დრური ლეინი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამეფო თეატრი - დრური ლეინი

დრური ლეინი – (Theatre Royal, Drury Lane) სამეფო თეატრი ლონდონში, დაარსდა 1663 წელს. ის ერთ-ერთი ყველაზე ძველი თეატრია ბრიტანეთში. XVII-XIX საუკუნეებში ითვლებოდა ყველაზე მთავარ დრამატულ თეატრად. თეატრის პირველი შენობა აშენდა დრამატურგ თომას კილიგრიუს (Thomas Killigrew) ინიციატივით და მეფე კარლ II ნებართვით (გაიხსნა 1663 წლის 7 მაისს). გახსნის შესახებ ცნობები მოიპოვება სამოელ პიპსას და სხვა ავტორთა მემუარებში. განმანათლებლობის პერიოდში თეატრი იქცა ინგლისური თეატრისა და დრამატურგიის ცენტრად. ხის სათეატრო ნაგებობა იტევდა 700-მდე მაყურებელს. სპექტაკლები ყოველ საღამოს ანშლაგებით მიდიოდა. თეატრის გახსნიდან 90 წლის შემდეგ თეატრი დაიწვა. ახალი ქვის შენობის ავტორი სამეფო არქიტექტორი კრისტოფერ რენუ იყო. ახალი ნაგებობა 1674 წელს გაიხსნა, რომელიც 2000 მაყურებელს იტევდა.

თეატრის ოქროს ხანად მიჩნეულია XVIII საუკუნე (1710-1734წწ.), როცა თეატრს ხელმძღვანელობდნენ ამ პერიოდის გამოჩენილი დრამატურგი და მსახიობი კოლი სიბერი, კომიკოსი რობერტ უილკსი და სახასიათო მსახიობი ტომას დოგეტი. ამ ბრწყინვალე სამეულს ალექსანდრ პოულმა „დუნსიადე“ უწოდა. მათ უარი თქვეს ძვირადღირებულ და ლამაზ დეკორაციებზე, რადგან მაყურებელი მათ თეატრში დეკორაციების სანახავად არ დადიოდა.

მომდევნო პერიოდში თეატრს ჩარლზ ფლიტვუდი ხელმძღვანელობდა, რომელიც უფრო სუსტი მმართველი აღმოჩნდა, თეატრში იკლო მაყურებელმა, მიუხედავად იმისა, რომ ამ თეატრის სცენაზე ბრწყინავდა დევიდ გარიკი, განსაკუთრებით მეფე ლირის და რიჩარდ III-ის როლებში. პირველად ამ პერიოდში მსახიობმა ჩარლზ მაკლინმა ითამაშა შეილოკის როლი, როგორც ტრაგიკული და არა კომიკური პერსონისა.

1747 წელს თეატრის დირექტორი გახდა გამოჩენილი ინგლისელი მსახიობი დევიდ გარიკი. მან განახორციელა რამდენიმე რეფორმა ბრიტანულ თეატრში. ის აიძულებდა მსახიობებს, მეტი ესთეტიკურობა შეეტანათ სამსახიობო ხელოვნებაში. ძირითადად იდგემოდა პიესები შექსპირის რეპერტუარიდან, მაგრამ არა კუპიურებით და ინსცენირებებით, არამედ ორიგინალური ტექსტის მიხედვით. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში დრური ლეინი იქცა წამყვან და სამაგალითო თეატრად მთელ ევროპაში.

დევიდ გარიკმა თეატრში მოიყვანა საუკეთესო მსახიობები, შექმნა მუდმივმოქმედი დასი, ანსამბლურობა სპექტაკლებში, რეგულარულად ატარებდა რეპეტიციებს, დიდ ყურადღებას უთმობდა დადგმის პროცესს, მაყურებელს აუკრძალა სცენაზე ასვლა და დააწესა თეატრში მოქცევის წესები და ჩარჩოები. მისსავე პერიოდში დაიდგა მაიკლ არნას ოპერები.

1776 წელს მან თეატრი შერიდანს მიჰყიდა, რომელიც მას 12 წელი ხელმძღვანელობდა. შექსპირის პარალელურად, თეატრის რეპერტუარში წლების განმავლობაში იყო შერიდანის „ავსიტყვაობის სკოლა“, მაგრამ არც ერთხელ უარი არ უთქვამს შექსპირის პიესების დადგმებზე. შერიდანის ხელმძღვანელობის პერიოდში თეატრს მეორედ გაუჩნდა ხანძარი. 1794 წელს იმ ადგილას ახალი შენობა ააშენეს, რომელიც 15 წლის განმავლობაში შენდებოდა.

ლაშა ჩხარტიშვილი


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები