გურამ კურაპალატი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გურამ კურაპალატი - ქართლის პირველი ერისმთავარი. გურამ კურაპალატის შესახებ ყველაზე ნათელი ცნობები მოცემულია ისტორიკოს სუმბათ დავითისძის თხზულებაში, რომლის სახელწოდებაცაა „ცხოვრებაჲ და უწყებაჲ ბაგრატონიანთა“. ნაწარმოები მიზნად ისახავს ბაგრატიონთა ქართული სამეფო დინასტიის წარმომავლობის გაშუქებას, მათი საქართველოში მოსვლისა და დამკვიდრების თარიღის გარკვევას.

„სუმბათ დავითის ძის თხზულებას საფუძვლად უდევს წმინდა გადმოცემა ბაგრატიონთა გვარის დავით წინასწარმეტყველისაგან წარმომავლობის შესახებ.

საგანგებო ყურადღებას იქცევს სუმბათის ცნობები VI-VIII სს. ქართველი ერისმთავართ სახლისშვილების შესახებ. მემატიანის თვალსაზრისით პირველი ბაგრატიონი, რომელიც ქართლში ხელისუფლებას ეუფლება, არის გურამ კურაპალატი - შვილიშვილი (ქალიშვილის მხრიდან) წმიდა მეფე ვახტანგ გორგასლისა. აქედან დაწყებული აშოტ დიდამდე ქართლის ზოგიერთი ერისმთავარი გურამის ჩამომვალია და ამდენად ბაგრატიონია, დანარჩენები კი ვახტანგ გორგასლის ძის, დაჩისა - ფარნავაზიან- ხოსროიანები.

აღნიშნულ მონაკვეთში სუმბათ დავითის ძის ერთ-ერთი წყარო უნდა ყოფილიყო აგრეთვე გადმოცემა ბაგრატიონთა გვარის ეპონიმის („ეპონიმი“ - ბერძ. პირი, რომლის სახელიდანაც წარმოდგება ხალხის, ადგილის, დინასტიის სახელწოდება) შესახებ. მემატიანის თანახმად (ბაგრატიონები) რაქაელ დედოფალმა ფილისტიმიდან ეკლეცში მოსული შვიდ ძმათაგან სამს უცვალა სახელი, რამეთუ ერთსა სახელი სდვა მუშელ და ერთსა ბაგრატ, რომელი არის მამა ბაგრატიონთა“. აქ ამგვარად ჩანს გამოძახილი აღნიშნული გვარის ტრადიციული ეტიმოლოგიისა, რომლის მიხედვით გვარის სახელწოდება სახელიდან - „ბაგრატ“ მომდინარეობს.

ქართლის ერთ-ერთი მემატიანის - „ქართლის ცხოვრების“ - ვახტანგისეულ რედაქციაში გურამ კურაპალატის შესახებ ნათქვამია შემდეგი: „ხოლო ესე გუარამი იყო დედით ხოსროიანი და მამით პაკრატოანი და ესრე ბაგრატონიანი შვილიშვილნი და ნათესავნი არიან ამა გუარამისანი“.

მოსე ჯანაშვილი თავის წიგნში: „საქ. საეკლესიო ისტორია“, გვ. 52-53 წერს „საქართველოს მეფედ იუსტინე II-მ - საბერძნეთის იმპერეტორმა 586 წელს დანიშნა გუარამ I. ეს იყო ძე ბაგრატისა, ძისა გუარამისა და ვ. გორგასლის ასულისა, ძისა სოლომონისა, რომელიც იყო 58-ე შთამომავალი მეფის დავითისა. ამ ნათესაობის გამო ბაგრატიონთა საგვარეულო გერბზე გამოსახულია შურდული (მოსაგონებლად იმისა, რომ დავითმა ამით მოკლა გოლიათი), აგრეთვე ქნარი, სასწორი და კვართი, რმელიც შემოტანილ იქნა საქართველოში. გერბის გარშემო წარწერაა დავითის ფსალმუნნისა: „ეფუძა უფალი დავითს ჭეშმარიტებითა და არა შეურაცხყოს იგი; ნაყოფისაგან მუცლისა შენისა დავსვა საყდართა შენთა“ (ფსალ. 131, მ.11)



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები