ჯანაშვილი მოსე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მოსე ჯანაშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მოსე ჯანაშვილი

მოსე ჯანაშვილი – (დ. 19 (31) მარტი 1855, სოფ. კახი, საინგილო, – 19 აპრილი 1934, თბილისი), ისტორიკოსი, ენათმეცნიერი, პუბლიცისტი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე.

1865-იდან სწავლობდა კახის სამრევლო სკოლაში, 1868-72 – ზაქათალის სამახრო სასწავლებელში, შემდეგ – თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1878 გამოცდები ჩააბარა ქუთაისის გიმნაზიაში და მიიღო მასწავლებლის მოწმობა. 1875-1920 პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ქუთაისსა და თბილისში. 1920-იდან მოღვაწეობდა თსუ-ში. იყო თსუ სიძველეთმცოდნეობის დამსახურებული პროფესორი, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო და ქართული საენათმეცნიერო საზოგადოებების საპატიო წევრი (1930). მრავალმხრივი იყო მ. ჯანაშვილის მოღვაწეობის სფერო. მან დაგვიტოვა მნიშვნელოვანი ნაშრომები მეცნიერების სხვადასხვა დარგში (ისტორია, ეთნოგრაფია ლიტერატურა, სოფლის მეურნეობა, ბიბლიოლოგია, ლინგვისტიკა და სხვ).

პრობლემატიკის სიუხვით გამოირჩევა მოსე ჯანაშვილის ენათმეცნიერული ნაშრომები. ქართული დამწერლობის შექმნა, გრამატიკა, დიალექტოლოგია, ქართველურ ენათა შედარებითი შესწავლა, ქართველურ ენათა გენეალოგიური ურთიერთობა მსოფლიოს ენებთან, ქართველური და ჩრდილო-კავკასიური ენების ნათესაობა, ეტიმოლოგიები, ლექსიკოლოგია ის ძირითადი საკითხებია, რომელთაც იკვლევდა მოსე ჯანაშვილი.

მოსე ჯანაშვილის „ქართული გრამატიკა“ (1906) უდიდესი მნიშვნელობისაა ქართული ენათმეცნიერული აზრის განვითარების ისტორიისთვის. იგი უფრო მეცნიერული ხასიათისაა, ვიდრე სასწავლო. ძირითადი ნაწილებია ეტიმოლოგია (მორფოლოგია) და სინტაქსი. წიგნს ერთვის მეთაური სიტყვა და დამატება. სხვა გრამატიკოსებისაგან განსხვავებით, მოსე ჯანაშვილი უფრო ვრცლად განიხილავს სიტყვაწარმოებას, უღლების ტიპებს, რთული წინადადების სინტაქსს. ქართული ენის გრამატიკის საკითხები განხილულია მეგრულ-სვანურ ფორმებთან შეპირისპირებით, თუმცა ამ ნაშრომს მაინც გერ მივიჩნევთ ქართველურ ენათა შედარებით გრამატიკად: მოხმობილი მაგალითები ხშირად მარტივი შეპირისპირებაა და არა შედარებით-ისტორიული კვლევის მაჩვენებელი.

მოსე ჯანაშვილი ქართული დიალექტოლოგიური კვლევის ფუძემდებელია. 1896 გამოქვეყნდა მისი წიგნი „ფარსადან გორგიჯანიძე და მისნი შრომანი“, რომელშიც დამატების სახით წარმოდგენილია 700-მდე ინგილოური სიტყვის განმარტება და გაანალიზებულია ამ დიალექტის ზოგიერთი თავისებურება. უფრო ვრცელი ნაშრომი მან საინგილოსა და ინგილოური დიალექტის შესახებ ცალკე წიგნად გამოსცა 1913 სახელწოდებით „საინგილო“.

მეგრულ-ლაზურსა და სვანურ ენებს, მთიელთა მეტყველებასთან ერთად, მკვლევარი ქართული ენის დიალექტებად მიიჩნევდა. დიალექტებად დიფერენციაციის ქრონოლოგიური სქემა („ხე ქართლოსიანთა ენისა“) მოსე ჯანაშვილის მიერ ასეა წარმოდგენილი: ძველ (წინარე) ქართველურ ენას (ეს იგივე ქართული ენაა) პირველად გამოეყო სვანური, შემდეგ – მეგრულ-ლაზური, ხოლო გვიან, უკვე ახალ ქართველურ ენას – მთის დიალექტები. სვანურისა და მეგრულ-ლაზურის დიალექტებად კვალიფიკაციისათვის ავტორი ემყარება ისტორიულ-კულტურულ ვითარებას – ქართული ენა რელიგიის, პოლიტიკისა და ლიტერატურის ენა იყო ძველთაგანვე, თუმცა მისთვის ძნელი არ უნღა ყოფილიყო ზღვრის დადება ენასა და დიალექტს შორის. სქემიდან ჩანს, რომ სვანური, მეგრულ-ლაზური და მთიელთა მეტყველება ერთი ტერმინით არ არის აღნიშნული, რადგან მკვლევრისათვის მათ შორის არსებული განსხვავება ხელშესახებია. სვანური და მეგრულ-ლაზური უფრო მსხვილი ერთეულებია და მათ ავტორი „нареъчiе”-ს უწოდებს, მთიელთა მეტყველებას კი, „говор“ დაარქვა. სვანურისა და მეგრულ-ლაზურის ქართული ენის დიალექტებად წარმოდგენა მოსე ჯანაშვილის პოზიცია უნდა იყოს რუსეთის პოლიტიკის პირობებში, რომელიც არღვევდა დაპყრობილ ხალხთა ეროვნულ ცნობიერებას.

მოსე ჯანაშვილი, თვლიდა, რომ „ქართველური ენა“ მონათესავე იყო ჩრდილო-კავკასიურ და ინდოევროპული ენებისა. აკად. ნ. მარის მოსაზრებას ქართულის სემიტურ ენებთან ნათესაობის შესახებ მოსე ჯანაშვილი არ იზიარებდა. იგი პირველი იყო, ვინც გააკრიტიკა ქართ-სემიტური თეორია.

მოსე ჯანაშვილის ნაშრომებში ბევრია ეტიმოლოგიური ძიებები. ამისთვის მას გამოყენებული აქვს ძველი ქართულის, დიალექტების, მეგრულ-ლაზურისა და სვანური ენების მასალა. ეტიმოლოგიები უმეტესად ხალხური ხასიათისაა, ბევრი მისაღებია ან სადავო.

მეცნიერი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა ქართული ლექსიკოგრაფიის განვითარებას. ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულია მოსე ჯანაშვილის მიერ შედგენილი სხვადასხვა სახის სალექსიკონო მასალა (ქართულ-მეგრულ-სვანური, რუსულ-ქართული, „ვეფხისტყაოსნის“ განმარტებითი ლექსიკონი, პეტრიწის ლექსიკონი. სუმერული ლექსიკონი…). აქვე ინახება ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, რომელშიც შეტანილია 105 ათასამდე ლექსემა. ეს ვრცელი ნაშრომი მოსე ჯანაშვილმა სიცოცხლის უკანასკნელ წლებში დაასრულა.

ქ. გენებაშვილი

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები