყუს ბასილი ,
ითარცა ნიკოლაოზ, ამასაცა აქვს მოწყალება, რომელი ყოვლითურთ არს მსგავს ,
ს არს ლოდებრ სრულობით გალობისა, ხოლო მცენარობით მუსი ,
ოცვა მისი მომეცინ უფალმან, რათა მე, რუსთველმან, მოვიღ ,
ნება ესე გუჯარი ჩემგან წერად, რომელი იამბიკოსა ამას ვმუსიკო .

თ. ქორიძე



წყაროები და ლიტერატურა

  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც.: ტ. 4, თბ., 1973;
  • დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, ს. კაკაბაძის გამოც., წ. 1, ტფ., 1921;
  • საქართველოს სიძველენი, ექ. თაყაიშვილის რედაქციით, ტ. 1, ტფ., 1920;
  • ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970;
  • ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი და ახსნილი თ. ჟორდანიას მიერ, წ, 2, ტფ., 1897;
  • ძველი საქართველო, ექ. თაყაიშვილის რედაქციით, ტ. 2, ტფ., 1913.
  • ლომინაძე ბ., მასალები დასავლეთ საქართველოს XVII-XVIII სს. ისტორიის ქრონოლოგიისათვის, მსკი, 1954, ნაკვ. 31;
  • საღვთისმეტყველო კრებული, 1999, № 1;
  • ქორიძე თ., აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოსები და კათოლიკოს-პატრიარქები, წგ; საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, თბ., 2000;
  • ჩხატარაიშვილი ქ., დასავლეთ საქართველო XVIII ს. პირველ ნახევარში, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები