დავითნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფსალმუნნი – დავითნი. ძველი აღთქმის ერთ-ერთი წიგნი. ქართულად ფსალმუნი ეწოდება ამ წიგნში შეტანილ ცალკეულ საგალობლებსაც.

ებრაული ფსალმუნის ავტორობა, ებრაული და ქრისტიანული ტრადიციით, ისრაელის მეფე დავითს (ძვ. წ. XI ს.) ან მასთან დაკავშირებულ პირებს მიეწერება. სინამდვილეში ფსალმუნი სხვადასხვა დროს და სხვადასხვა გარემოებათა გამო შექმნილ ნაწარმოებთა კრებულია, რომლის უძველესი ნაწილი ძვ. წ. X ს. განეკუთვნება და ხშირად კიდევ უფრო ძველ, პოლითეისტურ ქანაანურ რელიგიურ კონცეფციათა კვალს შეიცავს. გვიანდელი ნაწილები ბაბილონში ტყვეობის (ძვ. წ. VI ს.) შემდეგდროინდელია. კუმრანის (მკვდარი ზღვის) ტექსტების აღმოჩენის შემდეგ გაირკვა, რომ ძვ. ებრაული ფსალმუნი შინაარსითა და მოცულობით განსხვავდება იმ კრებულისაგან, რომელიც საბოლოო რედაქტირების შემდეგ შეიტანეს ებრაელებმა ძველ აღთქმაში.

ებრაულ ფსალმუნში 150 საგალობელია, ბერძნულსა და ზოგიერთ სხვაში, მათ შორის ქართულშიც, – 151. ფსალმუნების ნუმერაციაც თარგმანებში განსხვავებულია. ებრაულ ფსალმუნში ტექსტი დაყოფილია 5 წიგნად. ფორმითა და შინაარსით ის ძველი აღმოსავლეთის, განსაკუთრებით კი – ქანაანური პოეზიის, ტრადიციებით შეპირობებულ კანონებს მისდევს, რაც კარგად გამოჩნდა უგარიტული ტექსტების აღმოჩენის შემდეგ (XX ს. 30-იანი წლები). თარგმანები ტექსტუალურად ხშირად განსხვავდება ერთმანეთისაგან, რაც აიხსნება არა მარტო ებრაული დედნის განსხვავებული რედაქციების არსებობით, არამედ ებრაული არქაული პოეტური ენის სირთულითაც. ებრაულ ფსალმუნს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ებრაული ლიტურგიისათვის. ადრინდელ ქრისტიანულ ეპოქაშიც ლიტურგია უმთავრესად ფსალმუნთა გალობისაგან შედგებოდა. ამიტომ ფსალმუნი ერთ-ერთი ყველაზე ადრე ნათარგმნი წიგნია ყველგან, სადაც კი ქრისტიანობა შედიოდა.

ფსალმუნის ქართული თარგმანები

საქართველოში ფსალმუნი თარგმნილი უნდა იყოს არა უგვიანეს IV-V სს. (მასზე მითითება გვხვდება „შუშანიკის წამებაში“, „ხანმეტ ლექციონარში“ (VI-VII სს), 964 გადაწერილ „სინურ მრავალთავში“, 978 გადაწერილ ოშკის ბიბლიაში. ფსალმუნის შემორჩენილი უხვი ხელნაწერები IX-XI სს-აა. ბოლო ხანებამდე ცნობილი იყო 5 ასეთი ხელნაწერი. ამჟამად მათ ემატება სინას წმ. ეკატერინეს მონასტერში 1975 აღმოჩენილ ხელნაწერთა ახალი კოლექციის 3 ხელნაწერი. მათ შორის არსებული ტექსტუალური სხვაობები მიანიშნებენ განსხვავებული რედაქციული ფენების არსებობას, რომელთა შესახებაც ისტორიული ცნობები არ მოგვეპოვება. XI ს. შემდეგ ქართულ საეკლესიო პრაქტიკაში ძველი ტექსტი შეცვალა გიორგი მთაწმიდლის ხელიდან გამოსულმა. გიორგისეულმა ფსალმუნის ნუსხები მრავლადაა, მაგრამ ადრეულები, XI-XII სს-ისა, იშვიათია. გიორგის ნამუშაკევს ადრევე დაუმსახურებია საყოველთაო აღიარება და საეკლესიო პრაქტიკაში მიღებულ ეულგატად ქცეულა. გიორგისეული ფსალმუნი შედის მრავალრიცხოვან საეკლესიო (ხელნაწერ თუ დასტამბულ) გამოცემებში. პირველი მეცნიერული გამოცემა (ძველ რედაქციებთან ერთად) 1960 დაიბეჭდა.

ფსალმუნი ქართულ წყაროებში ხშირად მოიხსენიება როგორც დავითნი ან დავითი („შუშანიკის წამებაში“, გიორგი მთაწმიდლის „ანდერიში“ და სხვ). ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ეს სახელი გულისხმობს დავითის ავტორობას, კარგად არის ცნობილი ძველ ქართულ სასულიერო მწერლობაში. საერთო რაოდენობა ფსალმუნებისა ძველ რედაქციებში არის 150 ან 151: პირველი რიცხვი უფრო ძველი ტრადიციის ამსახველია; გიორგი მთაწმიდლის ნარედაქტივებ ტექსტში ყოველთვის 151 არის. ფსალმუნთა სათვალავი უკლებლივ ყველგან ქართულში მისდევს ბერძნულს; ქართულ ფსალმუნში, როგორც ბერძნულში, ნაჩვენები არ არის ფსალმუნთა დაყოფა 5 წიგნად; მათი სათაურები „ზედწარწერილები“) ძველ ნუსხებში ერთმანეთისაგან განსხვავებულია, ხშირად გვხვდება ქრისტოლოგიური ინტერპრეტაციები, რომლებიც ებრაულ დედანში არ არის. ისინი, ჩვეულებრივ, ქრისტიანული ეგზეგეტიკური ლიტერატურიდან არის შემოტანილი. მუხლობრივი დაყოფა განსხვავებულია ძველ რედაქციებსა და გიორგისეულ ტექსტში. ძე. რედაქციებში 2900 მუხლია; გიორგისეული ტექსტის დამუხლვა თანხვდება ბერძნულ დამუხლვის გვიანდელ ტიპს, რომელიც ცნობილია „კონსტანტინოპოლური დაყოფის“ სახელით. მისი ერთ-ერთი პირველი ნიმუშია „უსპენსკის ფსალმუნის“ სახელით ცნობილი ბერძნული ხელნაწერი (862). გიორგისეულ ტექსტში, ისევე როგორც „უსპენსკის ფსალმუნში“, 4732 მუხლია. განსხვავება ძველ რედაქციებსა და გიორგისეულ ფსალმუნს შორის კანონებად დანაწილებაშიც ჩანს. კანონთა რაოდენობა ერთგვარია: ყველგან არის 20 კანონი, ანუ ერთ ჯერზე წასაკითხავი მონაკვეთი ფსალმუნის ტექსტისა; მაგრამ ფსალმუნთა განაწილება კანონებში განსხვავებულია: 20 კანონიდან ერთნაირია მხოლოდ 7. პირველ. დაყოფას ძველ წყაროები, ჩვეულებრივ, „ქართულს“ უწოდებენ, თუმცა წარმოშობით იგი ქართული არ ჩანს. კანონებად დაყოფის მიხედვით ქართული ფსალმუნის ყველა რედაქცია განსხვავდება სომხურისაგან. რომელშიც ძველთაგანვე ტექსტი დაყოფილია 8 კანონად. ქართლი ფსალმუნის ხელნაწერებს, ჩვეულებრივ, ერთვის „გალობები“ – ამონაკრები სხვადასხვა ბიბლიური წიგნიდან. ყველა ქართ. რედაქციაში წარმოდგენილია ე. წ. „ახალი რიგი”. რომელშიც 9 გალობა შედის. ძველი ტიპი გალობებისა, – 14 გალობა – ქართულ წყაროებში არ ჩანს.

არსებობს თანამედროვე ქართული თარგმანი ფსალმუნისა, შესრულებული იცხაკ მამისთვალოვის მიერ. იგივე თარგმანი უდევს საფუძვლად ფსალმუნის ტექსტს ახალ ქართულად და- ბეჭდილ ბიბლიაში (1989). იგი თარგმნილია ებრაული დედნიდან და მრავალ შინაარსობრივ სხვაობას აჩვენებს ძველ ქართულ თარგმანებთან შედარებით.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები