დიდგულა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიდგულა

დიდგულა – (Sambucus nigra L.);
ოჯახი: ცხრატყავასებრნი (Caprifoliaceae).
მეგრულად – თახვანტია, თახვანტიაშ ჯა, ხინთობალაში ჯა, ინჭირაია, ჩვაჩვაბე, ჩიჩვაბი, გეყრუაი, თვეფილა, თოფრა.

ბუჩქია ან პატარა ზომის ხე, სუსტად უსიამოვნო სუნით. დატოტვილი. მცენარის სიმაღლე 3-6 მ-ია. მცენარის ნორჩი ნაწილები ძირითადად შიშველია. ფოთოლი კენტფრთისებურია 3-7 ფოთოლაკით, ფოთოლაკები კვერცხისებურ-ლანცეტაა, ხერხკბილა. ყვავილედი ფარისებური საგველაა, გვირგვინი თეთრია ან მკრთალი ყვითელი ნაყოფი იისფერ-შავია. ყვ. VI-VII; ნაყ. VIII-X. მცენარე იზრდება დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე. მდინარეთა ნაპირებზე, ტყის პირას, კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. გავრცელებულია მთელ საქართველოში.

მცენარის თითქმის ყველა ნაწილი (ქერქი, ფოთლები, ფესვები, ყვავილები, ნაყოფები და თესლები) ფართოდაა გამოყენებული ხალხურ მედიცინაში სამკურნალოდ.

პრეისტორიული პერიოდიდან ადამიანები აგროვებენ მის ნაყოფებს. კურკა ნაპოვნი იქნა ნეოლიტის დროის სადგომების გათხრებისას. ანტიკურ საბერძნეთში სპეციალურად აშენებდნენ. ჰიპოკრატე და პლინიუსი იყენებდნენ გაციების დროს. მას მიიჩნევდნენ წმინდა, საღმრთო მცენარედ. არსებობდა ცრურწმენა, რომ ადამიანს ჩუქნის დღეგრძელობას.

ყვავილები შეიცავს გლიკოზიდებს, ეთერზეთებს, ვიტამინი C, ტანინებს, ორგანულ მჟავებს, შაქრებს. ნედლ ფოთლებში აღმოჩენილია კაროტინი და ვიტამინი C; ქერქში აღინიშნება ეთერზეთები, ფიტოსტერინები, ქოლინი. ნაყოფებში ნაპოვნია მთრიმლავი ნივთიერებები, კაროტინოიდები, ლორწო, კარბონული ნივთიერებები და ამინომჟავები.

გამოიყენება ოფიცინალურ და ხალხურ მედიცინაში. ყვავილები და ნაყოფები შედის ლაქტოგენური, შარდმდენი, ქრონიკული პანკრეატიტის, კუჭის ნაკრებების შემადგენლობაში. რეკომენდებულია როგორც ოფლმდენი, სიცხის დამწევი და ამოსახველებელი საშუალება. შაქრის დიაბეტის დროს, მათ შორის გართულებულ მდგომარეობაში სთავაზობენ ფესვების ნახარშს. წყლის ექსტრაქტი ხასიათდება ანტივირუსული აქტივობით. ნაყოფებს შესწევთ უნარი ორგანიზმიდან გამოდევნოს მძიმე მეტალები და რადიონუკლეიდები. ყვავილების ნაყენით მკურნალობენ დამწვრობებს, კანის ჩირქოვან დაავადებებს, ხოლო ნაყოფების ნახარშს უნიშნავენ კუჭის წყლულისა და ჰეპატიტის დროს.

ხალხურ მედიცინაში ნედლ ნაყოფებსა და ნახარშებს იყენებენ რევმატიზმისა და ნიკრისის ქარის სამკურნალოდ, აგრეთვე შარდმდენ და ჭიისმდენ საშუალებად. ყვავილების ჩაისა და ნაყენებს ურჩევენ მშრალი ხველების დროს, ასევე ყელში გამოსავლებლად ანგინისა და ტონზილიტისას. დიდგულას ნაყოფების სიროფს უნიშნავენ როგორც ხველების საწინააღმდეგო საშუალებას ფილტვების კიბოს შემთხვევაში.

ჰომეოპატები იყენებენ გულისა და ბრონქიალური ასთმის, კორონარული სისხლძარღვების სპაზმების შემთხვევაში.

მრავალრიცხოვანი მაგალითებია იმის აღმნიშვნელი, რომ დიდგულას ნაყოფებიდან დაყენებული ღვინო შველის კანის კიბოს, ხოლო დასრესილი ნაყოფები შაქართან ერთად 1:3 პროპორციით კუჭის კიბოს სამკურნალოდ შესანიშნავი საშუალებაა.

არ არის რეკომენდირებული მისი მიღება არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტის, უშაქრო დიაბეტის დროს; სიფრთხილით უნდა მოეკიდონ მის გამოყენებას ფეხმძიმობისას. გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ დიდგულას ღეროები შეიცავს ციანიდებს და ტოქსიკურია.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები